
პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც საერთაშორისო ბანკების შვილობილებისთვის საქართველოში ლიცენზიის მიღება მარტივდება. რეალურად, რა იცვლება ამ კანონპროექტით და რა პროცესებს უნდა ველოდოთ საბანკო სექტორში? „რეზონანსის“კითხვებზე დარგის სპეციალისტების ერთი ნაწილის პასუხი ცალსახაა - სინამდვილეში, ეს არის ტექნიკური ცვლილება, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით, უცხოური ბანკების ფილიალების გახსნა მარტივდება. ექსპერტების მეორე ნაწილი კი შიშობს, რომ ეს არის საფრთხის შემცველი, უკანონო ფინანსური სახსრების მოსაზიდად.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატების - შოთა ბერეკაშვილის და პაატა კვიჟინაძის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანო განიხილავს ცვლილებათა პროექტს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში. ამ ცვლილებით, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შვილობილი კომპანიებისა და ფილიალებისთვის საბანკო ლიცენზიის მიღების პროცედურების გამარტივება იგეგმება.
კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული ლიცენზირება შეეხება საერთაშორისო გამოცდილების, კარგი რეპუტაციის, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლებისა და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურის მქონე უცხოურ ბანკებს. სანდოობის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები.
გარდა ამისა, ამ ცვლილებებით მცირდება წარსადგენი ინფორმაციის მოცულობა. კერძოდ, უცხოურ ბანკებს აღარ მოეთხოვებათ ყველა აქციონერის შესახებ დეტალური მონაცემების წარდგენა-მოთხოვნა. იგი გავრცელდება მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე, მფლობელობის შუალედურ რგოლებსა და საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეებზე.
ამ ცვლილებებში უკანონო ფინანსური სახსრების მოძრაობის საფრთხეს ხედავს ეკონომისტი ლია ელიავა და მოუწოდებს დეპუტატებს, რომ ვიდრე კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, ყველა რისკი ღრმად და დეტალურად შეისწავლონ. მისივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ეროვნულ ბანკს მსგავსი ცვლილების მიღება სურდა, თუმცა მაშინ ამ ცვლილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არ დაუჭირა მხარი, რადგან ჩათვალა, რომ დიდი რისკის შემცველი იყო.
„მინდა, საზოგადოებას ისიც შევახსენო, რომ 2007 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყო სწორედ იმ ბანკებიდან, რომლებსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ უმაღლესი კატეგორია ჰქონდათ მინიჭებული. სწორედ იქიდან დაიწყო მათი გაკოტრება და ძალიან სერიოზული კრიზისი. ამიტომ, არც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასება გახლავთ 100%-იანი გარანტია, რომ ბანკი არის მდგრადი და არც ეროვნული ბანკის მხრიდან თვალის დახუჭვა არის იმის გარანტია, რომ ბანკი, რომელიც შემოვა საქართველოში, იქნება სტაბილური. ეს საკმაოდ დიდი რისკია ჩვენისთანა სუსტი საფინანსო სექტორისთვის.
გარდა ამისა, უნდა დაისვას კითხვა - რა უნდა ამ ღარიბ ქვეყანაში, სადაც ფინანსური სექტორი საკმაოდ მცირეა, მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს? რა აინტერესებთ საქართველოში მათ? მაგალითად, აზერბაიჯანის ინტერესი გასაგებია, თავისი პატარა ბიზნესი აქვთ აქ, თურქეთის ინტერესიც გასაგებია - პატარა ფილიალებიც გახსნეს, მაგრამ რა უნდა სხვა ბანკებს საქართველოში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებთანაც ვაჭრობა თითქმის არ გვაქვს? ვინ უნდა შემოვიდეს იქიდან, ან რატომ? შეგვიძლია ბუნებრივად გამოვთქვათ ეჭვი, რომ საკითხი უკანონო ფინანსურ სახსრებს ხომ არ ეხება?
კიდევ ერთ ვარაუდს გაგიმხელთ - არ არის გამორიცხული, რომ ეს კანონპროექტი ქართული ბიზნესის ინტერესებშია, რომლებიც წვრილი მეწილეები არიან ბანკებისა და აქ საბანკო ფილიალების გახსნით, უფრო თავისუფლად გაიტანენ ქვეყნიდან კაპიტალს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლია ელიავამ.
მისი შეფასებით, ვიდრე ამ კითხვებს არ გაეცემა პასუხები, ექსპერტი პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს, რომ კანონპროექტის მიღებამდე კარგად დაფიქრდნენ.
განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ ცვლილებაში საფრთხეს საერთოდ არ ხედავს ეკონომისტი გოჩა თუთბერიძე. მისი აზრით, რეალურად, ეს არის ჩვეულებრივი, ტექნიკური ცვლილება, რომელიც უცხოურ ბანკებს საქართველოში ფილიალების გახსნას უმარტივებს.
„საქართველოს ბაზარი იმდენად პატარაა, რომ სიმართლე გითხრათ, დიდად მაინც არ დაინტერესდებიან უცხოური ბანკები აქ ფილიალების გახსნით. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ბანკი, რომელთა დამფუძნებლები უცხოელები არიან, ვგულისხმობ ყაზახურ და ჩინურ ინვესტიციებს. შესაბამისად, განსაკუთრებული ამ ცვლილებებში არაფერია. როგორც გითხარით, შედარებით გაამარტივეს მოთხოვნა, რაც ეხება მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებს. გარდა ამისა, გამარტივდა საბუთების მოგროვება მათთვის, ვისაც სურს, რომ საქართველოში ფილიალები გახსნას.
აქედან გამომდინარე, არავითარი საფრთხის შემცველი ეს ცვლილება არ არის. კანონპროექტში ნახსენებია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: ბანკი უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე და აკმაყოფილებდეს საზედამხედველო კრიტერიუმებს. შესაბამისად, საშიშროებას ეს საკანონმდებლო ცვლილება ნამდვილად არ შეიცავს. ეს არის ჩვეულებრივი, ტექნიკური ცვლილება, სადაც ერთი მომენტია გამარტივებული - ყველა ბანკის აქციონერის გამჭვირვალობა მოთხოვნილი არ არის“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გოჩა თუთბერიძემ.