რეზონანსი
21.10.2026

რეალურად, ჩვენ ვნახეთ შუამდგომლობები, რომელთა მიზანიც არა სამართლებრივი პროცესის ხელშეწყობა, არამედ პროცესის გახანგრძლივებაა და მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობებია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელიც ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, ვინც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს წარადგენს.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოთხოვნას, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იქნას ცნობილი, არჩილ გორდულაძე აცხადებს: „ისინი კომისიას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმ ფაქტებს, რომელიც დასკვნაშია მოცემული“.

„რეალურად ხუთივე პარტიას პრობლემა საგამოძიებო კომისიასთან კი არ აქვს, ამ კომისიის შემადგენლობასთან კი არ აქვს, კომისიის დასკვნაში რაც წერია, იმასთან აქვს პრობლემა იმიტომ, რომ ამ ფაქტებს ვერ გაექცევა, ვერ გაექცევა საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ვერ გაექცევა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ისინი კომისიას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმ ფაქტებს, რომელიც დასკვნაშია მოცემული და რადგანაც ამ ფაქტებს ვერაფერს უპირისპირებენ, ფიქრობენ, რომ შეუტევენ კომისიას და თითქოს კომისიის დასკვნაა ერთადერთი მტკიცებულება. რეალურად, ჩვენს მიერ წარმოდგენილ სარჩელში როგორც ასეთი კომისიის დასკვნა კი არ არის აღებული, წარმოდგენილია ის ათობით, ასობით და ათასობით მტკიცებულება, რომელიც თან ახლავს კომისიის დასკვნას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაწამები ადამიანები არ არსებობენ და კომისიაზე შეტევით შეძლებენ, რომ საზოგადოება მოატყუონ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, ძალიან ცდებიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×