
გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო საუკეთესო 24 ქვეყანას შორის დასახელდა. პარალელურად კი, „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება, სოციოლოგებისა და ეკონომისტების განცხადებით, რეალურად, ასეც უნდა იყოს, რადგან სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს.
გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი პრობლემა შეფასდა 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა. გარდა ამისა, ევროკომისიამ, მსოფლიოს მასშტაბით, იმ 98 ქვეყნის სიაც გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემურ ქვეყნებს შორის, ევროპიდან მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა - უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო 24 ქვეყნას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა. ეს ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი პრობლემა, საქართველოში მოწინავე დონეზე და დადებითად არის გადაწყვეტილი. კვლევის თანახმად, 100%-იანი სისტემით, საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია, რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.
პარალელურად, ვრცელდება „საქსტატის“ მონაცემებიც, რომლითაც, საქართველოში თითქმის ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219 054 ბავშვი იღებს (0-დან 18 წლის).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში ამ ასაკობრივი ჯგუფის 970 609 პირია რეგისტრირებული. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ბავშვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე) თბილისში ფიქსირდება (52 694 ბავშვი); მეორე ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი - 39 923 ბავშვით, ხოლო მესამეზეა იმერეთი - 25 356 ბავშვით.
თუ გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორისაა, მაშინ, ქვეყნის მასშტაბით, ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა როგორ აღმოჩნდა? სოციოლოგი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრება და შიმშილის ზღვარზე ყოფნა ერთმანეთს სულაც არ ეწინააღმდეგება.
„შესაძლოა, ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იყოს, მაგრამ შიმშილით არ იტანჯებოდეს. სიღარიბის ზღვარს მიღმა ნიშნავს იმას, რომ მას ცხოვრების უზრუნველყოფისთვის არ აქვს იმ რაოდენობის სახსრები, რაც გათვალისწინებულია სასურსათო თუ სამომხმარებლო კალათის მიხედვით. თუ სამომხმარებლო კალათით, ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია გარკვეული რაოდენობის თანხა, ამაზე ნაკლები ნიშნავს იმას, რომ თავს ვერ იკმაყოფილებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.
საერთაშორისო კვლევას დავეთანხმები იმაში, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თუნდაც ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სოფელთან კავშირი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გაძვირებულ პროდუქციას ყოველთვის ვერ ყიდულობენ, მაგრამ რეალურად, სოფელთან კავშირის გამო, საკვებ პროდუქტებს იქიდან იღებენ. მთავარია, რამდენად სრულფასოვნად იკვებება ადამიანი.
ვერ ვიტყვით იმას, რომ რადგან სტატისტიკის მიხედვით, ადამიანთა გარკვეული რაოდენობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ისინი შიმშილობენ. რეალურად, საქართველოში არასდროს ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ ბავშვები შიმშილობდნენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა აროშიძემ.
თითქმის იგივე პოზიციაზეა აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. ისიც მიუთითებს, რომ ორ განსხვავებულ მაჩვენებელზეა საუბარი და სიღარიბე და შიმშილი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია.
„გლობალური შიმშილის ინდექსში ნახსენებია ტერმინი - უკიდურესი სიღარიბე, „საქსტატის“ მონაცემებით კი საუბარია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობაზე. აქ სხვადასხვა მონაცემებზეა საუბარი. რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, ბოლო წლებში, შედარებით გაუმჯობესდა მაჩვენებლები, რაც აისახა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოკითხვებში.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის რაოდენობა პროცენტულად მნიშვნელოვნად შემცირდა - ბოლო მონაცემებით, 7.1%-ია; 2007 წელს - 38.8% იყო, 2011 წელს - 37.3%, ხოლო 2020 წელს - 21.3%. როგორც ხედავთ, პანდემიის შემდეგ თითქმის სამჯერ შემცირდა და 7%-ის ფარგლებშია. ხაზს ვუსვამ, ეს არის უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი. ფარდობითი სიღარიბე კი 17.3%-ია.
ფაქტობრივად, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, მინიმუმ, სამჯერ შემცირდა. ეს არის ფაქტი, რომელსაც „საქსტატის“ მონაცემებიც აჩვენებს. შიმშილს რაც შეეხება, საქართველოში ახლა ვითარება ძალიან გაუმჯობესებულია და შიმშილობის პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად აღარ დგას.“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ავთო სილაგაძემ.