
მოსკოვი უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტის აღდგენას ამ ეტაპზე გამორიცხავს და აქცენტს „გლობალურ სამხრეთზე" აკეთებს. კრემლის ეს პოზიცია ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა. რას ემსახურება გაზის მარშრუტების გარშემო აგორებული ახალი ტალღა და დგას თუ არა მის უკან ევროკავშირის შესუსტების გეოპოლიტიკური ინტერესი.
მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენას ამ ეტაპზე გამორიცხავს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მსგავსი გეგმების განხორციელება ამჟამად შეუძლებელია. „ჯერჯერობით, ამაზე საუბარი, ალბათ, ნაადრევია. სინამდვილეში, ადგილზე არსებული მდგომარეობა ნათლად აჩვენებს, რომ ასეთი გეგმების რეალიზება ამჟამად შეუძლებელია". - აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა რუსული ენერგორესურსების გლობალურ ბაზრებზე გადანაწილებაზეც. მისი თქმით, ევროპაში გაზის მიწოდების მომავალი დამოკიდებული იქნება როგორც მყიდველების სურვილზე, ისე გამყიდველების შესაძლებლობებზე.
„ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მყიდველების სურვილზე, გამყიდველების სურვილსა და მათ შესაძლებლობებზე. მოგეხსენებათ, გაზის ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ ევროპული ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბაზარი პრემიუმკლასის ბაზარს წარმოადგენს. ამასთანავე, მოგეხსენებათ, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ცენტრები სულაც არ არის ევროპაში. ისინი მაინც კოლექტიურ სამხრეთშია განლაგებული".
კრემლის წარმომადგენლის განცხადება მოჰყვა გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლებას. გამოცემის ცნობით, აღნიშნული საკითხი განიხილება მოლაპარაკებების იმ რაუნდის ფარგლებში, რომელიც მოახლოებული ზამთრის წინ ე.წ. ენერგეტიკული ზავის მიღწევას ისახავს მიზნად.
ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილის თქმით, უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენის საკითხი ამჟამად რეალურ დღის წესრიგში არც მოსკოვისთვის დგას და არც კიევისთვის.
„არც უკრაინა და არც რუსეთი არ არიან დაინტერესებული ამ პროექტით. რუსეთი მისდევს ჩრდილოეთ ნაკადის გასვლას, რომელიც აფეთქდა თავის დროზე ბალტიის წყლის ფსკერზე. რუსეთი კონტინენტურ გაზსადენებზე უარს ამბობს მიზეზთა გამო. მითუმეტეს, უკრაინასთან გავლით არ უნდა აწყობდეს. რუსეთს უნდა, რომ დაარწმუნოს ევროპა, რომ ჩრდილოეთ ნაკადი, ანუ ბალტიის ზღვით გატანილი გაზი, უფრო მნიშვნელოვანი იქნება ევროპისათვის". - „რეზონანსთან" აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსის შეფასებით, Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ენერგეტიკულ ზავზე, რეალობას აცდენილია და უფრო ვაშინგტონის სურვილებს ასახავს, ვიდრე არსებულ მოცემულობას.
„ეს უფრო შტატების სურვილია და არა რეალობა. აშშ-ს უნდა, ევროპელებს აჩვენოს, რომ ისინი მართავენ სიტუაციას და კარნახობენ კიდევაც ევროპელებს, თუ საიდან, რა ფორმით, რა ფასად მიიღონ გაზი. შტატები მუშაობს უფრო მეტად რუსეთზე და რუსეთის რეპუტაციის გაზრდაზე. აი, რუსეთი ბალტიის ზღვით, რუსეთი უკრაინით, რუსეთი ნავთობით, დიზელით და ასე შემდეგ... მაქსიმალურად ცდილობს, ევროპის გაღიზიანებას და დემონსტრირებას, რომ რუსეთი პარტნიორია, საჭიროა მათთან პარტნიორული ურთიერთობა.
ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის მარშრუტის გაჩერებით გამოწვეული კრიტიკული ფაზა ევროპამ უკვე გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ გაზზე ფასები გაიზარდა, ევროპული ქვეყნები მაინც განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერასა და შეიარაღების შესყიდვას. შესაბამისად, გაზის ტრანზიტის თემა უკვე „გავლილი ეტაპია".
ანალიტიკოსის განმარტებით, ამ თემით სპეკულირება უკავშირდება ევროპასა და აშშ-ში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების გაძლიერებას, რომლებიც რუსეთის მიმართ გაცილებით ლოიალური პოლიტიკით გამოირჩევიან.
„გამოკვეთილი ულტრამემარჯვენე პოლიტიკა აქვს ტრამპსაც და მის გუნდს. ამ ფონზე, ცდილობენ, მაქსიმალურად გული მოულბონ რუსეთს. შესაბამისად, სურთ ევროპელ ამომრჩეველში განწყობა შექმნან, რომ ხმა მისცენ თავიანთ ულტრამემარჯვენეებს. აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც უკრაინაზე გაზის გავლებაზე. საუბარია, რომ ულტრამემარჯვენეები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ულტრამემარჯვენეები რუსეთის მიმართ აშკარად სხვა პოლიტიკას აწარმოებენ, მეტად ლოიალურს მემარცხენეებისა თუ ლიბერალებისგან განსხვავებით.
აქ არ არის მხოლოდ გაზზე საუბარი, აქ ლაპარაკია აშშ-ის გეოპოლიტიკურ გავლენებზე. როგორც ამერიკას, ასევე, რუსეთს უნდა, შეასუსტონ ევროკავშირი."
ზაქარეიშვილის თქმით, გეოპოლიტიკურ ჭრილში, პროცესები გაცილებით მასშტაბურ მიზანს, ევროკავშირის პოზიციების შესუსტებას ემსახურება, სადაც წამყვანი გლობალური მოთამაშეების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
„დედამიწის ზურგზე სულ ოთხი ძირითადი მოთამაშეა: ჩინეთი, აშშ, ევროკავშირი და რუსეთი. როგორც რეალით შოუებშია, როცა უნდათ, რომ ერთ-ერთი მოთამაშე გააგდონ, დანარჩენი წევრები იკრიბებიან, სწორედ ასეთი რეალობაა. ამერიკა და რუსეთი დღეს შეკრულია და მუშაობენ ევროკავშირის შესუსტებაზე.
ჩინეთსაც აწყობს ევროკავშირის დასუსტება, თუმცა ჩინეთი ახლა არ თამაშობს, ჩინეთი უყურებს, სხვები როგორ აგდებენ ევროპას. ჩინეთს ვერავინ გააგდებს, რადგან ჩინეთის მოკავშირეა რუსეთი, ამიტომ ამერიკელები ვერ შეიკვრებიან ჩინეთის წინააღმდეგ. ჩინეთს ცალკე ებრძვის ამერიკა... თუმცა რუსეთ-ამერიკის ინტერესები ევროპის წინააღმდეგ საერთოა და ამერიკა იყენებს რუსეთს ევროკავშირის შესასუსტებლად. იმედია, აქედან არაფერი გამოვა, თუმცა მცდელობები რომ არის, ფაქტია".
რაც შეეხება პესკოვის მიერ „გლობალურ სამხრეთზე" გაკეთებულ აქცენტებს, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აზიასა და აფრიკაში რუსული ნედლეულის გაყიდვა იოლია, რადგან სანქციებისა და კრიზისის ფონზე მოსკოვი იძულებულია პროდუქცია დაბალ ფასად დათმოს. თუმცაროგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს:
„არა მგონია, იაფად გაყიდული პროდუქტებით რუსეთმა დიდხანს იხეიროს."
თამარ ოყუჯავა