
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნის ინდიკაციებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მათი დამფუძნებლები შესაძლოა ნებსით თუ უნებლიედ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ თამაშში ერთვებოდნენ.
მისი შეფასებით, ხელისუფლების მიზანი ოპოზიციური პოლიტიკური ველის გაწმენდა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნაა, რაც, გახარიას მტკიცებით, მოსკოვის პოლიტიკურ სცენარს იმეორებს.
მანამდე, სხვა ოპიზიციური პარტიებიც არ გამორიცხავდნენ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, მათ ფლანგზე "ოცნება" ე.წ. სატელიტებს შემოიყვანდა.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში პოლიტიკურ ველზე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, რომელთა ათვისებასაც ახლად შექმნილი და მცირე პოლიტიკური ორგანიზაციები შეეცდებიან და ამ პროცესს ხელს შეუწყობს პარტიებში ფინანსური რესურსების ჩადება და საზოგადოებისთვის ახალი იდეებისა და პროგრამების შეთავაზება.
ექსპერტების ნაწილი კი ახალი პარტიების შექმნას არსებული ოპოზიციური ელიტის სისუსტესა და ამომრჩევლის გაერთიანების უუნარობას უკავშირებს. ის არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ახალი პარტია მართლაც სატელიტური იყოს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ყველა მათგანისთვის წინასწარ ამ იარლიყის მიწებება გაუმართლებელია და ოპოზიციამ პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს.
გამოჩნდებიან თუ არა ახალი პარტიები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენისა და უკვე არსებული მცირე პარტიების გაძლიერების პროცესი აქტიურდება.
მისი ვარაუდით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აიკრძალება, მათ მიერ დატოვებული პოლიტიკური სივრცის დაკავებას ახალი პარტიები შეეცდებიან.
"რა თქმა უნდა, ასეთი ნიშნები არის და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა ძალას მოიკრებს, კიდევ ვიხილავთ ასპარეზზე ახალ პარტიებს და უკვე იმ პარტიების გაძლიერების მცდელობებს, რომლებიც ახლახან შეიქმნენ. როგორც ხედავთ, უკვე აქტიურად ქმნიან თავიანთ ფილიალებს რეგიონებში, ატარებენ ღონისძიებებს.
- ზაალ ანჯაფარიძე: "ეს პროცესი ნელ-ნელა ძალას მოიკრებს, კიდევ ვიხილავთ ასპარეზზე ახალ პარტიებს და უკვე იმ პარტიების გაძლიერების მცდელობებს, რომლებიც ახლახან შეიქმნენ"
"აგერ ახლა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო", საერთოდ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას გეგმავს, უცხოელი ექსპერტების მოწვევით, რომ მისი მთავარი კოზირი, ანუ საქართველოს ნეიტრალიტეტის სტატუსი გააქტიუროს და საზოგადოება მოაბილიზოს ამ იდეის ირგვლივ.
"დარწმუნებული ვარ, ასევე, გააქტიურდებიან სხვა პარტიებიც, თუკი გამოჩნდება ისეთი ნიშა, სადაც ისინი ჩათვლიან, რომ მათ საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდრონ და ასეთი ნიშა შეიძლება გამოჩნდეს.
"არ ვიცი რამდენი პარტია აიკრძალება, მაგრამ თუ მაგალითად "ნაციონალური მოძრაობის" და მისი დანაყოფი პარტიები აიკრძალება, რამდენადაც ვამჩნევ, უკვე არიან გამზადებული პატარ-პატარა პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ დროს გავლენიანი წევრების შვილების მიერ დარსებული, რომლებიც შეიძლება შეეცადონ, რომ ეს ნიშა და ეს ადგილი დაიკაონ. რამდენად გამოვა, ეს სხვა საკითხია.
"ახლა შეიძლება ასე ჩანდეს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ, მაგრამ, არჩევნებამდე ჯერ კიდევ ორი წელიწადია დარჩენილი. თუ პარტიაში სერიოზული ფინანსები ჩაიდება, თუ პარტია წამოაყენებს ისეთ იდეებს, ისეთ პროგრამას, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილს მიიზიდავს...
"ყველა პარტია საკუთარი ნიშის პოვნას შეეცდება იმ გამოთავისუფლებულ გველზე, რომელიც პარტიების აკრძალვის შემთხვევაში გაჩნდება და დანარჩენი უკვე პოლიტიკურ პროცესზეა დამოკიდებული - როგორი იქნება ქვეყანაში სიტუაცია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურა, ამაზე ააგებენ ისინი თავიანთ საარჩევნო ტაქტიკასაც",- განაცხადა ანჯფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი ოპოზიციური პარტიების შექმნა არსებული პოლიტიკური ელიტის უუნარობით არის განპირობებული, გააერთიანოს ოპოზიციური ამომრჩეველი და მას ერთიანი პოლიტიკური ალტერნატივა შესთავაზოს.
მისი თქმით, არასწორია ყველა ახლად შექმნილი თუ მომავალში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორგანიზაციისთვის წინასწარ "ქართული ოცნების" სატელიტის იარლიყის მიწებება, რადგან მათ შორის შესაძლოა რეალური და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალებიც იყვნენ.
"უფრო სწორი იქნება განცხადების ასეთი ფორმულირება, რომ არსებული ოპოზიციური პარტიების ფონზე, იქმნება ახალი ოპოზიციური პარტიები - აქედან ზოგი, რა თქმა უნდა, ალბათ იქნება სატელიტური და ზოგიც იქნება რეალური და დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ვხედავთ, რომ დღეს არსებული პარტიულ-პოლიტიკური ელიტა ვერ უზრუნველყოფს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი მაქსიმალურად გააერთიანოს, ან ერთი მიმართულებით წაიყვანოს.
"პოლიტიკური პარტია შეიძლება პროცენტების და ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით ლიდერი რომელიმე იყოს, მაგრამ იმ ოთხ ოპოიციურ პარტიას, რომელმაც წინა არჩევნებზე ბარიერი გადალახა ბარიერი, არცერთ მათგანს დღეს არ აქვს იმის პოტენციალი, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი გააერთიანოს.
"ამიტომ ასეთი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მუდმივად იქნება იმის მცდელობა, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას, რომელიც რაღაც ახალს შემოიტანს ამ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში და იმის თქმა, რომ ყველა ის პარტია, რომელიც ჩამოყალიბდა, ან ჩამოყალიბდება იქნება სატელიტი პარტია სწორი არაა. არასწორია წინასწარ მიწებება რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან იმისა, რომ ის არის სატელიტური ორგანიზაცია.
"როდესაც ასეთ თემებს განვიხილავთ, მით უმეტეს, როდესაც ამას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს, საკმაოდ ფრთხილი უნდა ვიყოთ. 30 წელია დაახლოებით ასეთი სიტუაცია მოგვყვება - ვინც ჩვენ არ მოგვწონს, ან ჩვენი კონკურენტია, ის ან ჯვარს უნდა ვაცვათ, ან ხალხის მტრად გამოვაცხადოთ.
- ვახტანგ ძაბირაძე: "არასწორია წინასწარ მიწებება რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან იმისა, რომ ის არის სატელიტური პარტიაა"
"ქართული ოცნება" სხვას რას აკეთებს? ამბობს, რომ ყველა პარტია "ნაცია", ყველა პარტია მოღალატეა, რომელიც მისთვის მისაღები არაა და თუ ოპოზიციის მხრიდანაც იგივე ლაპარაკი დაიწყება, მაშინ კითხვა ჩნდება ასეთი, რომ ეს ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში მოვა, მერე რატომ არ გააკეთებს იგივეს, რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს?
"ამიტომ გახარიას ამ განცხადებას არათუ არ დავეთანხმები, არამედ ვურჩევ, რომ საკმაოდ ფრთხილად იყოს ასეთი განცხადებების გაკეთებასთან. პარტია წინასწარ ნებსით, თუ უნებლიეთ რატომ შევა? საოცარი რამეები ხდება, გახარიას პარტია "ქართული ოცნების" არის, ნაგლეჯია? და ის ახლა იმდენად ოპოზიციურია, რომ ის "ქართულ ოცნებასთან" არანაირ კავშირში არ შედის და ვიღაც ახალი პარტია, რომელიც უნდა შეიქმნას და ჯერ შექმნილიც არ არის, ის აუცილებლად ნებსით, თუ უნებლიეთ "ქართული ოცნების" თამაშს ითამაშებს? რა აბსურდია ეს და რა ლოგიკაა და საერთოდ რა განცხადებაა?"- განაცხადა ძაბირაძემ.
შემოვა თუ არა პოლიტიკაში ღარიბაშვილი
ზაალ ანჯაფარიძე ჯერჯერობით არ ელოდება, რომ პოლიტიკურ არენაზე ღარიბაშვილი შემოვა.
"ჯერჯერობით ამას არ ველოდები, თუმცა ჯერ ვნახოთ ის რა სტრატეგიას აირჩევს, ანუ მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ "ქართულ ოცნებასთან" შემდგომი დაპირისპირება მას არ უღირდეს და რაღაცნაირად ეს პროცესი გააჩეროს",-განაცხადა ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბირაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისი პოლიტიკური სტატუსი გაურკვეველია და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა ის პატიმრობაში, ან მოხდება თუ არა მისი შეწყალება. ამასთან, ძაბირაძის შეფასებით, ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. .
"გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ ცხადია, მაგრამ, ღარიბაშვილი როგორ შემოვა, ეგ ცალკე თემაა. ჯერჯერობით პატიმრობაშია, თუ შეიწყალებენ და გამოუშვებენ, ეგ ერთი პრობლემაა, თუ პატიმრობაში რჩება და პოლიტიკაში მონაწილეობს, ეს სხვა რეალობაა, ამიტომ უნდა დაველოდოთ როგორი იქნება მისი სტატუს-კვო.
"რეალურად რომ გითხრათ, ღარიბაშვილი პოლიტიკაში შემოვა, თუ არა, რეალურად პოლიტიკურ ფლანგზე ბევრი არაფერი იცვლება და არც შეიცვლება, რა თქმა უნდა. ღარიბაშვილი ის ფიგურა არაა, რომელსაც შეუძლია დღეს პოლიტიკური ლანშაფტი რამდენნაირად შეცვალოს, თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ შეცვალოს",- განაცხადა ძაბირაძემ.
რას ამბობს გახარია
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული, "მოსახერხებელი ოპოზიციის" შექმნა, - წერს პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
მისი მტკიცებით, ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია.
"ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი "ოპოზიციური" პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება", - აცხადებს გახარია.
მისი თქმით, საქართველოში უკვე ახალი პარტიების შექმნის ნიშნები ჩანს.
"საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან", - აცხადებს გახარია.