არის თუ არა საფრთხის შემცველი საქართველოში აზარტული ტურნირების გამართვა?
თამარ ვეფხვაძე
28.10.2026

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ეკონომიკისტები ამ ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს ლუდომანიის წახალისება კი არა, ეკონომიკურად მომგებიანი გადაწყვეტილებაა. 

73 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი - ამ შედეგი დასრულდა კენჭისყრა პარლამენტში, რომლითაც საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, კანონმდებლებმა საბოლოო მოსმენით მიიღეს. ორდღიანი განხილვის პროცესში, კანონპროექტი დაკორექტირდა კიდეც. კერძოდ, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მასში მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, ნაცვლად 70%-სა, რაც პროექტის პირვანდელი ვარიანტით იყო განსაზღვრული.

გარდა ამისა, კანონის პროექტის პირვანდელი ვერსიიდან ამოიღეს მუხლი, რომლითაც არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება, მის დაჯარიმებას ითვალისწინებდა 150 000 ლარით. პროექტის თანახმად, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ის კლუბის მაგიდისთვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.

იმავდროულად, ორგანიზატორს უფლება ექნება საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალი მიიღოს. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვები იქნება, როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.

ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 20%-ით დაიბეგრება. ამასთან, არ დაიბეგრება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 ლარს აღემატება. ახალი ცვლილებით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმა 50 000 ლარია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) ზუსტად ისეთივე დაავადებაა, როგორიც ნარკომანია და ალკოჰოლდამოკიდებულებაა. საბოლოო ჯამში, სამივე მათგანი ისეთ დამოკიდებულებას იწვევს, რის გამოც ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულსაც სჩადის. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ლუდომანიაც ისე იზღუდება, როგორც ნარკომანია და თუნდაც ალკოჰოლდამოკიდებულება.

სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, „რეზონანსი“ დაინტერესდა, ცვლილებების ახალი პროექტით, ხელისუფლება ირიბად ხომ არ უწყობს ხელს ლუდომანიას? ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, საკითხი ასე არ დგას. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები აზარტულ თამაშებს არ ახალისებს, არამედ საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებას უწყობს ხელს, რომლის მონაწილეებიც, ძირითადად, უცხოელები უნდა იყვნენ. 

ეკონომისტი სოსო ბერეკაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მართალია, ეს არ არის სპორტული ტურნირი და ცალსახად გემბლინგია, თუმცა მას მაინც არ აქვს მკაცრი პოზიცია. 

„ერთი მხრივ, ეს ცვლილებები კარგია ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან კარგი იქნება, თუ უცხოელები ჩამოვლენ აქ და ფულს დახარჯავენ. მეორე მხრივ, ზოგადად, არ ვარ სახელმწიფოს მხრიდან ზრდასრული ადამიანებისთვის იმის მითითების მომხრე, ითამაშონ თუ არა კაზინოში, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ცვლილება მომგებიანი იქნება. ბევრი ხალხი ჩამოვა, რომელთა დიდი ნაწილი ფულს წააგებს, ხოლო მცირე ნაწილი მოიგებს კიდეც. 

თუმცა შემოსავლის მიღების მიღმა, მაინც ბევრი კითხვის ნიშანი რჩება, რადგან ერთია თამაში და მეორე - ლუდომანია, რაც ამ ხელისუფლების მხრიდან დეკლარირებული პრობლემაა, რომელსაც თითქოს ებრძვიან, მაგრამ ვხედავთ, რომ პირიქით ხდება - გაზრდილია ლუდომანთა რაოდენობაც და კაზინოების შემოსავალიც. კანონპროექტს რაც შეეხება, მაინც ამ პოზიციაზე ვრჩები - ეკონომიკურად, ალბათ, უფრო სასარგებლოა, ვიდრე საზიანო ჩვენთვის“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო ბერეკაშვილმა.  

ზუსტად იგივე პოზიციას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე. სხვათა შორის, ის, როგორც ექსპერტი, ამ კანონპროექტის განხილვაშიც აქტიურად მონაწილეობდა.

„დასაწყისშივე გეტყვით, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც მუდმივად საუბრობდა და დღემდე ვსაუბრობ, რომ აზარტული თამაშები მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, თითქოს, ვახალისებ ლუდომანიას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ კანონპროექტში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. მიზეზი მარტივია - აქცენტი, ძირითადად, უცხოელებსა და საერთაშორისო ტურნირებზე კეთდება. შესაბამისად, ეს არ იქნება ლუდომანიის წახალისება და დამატებითი ბიძგი ადამიანებისთვის, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში. 

როდესაც ამ თემასთან მქონდა შეხება, აზრი იყოფოდა ორი მიმართულებით: პირველი - ადგილობრივი მოსახლეობა და ის აზარტული თამაშები, რომელიც პირდაპირ უბიძგებს მოსახლეობას ჩართვისკენ, რაც პრობლემაა და მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და მეორე - აზარტული თამაშების გამოყენება, როგორც ტურისტული შესაძლებლობა სხვადასხვა ტურისტების მოსაზიდად, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებიდან. ამ მხრივ, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და რეალურად შეგვიძლია, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ, ვისაც თამაში სურს, გამომდინარე იქიდან, რომ მეზობელ ქვეყნებში, ფაქტობრივად, აკრძალულია მსგავსი თამაშები. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა არ უნდა დავკარგოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია კაზინოებში დასაქმებული, საკმაოდ მაღალ შემოსავალს უტოვებს აზარტული თამაშები ბიუჯეტს და ტურისტულადაც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ კაპანაძემ. 

გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილებების პროექტი მიმართულია საერთაშორისო ტურნირებისა და უცხოელი მოთამაშეებისკენ, ის არ ფიქრობს, რომ ეს ლუდომანიის წახალისებაა. პირიქით, კაპანაძის მოსაზრებით, ეს არის ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა. 

„საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჩამოვლენ უცხოელები, კაზინოში წააგებენ თანხას და წავლენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი რამდენიმე დღე რჩებიან ხოლმე, ძალიან მაღალშემოსავლიანი ადამიანები არიან და თანხას ხარჯავენ, როგორც სასტუმრო ინდუსტრიაში, ასევე ჰორეკასა და თანმდევ ბიზნესში. შესაბამისად, ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს, კარგად უნდა გამოვიყენოთ, რათა არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ.  

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ირწმუნება, რომ განხორციელდება მკაცრი მონიტორინგი, რომ დაცული იყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, რომ თამაშს საერთაშორისო ტურნირის სტატუსი თუ აქვს, ამ შემთხვევაში, აუცილებელი პირობაა, მონაწილეთა 80% იყოს უცხოელი, მხოლოდ 20% იქნება საქართველოს მოქალაქე. 20%-ის შემთხვევაში, ყველა ის შეზღუდვა იმოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით მოქმედებს, მათ შორის, ადამიანი თუ შავ სიაშია, ის თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე, საჯარო მოხელეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ახალი ცვლილებებით, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ, რაც 20%-ის განსაზღვრაში გამოიხატა.

მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება, რომ დაცული იყოს ის წინაპირობები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. კლასიკური გაგებით, ეს არ არის აზარტული თამაშები და კაზინო. ეს არის სპორტული ტურნირი, რომელიც ტარდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ბარსელონაში, პარიზსა და მილანში. პარიზში კაზინო და აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალულია, მაგრამ მსგავსი თამაში ჩატარდა. კარგი იქნება, თუ მსგავსი თამაში ჩატარდება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×