რეზონანსი
30.10.2026

პენტაგონის მოწოდებამ ევროპელებისადმი, შეარბილონ რიტორიკა რუსეთთან, დასავლურ ალიანსში აზრთა სხვადასხვაობა გააღრმავა. რა დგას ვაშინგტონის ამ სვლის უკან, რატომ უკავშირდება ეს ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელ ესკალაციას და ემუქრება თუ არა მსოფლიოს „იალტა-2"?

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ვაშინგტონის სიფრთხილე პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელ ესკალაციას და ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სადაც შუალედური არჩევნების შემდეგ შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს. ამასთან, შეიძლება აქ კავშირში იყოს „ავადსახსენებელი" სამიტი ჩინეთში, ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის მონაწილეობით, რომელიც ბევრმა დასავლელმა მიმომხილველმა უკვე მონათლა „იალტა-2"-ად.

„ჩემი შეფასებით, შეერთებულ შტატებს სურს კრემლთან მიმართებაში დაიკავოს გარკვეული ფრთხილი პოზიცია, რომ კიდევ უფრო არ გამწვავდეს სიტუაცია მოსკოვის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში... ირანის ფაქტორისა და უკრაინის გამო ვაშინგტონს სურს, რომ ევროპელი მოკავშირეები მოსკოვთან მიმართებაში შედარებით რბილი იყვნენ. აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ის მოცემულობა, რასაც ვერცერთი ევროპელი ლიდერი ვერ გაექცევა. ცხადია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ლოკომოტივი არის ამერიკა, ის კარნახობს პირობებს, ის კარნახობს კურსსა და სტრატეგიას," - უთხრა აბაშიძემ „რეზონანსს".

დასავლურ ალიანსში რიტორიკულ და სტრატეგიულ მიდგომებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ნრიტანული სააგენტო „როიტერზის" ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონმა) დახურულ შეხვედრებზე ევროპელ მოკავშირეებს, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მოუწოდა, შეარბილონ რიტორიკა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეს იმით დაასაბუთეს, რომ ევროპელი ლიდერებისა და თანამდებობის პირების ზოგიერთი განცხადება კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ რეალურ დახმარებას გიწევთ, ამერიკელები თქვენ გვერდით ვართ. უბრალოდ ნუ იყვირებთ, ნუ ხმაურობთ და ნუ გააკეთებთ ისეთ განცხადებებს, რაც მოსკოვის პროვოცირებას მოახდენს," - ასე აღწერა პენტაგონის გზავნილი ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა დიპლომატმა.

პენტაგონის ცნობების პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა საჯარო გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ევროპის აგრესიული რიტორიკა კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს.

„რუსეთი მზადაა ევროპასთან ომისთვის, მაგრამ ომი არ სურს," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, ვაშინგტონის ეს პოზიცია ევროპელი ლიდერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა შექმნილი ვითარების გასაგებად პროცესების ერთიანი ჯაჭვის დანახვაა საჭირო.

  • გია აბაშიძე: „არ დაგვავიწყდეს ავადსახსენებელი სამიტი, რომელსაც დასავლურ მედიაში „იალტა-2" უწოდეს, სადაც, სავარაუდოდ, პუტინი, სი ძინპინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან და გლობალურად გავლენების ახალი გადანაწილება მოხდება"

 

„ასეთი განცხადება პენტაგონიდან ბევრ ევროპელ სამხედრო თუ პოლიტიკურ ლიდერს გაუკვირდა. აღინიშნა ისიც, რომ ისინი ინარჩუნებენ შედარებით ზომიერ რიტორიკას და უბრალოდ გამოხატავენ პროგნოზებს, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია გარკვეული ჰიბრიდული ფორმატის თავდასხმა ევროპაზე. თუმცა აქ მოვლენების სხვადასხვა დოგმაც უნდა განვიხილოთ."

ექსპერტის თქმით, ეს პროცესები ემთხვევა ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებულ სტრატეგიასაც, რომლის მიხედვითაც ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვის ხარჯებზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს, სანამ აშშ დასავლეთ ნახევარსფეროში საკუთარი ინტერესების განმტკიცებაზე ფოკუსირდება.

ამასთან, აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს დასავლურ მედიაში გავრცელებულ „იალტა-2"-ის სცენარზე, სადაც გლობალური გავლენების გადანაწილება ევროპული ქვეყნების გვერდის ავლით იგეგმება.

„არ დაგვავიწყდეს ავადსახსენებელი სამიტი, რომელსაც დასავლურ მედიაში „იალტა-2" უწოდეს, სადაც, სავარაუდოდ, პუტინი, სი ძინპინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან და გლობალურად გავლენების ახალი გადანაწილება მოხდება. აი, სწორედ აქ არის მთელი კონცენტრაცია ამ ყველაფრის. რასაკვირველია, ევროპა ამას ხედავს, რომ ის განზე დგას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უკრაინის თემასთან დაკავშირებით."

ხოლო რაც შეეხება საქართველოსა და რეგიონულ უსაფრთხოებას, ანალიტიკოსის თქმით, პატარა ქვეყნებისთვის ერთადერთი სწორი გზა დაბალანსებული საგარეო კურსია.

„საფრთხე კონკრეტულად საქართველოზე რომ ავიღოთ, ყოველთვის იქნება და იყო საუკუნეების განმავლობაში. მთავარია, მოქნილი, მულტიპოლარული საგარეო პოლიტიკის განხორციელება და ამ დიდ ძალებს შორის შეტაკებაში საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს."

თამარ ოყუჯავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×