
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა მეექვსე სხდომაზე გაგრძელდა - სასამართლოს წინაშე ამჯერად "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები წარდგნენ. პროცესი, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს, მხარეთა არგუმენტებისა და სამართლებრივი პოზიციების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლების - მაია კოპალეიშვილისა და თენგო თევზაძის - განმარტებებს უსმენდა, მოგვიანებით კი სიტყვით გიგა ლემონჯავაც გამოვიდა.
"ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი - როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე და ჩემი კოლეგები წარმოვადგენთ თურმე საფრთხეს ამ ქვეყნის მომავლისთვის?" - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას, მოსარჩელე მხარის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
მანამდე, არჩილ გორდულაძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ "არ გვაქვს უფლება ქვეყანა საფრთხის წინაშე დავტოვოთ".
მაია კოპალეიშვილის გამოსვლა
"ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო, ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის. მაინტერესებდა გულწრფელად, რას ნიშნავს თქვენი პოზიცია და თქვენი კომენტარები იყო სრულიად შეუფერებელი ჩემ მიმართ, რომ არ მაქვს სარჩელი წაკითხული", - ასე უპასუხა სარჩელის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ მაია კოპალეიშვილის შენიშვნას, რომლის თქმითაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ გოცირიძეს საკონსტიტუციო სარჩელი სათანადოდ არ აქვს შესწავლილი.
"თქვენი მოსაზრებით პარლამენტში შეჭრა, როგორც ასეთი სიტყვათა კავშირი, უნდა გულისხმობდეს პარლამენტში ისეთ შესვლას, რომელსაც თან ახლავს ძალადობის გამოყენება? ამას გულისხმობდით ?
"ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო. ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის. მაინტერესებდა გულწრფელად, რას ნიშნავს თქვენი პოზიცია და თქვენი კომენტარები იყო სრულიად შეუფერებელი ჩემ მიმართ, რომ არ მაქვს სარჩელი წაკითხული", - განაცხადა მოსამართლე ევა გოცირიძემ.
საპასუხოდ კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლის კითხვები სწორედ ამ მოცემულობას ადასტურებს, რომ ის სათანადოდ არ იცნობს სარჩელის შინაარს.
„კითხვებში ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დროს თქვენ მიგაჩნიათ, რომ ნაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს საკითხები შეფასდეს არა მოსარჩელეთა პოლიტიკური შეფასებების შესაბამისად, არამედ შეფასდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს სამართალში. ჩემი პოზიცია არის ის, რომ შეფასდეს შესაბამისი სტანდარტებით კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, რომელსაც სარჩელში ისინი წარმოადგენენ,"- განაცხადა კოპალეიშვილმა.
- მაია კოპალეიშვილი: "ბატონი გორდულაძე და ბატონი ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თსუ-ში. მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე"
მოსამართლე ევა გოცირიძე საკითხის იმგვარ ფორმულირებას, როგორც ეს კოპალეიშვილმა წარადგინა, არ დაეთანხმა: „არა მე არ მითქვამს [რომ ნაკლებ მნიშვნელოვანია] მე ვთქვი, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა როგორც სამართლებრივ ტერმინს მე არ ვიცნობ -მეთქი", - განაცხადა მოსამართლემ.
კამათში ჩაერთო მოპასუხე მხარის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნიკა გვარამია, რომელმაც განმარტა, რომ ეს ტერმინი სისხლის სამართლის შემადგენლობაა.
„სისხლის სამართლის შემადგენლობაა, რას ჰქვია არ იცნობთ. ტერმინია - ლათინური სიტყვა კი არ არის, ტერმინი მხოლოდ", - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ კამათი საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოიწვია მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვამ, „პარლამენტში შეჭრის მცდელობა" როგორც სამართლებრივი ტერმინი არსებობს თუ არა.
„ქალბატონო ევა, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ კონსტიტუციური
სარჩელი სათანადო მიმართულებით არ გაქვთ შესწავლილი. იცით, რატომ მრჩება ეს შთაბეჭდილება?! თქვენ, მაგალითად, ყურადღება არ მიაქციეთ ისეთ დეტალებს, რომელსაც მოსარჩელე ჩვენს საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად იყენებს",- უპასუხა მას მაია კოპალეიშვილმა.
მაია კოპალეიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების" სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი თითქმის მთლიანად არის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით შექმნილმა, ოპოზიციის გარეშე დაკომპლექტებულმა ორგანომ მიიღო და რომლის ავტორებიც თავად მოსარჩელეები არიან.
თენგო თევზაძის სიტყვა
თენგო თევზაძემ კი, პლენუმის წინაშე დაიფიცა, რომ "ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს".
მისივე თქმით, ის მის კოლეგებთან ერთად იცავს იმ ღირებულებებს, რაც საქართველოს მოქალაქეების 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველი მრავალპარტიული არჩევნებისას საარჩევნო ყუთებთან ჰქონდათ.
„1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მე ვარ ამაყი, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიცავ იმ ღირებულებებს, რა იდეითაც საარჩევნო ყუთთან მაშინ საქართველოს მოქალაქე მივიდა. მაშინ მთავარ მიზანს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენა და 1921 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობის აღდგენა წარმოადგენდა. ვემსახურები იმავე იდეას და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს. ალბათ, პლენუმის წევრებიც მეთანხმებით, რომ თქვენც იმავეს გააკეთებთ",- განაცხადა თენგო თევზაძემ.
თენგო თევზაძის ამ განცხადების საპასუხოდ, მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიმართა და სთხოვა „საქმეზე გადასულიყო".
„გასაგებია ამ დღის მნიშვნელობა, მაგრამ არანაირ „საბჭოთა რევანში" და ასეთი საუბრები არ გინდათ. საქმეზე გადადით",- აღნიშნა ნადარაიამ.
გიგა ლემონჯავას სიტყვა
გიგა ლემონჯავას შეფასებით კი, კონსტიტუცია არავის აკისრებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს და აღიარება სამართლებრივ შედეგს არ იწვევს. როგორც მან განმარტა, „რაც სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ქმედება ვერ იქნება".
სხდომაზე გიგა ლემონჯავას მიერ ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა - მოსამართლემ მას მოუწოდა, უშუალოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ისაუბროს
მოპასუხე მხარის წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ რეზოლუციას სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს, საზოგადოების ინფორმირება რეზოლუციასთან დაკავშირებით კი არა სასამართლოს სხდომაზე, არამედ სხვა დროს მოახდინონ.
„ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? საერთაშორისო კონტექსტი ვიცით, ეს რეზოლუციაც ყველამ ვიცით, ყველასთვის ცნობილია. რა შუაშია 8 ოქტომბრის რეზოლუცია ? გასაგებია, რომ ეს რეზოლუცია მიიღეს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. სხვაგან წააკითხეთ [საზოგადოებას], რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, სასამართლოს ელაპარაკებით თქვენ",- აღნიშნა მოსამართლე ნადარაიამ.
მის შენიშვნას, რომ სასამართლოს დარბაზში გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ სასამართლოს მიემართება და არა საზოგადოებას, პროტესტი გამოიწვია „კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლებში.
„ჯერ ერთი, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს არ ელაპარაკებიან. საჯაროობა არ გულისხმობს სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოსთან დიალოგს",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განმარტება გააკეთა, თუ რას ნიშნავს სასამართლო სხდომის საჯაროობა, ნიკა გვარამიას კი მიმართა, რომ ის წესრიგს არღვევს.
„ბატონო ნიკა, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს ელაპარაკებიან! ჩვეულებრივად მეკადრება, ბატონო ნიკა და უნდა იცოდეთ, რომ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს ელაპარაკებიან.
საჯაროობა ნიშნავს იმას, რომ სხდომას ყველამ მიადევნოს თვალყური და არა ის, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოთ ვინმემ. მაწყვეტინებთ და წესრიგს არღვევთ! თუ სასამართლოს უწევს იმის განმარტება, რა არის საჯარო სხდომა, განმარტავ, რა არის საჯარო სხდომა.
საჯარო სხდომა არის ის, რომ საზოგადოების ყველა ნაწილს მიეცეს საშუალება იმისა, რომ უყურონ, თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო ტრიბუნიდან ელაპარაკოთ ხალხს. სასამართლოს ტრიბუნაზე ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით და ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოსთვის, ვინაიდან აქ გადაწყვეტილების მიმღები არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო და არა საზოგადოება.
- მოსამართლე ნადარაია: "ილაპარაკეთ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით. რეზოლუცია რაც მიიღო, ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესები და არანაირ შემხებლობასთან არ არის კონკრეტულ სარჩელთან"
საზოგადოების ინფორმირება ხდება. ბატონ გიორგის მოვუწოდებ, რომ ილაპარაკეთ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით. რეზოლუცია რაც მიიღო, ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესები და არანაირ შემხებლობასთან არ არის კონკრეტულ სარჩელთან".- განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.
გიგა ლემონჯავამ შესაგებელ სიტყვაში, საერთაშორისო კონტექსტის თვალსაჩინოებისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურების მაგალითები და მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუცია წარადგინა.
„2026 წლის 8 ოქტომბერს, სარჩელის არსებითად განხილვამდე 5 დღით ადრე ევროპარლამენტმა უპრეცედენტო უმრავლესობით 445 ხმით მიიღო რეზოლუცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა, რომლითაც აკრძალვის სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვა მოითხოვა.
წარმოება ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის ელიმინაციად, აღმოფხვრად და პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის სტრატეგიის ნაწილად შეფასდა. რუსეთისა და ბელარუსის მოდელს შეადარეს და მიუთითეს რომ ის კრემლის მიზანს ემსახურება, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის გარეთ დარჩეს".- განაცხადა ლემონჯავამ.