რეზონანსი
28.10.2026

სომხეთის პარლამენტმა ამერიკულ მხარესთან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მხარი დაუჭირა - „ტრამპის გზის" პროექტი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

პროექტმა, რომელიც რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად, პარლამენტში მწვავე დებატები გამოიწვია, თუმცა, საბოლოოდ, სომხეთის პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ოპოზიციურმა ფრაქციებმა („სომხეთი" და „ძლიერი სომხეთი") პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აღნიშნულ პროექტს კონცეფციის ფორმირების საწყის ეტაპზევე პოზიტიურად აფასებდა და მას რეგიონული ინტეგრაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, ასევე TRIPP პროექტი სამხრეთ კავკასიას აქცევს ძალიან მიმზიდველ ლოგისტიკურ ცენტრად", - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მიღებული შეთანხმების მეშვიდე პუნქტში ხაზგასმულია სომხეთის სუვერენული უფლებები.

„მხარეები ადასტურებენ, რომ სომხეთი ინარჩუნებს სრულ უფლებამოსილებას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე და რომ TRIPP-ის განხორციელების ზონებში, ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს, უპირატესი უფლებამოსილება სომხეთის ხელისუფლებას ენიჭება. მხარეთა განზრახვით, სომხეთს უნდა ჰქონდეს TRIPP-ის განხორციელების ზონებისთვის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გეგმების დამტკიცების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გეგმები ითვალისწინებს კერძო დაცვის პერსონალის დაქირავებას, ეს პერსონალი უნდა ექვემდებარებოდეს სომხეთის მიერ გაცემულ ლიცენზირებას." - აღნიშნულია დოკუმენტში.

TRIPP-ის პროექტის პრაქტიკული ფაზა 22 ოქტომბერს დაიწყო. სომხეთის მთავრობამ ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით სიუნიქის რეგიონში სპეციალური სამუშაო ჯგუფი გააგზავნა, რომელიც საგზაო, სარკინიგზო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოებისთვის ემზადება.

„ტრამპის გზა" - პროექტის ძირითადი ასპექტები და მოლოდინები

„ფაქტობრივად, ეს ორმხრივ ხელშეკრულებად განიხილება. ორი მხარეა - სომხეთი და შეერთებული შტატები. თუმცა, მის შინაარსში ჩანს მესამე მხარეც, კერძოდ, აზერბაიჯანი. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის ინტერესები ამ დოკუმენტში უფრო პირდაპირ არის ასახული, ვიდრე სომხეთის ინტერესები. რას იღებს ერთ-ერთი მხარე?

შეერთებული შტატები რეგიონში პირდაპირ წარმომადგენლობას იღებს. ის განთავსდება ირანის საზღვართან, მნიშვნელოვან სტრატეგიულ მონაკვეთზე. აზერბაიჯანი კი იღებს კავშირს ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის, რაც აზერბაიჯანისა და თურქეთის ოცნება და სტრატეგიული მიზანი იყო.

რას იღებს სომხეთი? როდესაც პოლიტიკური უმრავლესობა ცდილობს, ამ კითხვას პასუხი გასცეს, პირველი, რასაც ახსენებენ, „განბლოკვაა". თუმცა, რეალურად არცერთი კომუნიკაცია არ განბლოკილა და არცერთი საზღვარი არ გახსნილა. ესე იგი, პირველივე პასუხი უკვე მცდარია", - განაცხადა ოპოზიციური ალიანსს „ჰაიასტანის" ხელმძღვანელმა ანა გრიგორიანმა.

დასავლელი პარტნიორები და აშშ პროექტს მხარს უჭერენ, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისების ინსტრუმენტს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების არქიტექტურის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. „ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იმ კეთილდღეობის მომავლის რეალიზებისთვის, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აღებულ ისტორიულ ვალდებულებებშია გათვალისწინებული. შეერთებული შტატები და სომხეთი ახლა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან რეგიონში შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას, სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით". - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში.

თამარ ოყუჯავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×