
„ქართული ოცნების" ოპონენტები მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლების მიზანი სარჩელში მოხსენიებული ოპოზიციური პარტიების კიდევ უფრო მარგინალიზება იყო, ამჯერადაც „საკუთარ ფეხში გაისროლა" და, პირიქით, მათი პოლიტიკური აქტუალობა გაზარდა. რამდენად გააცოცხლა ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნამ მათი რეიტინგი, გააძლიერა თუ არა მათი პოლიტიკური პოზიციები და იქცა თუ არა ხელისუფლების ნაბიჯი ბუმერანგად?
პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს" თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, „ქართული ოცნების" სარჩელმა ოპოზიციურ პარტიებს დამატებითი პოლიტიკური პლატფორმა მისცა და მათი იმიჯის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. მისი შეფასებით, ხელისუფლება, რომელიც სარჩელში მოხსენიებულ პარტიებს რადიკალიზმში ადანაშაულებს, თავად უწყობს ხელს პოლიტიკური პროცესის გამწვავებას და ოპოზიციური ველის გამოცოცხლებას.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა შესაძლოა, სარჩელში მოხსენიებული ოპოზიციური პარტიების რეიტინგი დროებით გაზარდოს, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა ხანგრძლივი იქნება. ფიქრობს, რომ სასამართლო დავის დასრულების შემდეგ პარტიების რეიტინგი, დიდი ალბათობით, ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, თუ პროცესს სხვა პოლიტიკური გაგრძელება არ მოჰყვა. მიიჩნევს, რომ სასამართლოს გარშემო გააქტიურებული საპროტესტო აქციებიც მიმდინარე პროცესის თანმდევი მოვლენაა.
- ვახტანგ ძაბირაძე: „რეიტინგი თუ გაცოცხლდა... მე რაღაც ამას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ გაცოცხლდა,როგორც კი პროცესი დასრულდება, რა თქმა უნდა, სწრაფადვე ისევ დაიკლებს და იმ ნორმას დაუბრუნდება, რომელიც მანამდე იყო"
„რეიტინგი თუ გაცოცხლდა... მე რაღაც ამას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ გაცოცხლდა, როგორც კი პროცესი დასრულდება, რა თქმა უნდა, სწრაფადვე ისევ დაიკლებს და იმ ნორმას დაუბრუნდება, რომელიც მანამდე იყო. ეს ის რეიტინგი არაა, რომელიც რაღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა, ან პარტიამ ხანგრძლივად შეიძლება შეინარჩუნოს.
„ახლა ინტერესია, რა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. ცხადია, რომ გარკვეულწილად რეიტინგები შეიცვლება და შეიცვლება უფრო მატებისკენ, მაგრამ ეს არ არის ის რეიტინგი, რომელიც ამ პარტიებს ბოლომდე გაჰყვებათ და პროცესის დასრულების შემდეგ მას რეიტინგს შეინარჩუნებენ - არა მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს.
ხალხის გამოსვლებიც იგივე პრპოცესის თანმდევი მოვლენაა. რადგან სასამართლო აქტუალური გახდა, ბუნებრივია გამოსვლები დაიწყო, მაგრამ პროცესი რომ დასრულდება, ეს ხალხი ქუჩაში ისევ გამოვა?
„პროცესის დასრულების შემდეგ ყველაფერი ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. თუ რა თქმა უნდა, სხვა გაგრძელებები არ იქნება",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ოპოზიციური პარტიების რეიტინგის გამოცოცხლების შესახებ სოციოლოგიური კვლევები არ ამყარებს და, შესაბამისად, ეს შეფასება მხოლოდ მის პირად მოსაზრებად შეიძლება ჩაითვალოს. ანჯაფარიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შემდეგ პარტიების რეიტინგის ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ ახალი კვლევის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. იგი საპროტესტო აქციებს პარტიების მხარდაჭერის ობიექტურ საზომად არ მიიჩნევს.
„პირველი კითხვა ვახტანგ ყიფიანის მიმართ: საიდან გაზომა მან ამ პარტიების რეიტინგი და რის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მათი რეიტინგი გაიზარდა? მოიყვანოს მაშინ რაიმე სოციოლოგიური კვლევა, რომელიც მის სიტყვებს დაადასტურებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ მისი პირადი განცდა და მეტი არაფერი. ის საკუთარ თავს პოლიტიკოსთან ერთად ექსპერტადაც წარმოაჩენს და ასეთი როყიო განცხადებები, მე მგონი, მის ექსპერტულ რეპუტაციას მაინცდამაინც არ წაადგება.
„ყიფიანისგან განსხვავებით, როდესაც პარტიების რეიტინგზე ვსაუბრობ, ვეყრდნობი კონკრეტულ გამოკითხვებს. კონკრეტული „აირაის" გამოკითხვები ამას წინათ გამოქვეყნდა, იქ ყველამ ნახა, რა დონეზე იყო ოპოზიციური პარტიების რეიტინგი და ახლა, ამ სასამართლოს მერე, მოიმატა თუ დაიკლო, ამას კვლევა სჭირდება.
- ზაალ ანჯაფარიძე: „პირველი კითხვა ვახტანგ ყიფიანის მიმართ: საიდან გაზომა მან ამ პარტიების რეიტინგი და რის საფუძველზე ამტკიცებს, რომ ეს რეიტინგი გააცოცხლდა? მოიყვანოს მაშინ რაიმე სოციოლოგიური კვლევები"
„ხალხის გამოსვლებს ობიექტურად დამადასტურებლად ვერ მივიჩნევ, მაგრამ ირიბი ნიშანი არის იმისა, რომ უბრალოდ ხალხი მაინცდამაინც მოტივირებული არ არის იმისთვის, რომ ამ სასამართლო პროცესის გამო გარეთ გამოვიდეს. ვხედავთ, რომ ძირითადად მათი პარტიული აქტივით შემოიფარგლნენ, მეტი არაფერი, ისიც - მცირე რაოდენობით", - აღნიშნავს ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
რას აცხადებს ყიფიანი
ხელისუფლებას თუ სურდა სარჩელში მითითებული პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი, - აცხადებსი პარტია „ჯერ საქართველოს" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი „პალიტრანიუსთან" . მისი განცხადებით, ხშირად გვესმის „ქართული ოცნების" მხრიდან შეფასება სარჩელში მითითებული ოპოზიციური პარტიების რადიკალურ ბუნებასა და ხასიათზე, „თუმცა ეს ნაბიჯი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან პროცესის გარადიკალურებაა".
„ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის განგრძობადი მოქმედებების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, რომლის ამოცანაა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დასრულება. ხელისუფლების მხრიდან ამ მიდგომის მოწმე სხვადასხვა ფორმით გავხდით, გამორჩეულად 2020 წლიდან, როდესაც მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, დაწყებული აზრის გამოხატვით, პარტიათა ფუნქციონირებით, მათი დაფინანსებით და ა.შ. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ პოლიტიკა ქვეყანაში დასრულდეს. სამართალწარმოება, რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის მრავალწლიანი მცდელობების გაგრძელება და სხვა არაფერი.
ჩვენ ხშირად გვესმის „ქართული ოცნების" მხრიდან შეფასება სარჩელში მითითებული ოპოზიციური პარტიების რადიკალურ ბუნებასა და ხასიათზე, თუმცა ეს ნაბიჯი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან პროცესის გარადიკალურებაა, ნებსით თუ უნებლიეთ. პროტესტი არსად არ წავა, ვერსად ვერ გაქრება და თუ უკმაყოფილებამ არ პოვა გამოხატვის ცივილური ფორმები, ის აუცილებლად მოძებნის გამოვლინების სხვა ფორმებს. ამ მიდგომით „ქართული ოცნება" იმაზე უფრო რადიკალურია, ვიდრე ის პარტიები, ვის რადიკალურობასაც ცდილობს, რომ დაასაბუთოს ამ სარჩელის მეშვეობით.
ეს მიდგომა არის არასახელმწიფოებრივი. მე მესმის ისიც, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა იმ პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, რომლებიც სარჩელშია მითითებული, მაგრამ ხელისუფლებას თუ სურდა, რომ ამ პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება მოეხდინა, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი, უფრო პოპულარული გახადა მათი იმიჯი. გააცოცხლა ოპოზიციური პოლიტიკური ველი ამ პარტიების სახით, მათ მიანიჭა პოლიტიკური პლატფორმა და პოლიტიკური რეგენერირების საშუალება", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.