
უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოსალოდნელი სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში საერთაშორისო დიპლომატიის მთავარ ინდიკატორად იქცა. მიუხედავად მხარეთა მზაობისა, კიევი პროცესს პრაგმატულად და ფრთხილი სკეპტიციზმით უყურებს.
დიპლომატიურ სივრცეში ახალი დაძაბულობისა და ამავდროულად, ფრთხილი მოლოდინის ფონზე, აქტუალურდება უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამმხრივი ფორმატით მოლაპარაკების განახლების პერსპექტივა.
„ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინასთან დიდ პროგრესს ვაღწევთ. შეხვედრა ძალიან მალე მოეწყობა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოემბრის დასაწყისში აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ტექნიკური ჯგუფების სამმხრივი შეხვედრის ჩატარების მზადყოფნა კიევმა და მოსკოვმა უკვე დაადასტურეს.
„როგორც ბრიუსელში შეხვედრის შემთხვევაში. რუსებმა ეს დაადასტურეს და ჩვენც დავადასტურეთ. ჩემი აზრით, დღეს ეს ჩვენზე ან რუსებზე დამოკიდებული აღარ არის. დღეს აბუ-დაბი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული, რადგან ყველამ თქვა, რომ შეხვედრის ამ ფორმატს დადებითად განიხილავს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კი ყურადღების ცენტრში ახლო აღმოსავლეთია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მხარეები მზაობას გამოთქვამენ კონტაქტების აღდგენაზე, თუმცა, თავად პროცესის მიმართ შეფასებები და მოლოდინები განსხვავებულია.
დიპლომატიური ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ამერიკელი და ევროპელი შუამავლების მონაწილეობით მუშავდება, რუსულმა მხარემ სამმხრივი კონტაქტების განახლების მზაობა დაადასტურა. კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, დაადასტურა რუსეთის თანხმობა, მონაწილეობა მიიღოს პროცესში.
თავის მხრივ, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მსგავსი ფორმატები ახალი დინამიკის შექმნას ემსახურება, თუმცა, მიდგომა ძალზე პრაგმატულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრის საბოლოო ორგანიზება და პრაქტიკული რეალიზება ვაშინგტონის პოზიციებზეა დამოკიდებული.
„ენერგეტიკა, მარცვლეული, ადამიანები - ეს კონკრეტული საკითხებია, ხოლო ლიდერების დონეზე შეხვედრა არის შესაძლებლობა, ჩვენი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ. სწორედ ამას ვითხოვთ და ვთავაზობთ. ამერიკულ მხარეს ამას კი არ მოვთხოვთ, არამედ ვთავაზობთ. მაშინ ეს სერიოზული ნაბიჯი იქნება. თუ ეს უბრალოდ პოლიტიკური ხრიკია და პუტინი მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ მზად არის, რომ ამერიკასთან ურთიერთობის ესკალაცია არ სურს არჩევნების წინ ნოემბერში, ძალიან სწრაფად გავიგებთ, ეს ხრიკი იყო თუ არა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მიუხედავად დიალოგის განახლებისა, ოფიციალური კიევი სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რამდენად ღრმა საკითხების განხილვა შეეძლება წარმოდგენილ დელეგაციას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას თქმით, მიუხედავად უსაფრთხოების თემებზე მსჯელობისა, დელეგაციის წევრთა რანგი შესაძლოა არ იყოს საკმარისი კომპლექსური საკითხების გადასაჭრელად.
„ყველა მოლაპარაკება ახალი იმპულსის შექმნას ისახავს მიზნად... სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, უსაფრთხოების საკითხებს დაეთმობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების ჯგუფები ადრეც რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ერთსა და იმავე საკითხებს ისევ და ისევ ვუბრუნდებოდით, რადგან, ჩემი აზრით, ეს ჯგუფი, მისი წევრების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, საკმარისად მაღალი თანამდებობის პირი არ არის ყველაზე მგრძნობიარე საკითხების განსახილველად" - განაცხადა სიბიჰამ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აბუ-დაბიში დაგეგმილი შესაძლო შეხვედრა უფრო მოსამზადებელ და საძიებო ხასიათს ატარებს, ვიდრე საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პლატფორმას. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ნებისმიერი კონტაქტის შედეგები მხოლოდ რეალურ შედეგებზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს და არა წინასწარ მოლოდინებზე აგებულ რიტორიკაზე.
მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო დამკვირვებლები ფრთხილი ოპტიმიზმით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას. იმის მიუხედავად, შეძლებენ თუ არა მხარეები ნოემბრის პირველ ნახევარში პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, სამმხრივი ფორმატიუკვე იქცა ძირითად დიპლომატიურ ინდიკატორად იმისა, თუ როგორი სახის კომუნიკაციაა შესაძლებელი მიმდინარე გეოპოლიტიკურ კრიზისში.
თამარ ოყუჯავა