
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაქვეყნა, რითაც მოპასუხე მხარის „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ნიკა გვარამიამ დააყენა შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ვინაობა არ იცის და გასარკვევია.
მოსამართლე რევაზ ნადარაიას განცხებით, განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე 15 დღის ვადაში გამოქვეყნდება.
„შუამდგომლობით დაყენებულ მოთხოვნებში არ არის არც ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც შეკითხვის დასმა და გამოკვლევა არის შეუძლებელი შემდგომ ეტაპებზე და ამ ეტაპზე სასამართლო ვერ დარწმუნდა ამ მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობაში.
ამავდროულად, სასამართლოს აქვს პრაქტიკა, რომ თუ განხილვის ეტაპზე, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, სწორედ ინკვიზიციის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონ გამოითხოვოს მხარეებისგან ის შუამდგომლობები, რაც მას საჭიროდ მიაჩნია სწორედ ობიექტური, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოსატანად“, - განაცხადა მოსამართლემ.
მისივე თქმით, ასეთი პრაქტიკა არსებობს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევასაც მხარე ითხოვდა, არის ის, რასაც დასკვნა ეყრდნობა.
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამია მტკიცებულებების გამოთხოვას და მოწმეების დაბარებას ითხოვდა, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა, რომელი მოწმეების დაბარებაა სასამართლო სხდომაზე საჭირო. აღნიშნა, რომ ეს პირები დასადგენია.