თამთა ჩაჩანიძე
02.11.2026

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მონანიების სანაცვლოდ გათავისუფლება, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხი - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო. მისი განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის საფუძვლები იმდენად მკაფიოა, რომ მმართველი პარტია "ბოლომდე წელში გამართულია".

ამასთან, ის 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მონანიებისა და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში გათავისუფლებას ჰპირდება. ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხზე კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ჩარევას გამორიცხავს.

დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრემიერი სუვერენული საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

"ბოლომდე წელში გამართულები"

პრემიერი აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მკაფიო და დასაბუთებულია.

  • პრემიერი: "იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები"

"იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები. რაც შეეხება ამ პროცესის მიმართ კითხვებს, კითხვები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხარს უჭერდნენ „მოლოტოვის კამპანიას". ზოგადად, ვსაუბრობ ევროპულ ბიუროკრატიაზე, ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა „მოლოტოვის კოქტეილს" და იგივე ადამიანები დღეს უკვე გამოდიან პოლიტიკური გზავნილებით კონსტიტუციური მართლმსაჯულების წინააღმდეგ",- განაცხადა კობახიძემ.

4 ოქტომბრის საქმე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ და მოინანიებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არა ადამიანების ციხეში ყოფნა, არამედ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფაა. კობახიძე მსჯავრდებულების ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა, ჩვენი თვითმიზანი არის სამართლის უზენაესობის აღსრულება, შესაბამისად თუ ადამიანები მოინანიებენ, აღიარებენ, ამ შემთხვევაში დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორეს მხრივ ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს", - აღნიშნა კობახიძემ.

ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალება

"ჯერ სხვისი ფიქრები მე არ ვიცი. ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში", - ასე უპასუხა კობახიძემ კითხვას ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას.

კობახიძის თქმით, ამ კითხვის დასმას არავითარი საფუძველი არ აქვს.

„როცა არავითარი საფუძველი არ აქვს კითხვას, ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ. არავითარი საფუძველი არ აქვს თქვენს კითხვას",- განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, ასეთი საკითხის დღის წესრიგში დადგომის შემთხვევაში, რა იქნება მისი რჩება პრეზიდენტისადმი, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის საერთოდ არ ჩაერევა.

„მე საერთოდ არ ჩავერევი საკითხში, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას და რასაც საფუძველი არ აქვს, იმას ნუ იკითხავთ", - განაცხადა კობახიძემ.

გიული ალასანიას განცხადებაზე

კობახიძემ გიული ალასანიას ის განცხადება გააკრიტიკა, სადაც მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და კორუფციას ებრძოდა. კობახიძის თქმით, სააკაშვილმა ოჯახის წევრს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება გადასცა, რასაც პრემიერი კორუფციის მძიმე გამოვლინებად აფასებს.

"მე ჩემი ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში სისხლიანი 9 წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი, ბუნებრივია, თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა", - განაცხადა კობახიძემ.

დიპლომატია

2 ნოემბერს, ქართული დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე პრემიერის განცხადებით, ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საყრდენია. მან ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმაზე, საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების გაძლიერებასა და ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე. კობახიძის თქმით, ქართული დიპლომატიის მთავარი ამოცანა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×