„ჩვენი მევენახეების აბსოლუტურმა უმეტესობამ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო“ - ლევან მეხუზლა
ქეთო გოგოხია
28.10.2026

საქართველოში რთველი დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სეზონის მიღწევებით სექტორი კმაყოფილია.  მთავრობის სწორი და დროული მიდგომა სრულად გამართლდა – ყველა მევენახემ შეძლო საკუთარი მოსავლის უპრობლემოდ დაბინავება და რეალიზაცია. მთავარი სწორება ხარისხზეა, შესაბამისად,  ჩაბარებული ყურძნის უდიდესი ნაწილი დადგენილ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. 

პარალელურად სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ღვინის პოპულარიზაციისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიმართულებით. წლევანდელი რთველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქართული მეღვინეობა სწორი სტრატეგიითა და მუდმივი ზრუნვით მყარად იკავებს ადგილს მსოფლიო ეკონომიკურ და კულტურულ რუკაზე.

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის, ცნობადობის ასამაღლებლად ფართომასშტაბიანი კამპანიები ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოზიციების განმტკიცებას ტრადიციულ და ახალ სტრატეგიულ უცხოურ ბაზრებზე, ასევე ადგილობრივი პროდუქტის მაღალი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ტურიზმის განვითარებას. 

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს მიეცა მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა. 28 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავდა 322 ათასამდე ტონა ყურძენი, მოსავალი 21 ათასამდე მევენახემ დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან 314 ათასი ტონა  კახეთის რეგიონზე მოდის,  სადაც რთველი დასკვნით ეტაპზეა და მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე, დანარჩენი საშუალო და მაღალი ხარისხის ყურძენია.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას  შეფასებით, მიმდინარე სეზონზე მთელი ძალისხმევა მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებაა, რაც საბოლოოდ მიმართულია სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებასა და სექტორის სრულად გაჯანსაღებისკენ.

„გადამუშავებული ყურძნის დიდი ნაწილი საუკეთესო და ხარისხიანია. ჩვენი მევენახეების აბსოლუტურმა უმეტესობამ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა იმისთვის, რომ მევენახეების დიდმა ნაწილმა ნამდვილად იცის კარგი ყურძნის, ვენახის და ხარისხიანი ღვინის ფასი. ჩვენი მიზანია,  რომ ხარისხიანი ყურძნის წილი მოსავალში 100%-მდე გაიზარდოს და არც ერთი მტევანი ყურძენი ღვინის სამშობლოში არ იყოს მკვახე და უხარისხო“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, სადაც მეღვინეობის უძველესი ტრადიციები ადგილწარმოშობის უნიკალურ  ჯიშებს უკავშირდება. რეგიონში გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის - 3600 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი. 

 სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები პროცესს  უშუალოდ ადგილზე აკვირდებიან. ამ მიზნით  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და პარლამენტის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბს ეწვია და რაჭაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

„რაჭაში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად წარიმართა. კლიმატური პირობების გამო, წელს რაჭაში, კახეთის მსგავსად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლა გვიან დაიწყო. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არც ერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნას და მათ მოწეული ყურძნის რეალიზაციით შესაბამისი შემოსავალი მიიღონ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა გაიზარდოს რეგიონში წარმოებული ყურძნის შესყიდვის ინტერესი და მევენახეებმა მოსავლის დროულად დაბინავება შეძლონ. სწორედ რთველის ორგანიზებულად ჩატარებას ემსახურება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ამჟამად რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და ყურძნის დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭაში სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ღვინის მწარმოებელი ყველა კომპანია, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს შეიძენს, გადაამუშავებს და მევენახეს თითოეულ კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 4 ლარს შეადგენს.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების - „ხვანჭკარისა“ და „რაჭის“  ჯიშობრივი სიზუსტისა და ხარისხის დაცვის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები ჩასაბარებელი ყურძნის მონიტორინგს ახორციელებენ. ამასთან, რეგიონის შესასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა სხვა მუნიციპალიტეტებიდან ყურძნის შემოტანა და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებთან შერევა არ მოხდეს.

 იმისათვის, რომ საქართველოში დაწურული მოსავლიდან მიღებული უნიკალური ღვინოები მსოფლიომ გაიცნოს და მათი საერთაშორისო რეალიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის გლობალურ ცნობადობას. ამ მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, რთველის პარალელურად ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ხორციელდება – მათ შორის, რთველის პერიოდში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალების, სომელიეებისა და ჟურნალისტების ვიზიტები იმართება.

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და სხვა სტრატეგიული ბაზრების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართული ეს ტურები საშუალებას აძლევს საერთაშორისო ექსპერტებს, ადგილზე თვალყური ადევნონ ქართული მეღვინეობის სექტორის მიღწევებსა და ხარისხის კონტროლის მაღალ სტანდარტებს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ქართული ღვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მაღალკონკურენტული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანიის „Glodow Nead Communications“ ორგანიზებით, საქართველოში რეგულარულად ჩამოდიან წამყვანი მედიის წარმომადგენლები, სომელიეები და კომერციული სექტორის ბაიერები ლას-ვეგასიდან, მაიამიდან, ნიუ-იორკიდან და სან-ფრანცისკოდან. ამერიკელი სტუმრები (როგორებიც იყვნენ ალექს ფონდერნი, კარენ მაკნილი, შერლინ პიტერსი, სტეისი ბიუკენენი, პიტ ჰოლანდი და ლორა ბურგესი) ეცნობიან ქვევრის უძველეს ტექნოლოგიასა და კლასიკურ მეთოდებს. 2013 წლიდან დაწყებული აქტიური მარკეტინგული საქმიანობის შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც ზრდის მუდმივ დინამიკას აჩვენებს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს ეწვივნენ. მათ დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ.

„შესაძლებლობა მოგვეცა, გვემოგზაურა ქართლსა და კახეთში და გაგვეცნო ორი განსხვავებული ტერუარი. ღვინოები დავაგემოვნეთ როგორც ცალკე, ისე ტრადიციულ და თანამედროვე კერძებთან შეხამებით. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბაიერებისთვის, რომლებიც აშშ-ის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ლას-ვეგასიდან, მაიამიდან, ნიუ-იორკიდან და სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდნენ. ქართველმა მეღვინეებმა დეტალურად აგვიხსნეს როგორც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ისე მეღვინეობის ევროპული მეთოდები.  ბევრ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რომელსაც აშშ-ში გავაზიარებთ“, - აღნიშნა კომპანია „Glodow Nead Communications“-ის წარმომადგენელმა ლორა ბურგესმა.

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან აშშ-ში განხორციელებული მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობები ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.

ევროპის მიმართულებით, ევროპის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი – დიდი ბრიტანეთი – 2014 წლიდან ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ მიმართულებად იქცა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2015 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“. ბრიტანული მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელთა ვიზიტები, გამართული დეგუსტაციები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბაზარზე პოზიციების გამტკიცებას; შედეგად, მიმდინარე წლის 9 თვეში დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 310 ათასამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.

მზარდი დინამიკით გამოირჩევა გერმანიის ბაზარიც, სადაც 2021 წლიდან დაწყებული თანამშრომლობა მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations“ მოიცავს როგორც მედიისა და ინფლუენსერების ვიზიტებს ქართლსა და იმერეთში. გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები და ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, რის შედეგადაც მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გერმანიაში ექსპორტირებულია 1,14 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი მყარად იმკვიდრებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში და სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც პროდუქტი ფართოდ არის ხელმისაწვდომი როგორც ჰორეკა სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში. პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR“ ორგანიზებითა და სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში რეგულარულად ეწყობა სომელიეებისა და მედიის წარმომადგენელთა ტურები, ხოლო მიმდინარე წელს დაგეგმილი მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები, დეგუსტაციები და პროფესიონალთა ვიზიტები პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.

ამდენად, სახელისუფლებო უწყებების დროულმა და ზუსტმა ნაბიჯებმა სრულად გაამართლა. წლევანდელი რთველის წარმატებული შედეგები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მზარდი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით, ხარისხზე ორიენტირებული პოლიტიკითა და აქტიური მარკეტინგული კამპანიებით, საქართველო მეღვინეობის მსოფლიო  ბაზრებზე მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×