რეზონანსი
02.11.2026

აშშ-ის მოახლოებული შუალედური არჩევნების ფონზე ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპის მკვეთრი განცხადება და ნატოსა თუ ევროპელი მოკავშირეების მზარდი მოლოდინები ექცევა. ტემპერატურა პიკს აღწევს. შუალედური არჩევნები, რომელიც საპრეზიდენტო ვადის შუაწელში ტარდება, ტრადიციულად, მოქმედი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის მმართველობის სტილის მიმართ ერთგვარი რეფერენდუმია.

3 ნოემბრის არჩევნებში წყდება, თუ ვინ გააკონტროლებს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს. უმრავლესობის მოპოვება გამარჯვებულ მხარეს აძლევს ბერკეტს, მართოს საკანონმდებლო პროცესი, დაბლოკოს ან გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები და აკონტროლოს ბიუჯეტისა თუ საკადრო დანიშვნების საკითხები.

შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, დონალდ ტრამპმა მკვეთრი წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა „მისტერ ვეტოდ" გადაქცევა მოუწიოს, თუ სამშაბათს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები" უმრავლესობას მოიპოვებენ. ასევე, სიამოვნებით იყრიდა კვლავ კენჭს, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თუმცა კონსტიტუციის ფორმულირება ამ კუთხით ძალიან მკაცრია.

„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ერთი-ორი თვის განმავლობაში ყველაფერს ვეტო დაედება - რაც, მოგეხსენებათ, უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა - ისინი მოვლენ და შეთანხმებას დადებენ". - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის ეს სიტყვები პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ვაშინგტონში აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაპირისპირება და პოლიტიკური ჩიხია მოსალოდნელი. ტრამპი ღიად აცხადებს, რომ აპირებს აქტიურად გამოიყენოს ვეტოს უფლება ოპონენტების ინიციატივების დასაბლოკად.

ვაშინგტონში ძალაუფლების მოსალოდნელ გადანაწილებას უკვე გამოეხმაურნენ აშშ-ის საერთაშორისო მოკავშირეები. გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით, დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ შუალედურ არჩევნებში მარცხის შემთხვევაში დონალდ ტრამპი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე იერიშებს გააძლიერებს.

„როგორც წესი, პრეზიდენტების შემთხვევაში, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ, ადგილი აქვს დაგროვილი უკმაყოფილების გამოვლინებასა და საგარეო პოლიტიკაში ავანტიურიზმს. ნატოზე თავდასხმა კი, როგორც ჩანს, ტრამპის მსოფლმხედველობის მუდმივი ნაწილია".- განაცხადა ევროპის თავდაცვის სფეროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

პოლიტიკოს ანონიმური წყაროების ცნობით, ვინაიდან საგარეო პოლიტიკაში პრეზიდენტს მოქმედების მეტი ავტონომია აქვს, შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე ხელფეხშეკრული ტრამპი ყურადღებას სწორედ საერთაშორისო პრიორიტეტებზე გადაიტანს. კერძოდ, მოსალოდნელია რიტორიკული და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა ნატოსა და ევროპელ მოკავშირეებზე - მათგან სამხედრო დანახარჯების მკვეთრი გაზრდის მოთხოვნა და ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების კიდევ უფრო მწვავედ ეჭვქვეშ დაყენება.

„შეიძლება ძალიან გაბრაზებული იყოს. თუ ასეა, ის ძალიან მკაცრი იქნება". -განაცხადა ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა.

თამარ ოყუჯავა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×