
გუშინ, წნორში, ძმის ქორწილში მოკლული 24 წლის გურამ (გური) ბოიკო უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ახალგაზრდა მამაკაცის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო.
იმავე საღამოს კი, წნორიდან რამდენიმე კილომეტრში, "სიღნაღობა 2026"-ის ფარგლებში, გალაკონცერტი გაიმართა, რომლის პროგრამაშიც მომღერალ ანრი ჯოხაძის გამოსვლაც იყო გათვალისწინებული.
მომხდარს, აქტივისტი ქეთი მოლაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
"ცოდნის კაფეში ვიყავი, გავიხედე და ზღვა ხალხი მოდიოდა, მთელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. დათალხულები, სულ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები და ყველა ტიროდა. ბიჭები ისე ტიროდნენ, გული მოგიკვდებოდა და უწყვეტ ნაკადად მოჰყვებოდნენ მანქანები.
გურამს ისე მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს ეძინაო... ხელით მიასვენებდნენ გურამს, ბოლო გზაზე აყურებინებდნენ მშობლიურ ქუჩებს,"- წერს ქეთი მოლაშვილი.
აქტივისტი იხსენებს 19 ოქტომბერს, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასაც, როდესაც 22 წლის გოგოს გარდაცვალების გამო, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" კონცერტი გადაიდო. მისი თქმით, მსგავსი თანაგრძნობის გამოხატვა გურამ ბოიკოს დაკრძალვის დღესაც შეიძლებოდა.
"ჰოდა, 24 წლის გურის მთელი სიღნაღი კი არა, მთელი საქართველო გლოვობდა და დავუშვათ, "სიღნაღობას" ვერ გადადებდნენ, დავიჯერო, ანრი ჯოხაძის კონცერტი და ტაშფანდურაც აუცილებელი იყო? დავიჯერო, გლოვა არ არსებობს?
წნორში გოგო-ბიჭები დაითალხნენ, მიწაში ჩადეს 24 წლის ბიჭი და იმ საღამოს, გურამის საფლავიდან 5 კილომეტრში, კონცერტები რომ არ გამართულიყო, არ შეიძლებოდა?
უბრალოდ მითხარით, სად დავკარგეთ ემპათია, სოლიდარობა, ჭირში თანადგომა და ღირსება? ღირსება სად დავკარგეთ, რომ 24 წლის ბიჭი ჩავდეთ ქიზიყელებმა მიწაში და იმავე საღამოს ტაშფანდურა მოგვიწყეს...
როცა წნორი და ქიზიყი, როცა მთელი საქართველო გლოვობს, ბოლო-ბოლო კონცერტი მაინც გააუქმე. ღირსებისა და ხალხის პატივისცემის ამბავია. განა არ იმსახურებს შენი ხალხი ამ ელემენტარულ პატივისცემას?"- წერს ქეთი მოლაშვილი.
შეგახსენებთ, გურამ ბოიკო 26 ოქტომბერს, თბილისში, რესტორან "ლისი მერესთან" მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლეს. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ძმის ქორწილში დაწყებული ჩხუბის გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე