თამთა ჩაჩანიძე
30.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მერვე სხდომაც ურთიერთბრალდებების, მწვავე პოლიტიკური შეფასებებისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მხარეებმა ერთმანეთის მისამართით არაერთი მძიმე განცხადება გააკეთეს, სასამართლო დარბაზში კამათის შეჩერება მოსამართლეებს რამდენჯერმე მოუხდათ, განხილვის მთავარ თემებად კი სუს-ის საქმიანობა, 20 ივნისის მოვლენები, ექსპემიერ გახარიას პასუხისმგებლობა და 2007 წლის 7 ნოემბერი იქცა.

მერვე სხდომაც წინამორბედების მსგავსად ახსნა-განმარტებების მოსმენის ნაწილია. საქმე ეხება მმართველი პარტიის მხრდან ნაციონალური მოძრაობის, „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერ საქართველოს", „ფედერალისტებისა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" აკრძალვის მოთხოვნას.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ თქვა, მომდევნო კვირაში მხარეები შეისვენებენ, ხოლო პროცესი 9 ნოემბრიდან ახალი ეტაპით - კითხვა-პასუხის ფორმატით განახლდება.

სიორიძის განცხადება და კამათი სუს-ის ჩანაწერებზე

მერვე სხდომის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი გიორგი სიორიძის გამოსვლისას განვითარდა. „ლელოს" წარმომადგენელმა სუს-ის ფარული ჩანაწერები ახსენა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვებთან ერთად, სასულიერო პირებსაც უსმენდა.

მან სხდომაზე სუს-ის ანგარიშიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკასთან და რუსეთის საფრთხეებთან დაკავშირებული ამონარიდები წაიკითხა. აღნიშნა, რომ სუს-ი სწორედ ამ საკითხებით უნდა იყოს დაკავებული, „ნაცვლად სასულიერო პირების, „ქართული ოცნების", ოპონენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე პირების პირადი ცხოვრების უკანონოდ თვალთვალისა".

  • გორდულაძე: „ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში, თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის ტყუილი"

ამ განცხადებამ არჩილ გორდულაძის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სიორიძეს სიტყვა გააწყვეტინა.

„ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში, თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის ტყუილი."

სხდომის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია იძულებული გახდა, ჩარეულიყო. გორდულაძეს მოუწოდა, თავი შეეკავებინა სიორიძის ემოციურობაზე მითითებისგან და სიორიძესაც ურჩია, ბრალდებების შეფასებისას კორექტულობა დაეცვა.

სიორიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ მოყვანილი ინფორმაცია საჯაროდ გავრცელებულ ცნობებს ეფუძნებოდა და სასულიერო პირებიც საუბრობდნენ მოსმენაზე. გორდულაძეს კი უპასუხა, რომ მის რწმენასა და ეკლესიურობაში ჩარევის უფლება არავის ჰქონდა.

  • სიორიძე: „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?"

სიორიძემ თავის გამოსვლაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდა, არ დააკმაყოფილოს „ქართული ოცნების" სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს. მისი შეფასებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, ხოლო მმართველი გუნდის მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა და დემოკრატიული პროცესის დასრულებაა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში „ქართული ოცნება" ერთპიროვნულად დარჩება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. მან სასამართლოს ცნობილი კითხვა დაუტოვა: „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?"

სხდომაზე 20 ივნისი და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი

მერვე სხდომაზე დაპირისპირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები და გიორგი გახარიას მიმართ არსებული ბრალდებები იყო.

„გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას დაეყრდნო და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების 171-ე პუნქტის მიხედვით, გახარიასა და მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუციათ.

თქვა, რომ გახარიას ედავებიან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.

მან ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და აღნიშნა, რომ ის 120 ტომისგან შედგება, ხოლო სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ შედგენილი დოკუმენტები მხოლოდ 40-მდე ფურცელს მოიცავს. მისი თქმით, გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

გორდულაძემ სიჭინავას პასუხად განაცხადა, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას შერჩევით ციტირებდა და ავიწყდებოდა დოკუმენტის ის ნაწილი, რომელშიც სახელმწიფოს დანაშაულის გამოძიების ვალდებულებაზეა საუბარი.

„ამიტომ მე თუ მომმართავთ, მიიღებთ პასუხს და ძალიან გთხოვთ, სასამართლოს მიმართეთ, თან ტყუილებს ლაპარაკობთ ბევრს", - მიმართა გორდულაძემ სიჭინავას.

„ბატონო არჩილ, თქვენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, ახლა Მითხარით ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჩრებით სიტყვაში?" - სიჭინავას ამ რეპლიკას მხარეებს შორის უკვე პირადი ხასიათის კამათი მოჰყვა.

„ზრდილობას მოუხმეთ, ბატონო ბერდია, თავი დაიმშვიდეთ, თავი დაიწყნარეთ და კეთილი ინებეთ, სასამართლოს ელაპარაკეთ", - უპასუხა გორდულაძემ.

სიჭინავამ კი მას მიმართა: „დაიმშვიდეთ ნერვები, ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან, პარლამენტში და ეკლესიაში".

კამათში კვლავ ჩაერთო რევაზ ნადარაია, რომელმაც ორივე მხარეს კორექტულობისკენ მოუწოდა. მან განმარტა, რომ გორდულაძეს, როგორც მხარეს, საკუთარი პროტესტის გამოხატვის უფლება ჰქონდა, თუმცა ადგილიდან საუბარი დაუშვებელი იყო.

სიჭინავამ მოსამართლეს უთხრა, რომ გორდულაძემ მას შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა და იკითხა, რატომ არ მიიღო მან შესაბამისი შენიშვნა. ნადარაიამ უპასუხა, რომ თუ ეს მომენტი გამორჩა, გორდულაძესაც მოუწოდებდა კორექტულობისკენ. გორდულაძემ კი განაცხადა, რომ შენიშვნას იღებდა.

სიჭინავამ საბოლოოდ აღნიშნა, რომ სასამართლო დარბაზებში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო პროცესზე.

ლევან სამუშიას გამოსვლა და გორდულაძის პასუხი

ლევან სამუშიას გამოსვლას არჩილ გორდულაძის მწვავე შეფასება მოჰყვა. „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ოპოზიციონერის განცხადებები პოლიტიკურ გამოსვლად შეაფასა და მიუთითა, რომ სასამართლო პოლიტიკური დებატების ადგილი არ იყო. მისი თქმით, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებისგან სასამართლო სამართლებრივ არგუმენტებს ელოდა და არა პოლიტიკურ შეფასებებს.

გორდულაძის შეფასებით, სამუშიას გამოსვლა ვერ პასუხობდა საქმის სამართლებრივ არსს და მმართველი გუნდის სარჩელის საწინააღმდეგოდ სათანადო არგუმენტებს ვერ წარმოადგენდა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სასამართლო სწორედ იმ საკითხებზე უნდა კონცენტრირებულიყო, რომელთა საფუძველზეც პარტიების კონსტიტუციურობის საკითხი განიხილებოდა.

„სრულად პოლიტიკური გამოსვლაა - ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში",- განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძეს რეპლიკით უპასუხა თავად ლევან სამუშიამ: „სიმართლის მოსმენა ძალიან მწარეა, მე მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ვსაუბრობ".

ლევან სამუშიამ თავის გამოსვლაში „ქართული ოცნების" ბრალდება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დაუგმობლობის შესახებ აბსურდულად შეაფასა. მისი თქმით, თავად აპროტესტებდა „იმედში" შეჭრას და იმ პერიოდში ტელეკომპანიის ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარებასაც უწევდა. სამუშიამ დასძინა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად ხუთიანის შემოხაზვისკენ მოუწოდებდა. მან მოსარჩელე მხარეს ჰკითხა, ვინ ამართლებდა მაშინ „იმედში" განვითარებულ მოვლენებს და რატომ ედავებიან დღეს „ლელოს" იმ ქმედებების დაუგმობლობას, რომლებსაც თავად აპროტესტებდა.

„არამარტო ვაპროტესტებდი, არამედ სამართლებრივ დახმარებას ვუწევდი ხალხს, ვინც, მაშინ „იმედის" ჟურნალისტები იყვნენ და მე, დღეს, მეუბნებიან, არ დაგმეო. მე მეუბნებიან, რა პარტიას ეუბნებიან, ეუბნებიან ბადრი ჯაფარიძეს და ყველას და მითხარით, რომელი იყო მაშინ, იქით მხარეს? რომელმა არ დაგმო ან რომელმა გაამართლა იქ ქმედებები?", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×