
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა. რომლის ფარგლებში ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუარესებისა და მოლაპარაკების შეჩერების მიზეზებზე, ევროკომისიის კრიტიკულ ანგარიშსა და ევროპელი ბიუროკრატების პოზიციებზე.
კობახიძემ ევროკომისია პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა, საჯარო დებატები შესთავაზა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სუვერენიტეტთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე და ამ საკითხში უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები მოიშველია.
სამიტის ფარგლებში გამართულ ინტერვიუში მას მწვავე კითხვები დაუსვა „ევრონიუსის" ჟურნალისტმა მარია ტადეომ, რომლის კითხვებსაც პრემიერ-მინისტრი მოგვიანებით გამოეხმაურა.
დისკუსიის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ "ევრონიუსის" მიწვევით ბრიუსელში გამართული შეხვედრა საინტერესო იყო და მთავარ გზავნილად ევროკავშირთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა რჩება. კობახიძის განცხადებით, ქართული მხარე ყველა საკითხზე დისკუსიისთვის მზად არის, თუმცა, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ამ ეტაპზე დიალოგისგან თავს იკავებენ.
„მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის" მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში. საინტერესო დისკუსია იყო. 25 წუთიანი იყო მთლიანი ფორმატი. შევეხეთ ძალიან ბევრ საკითხს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. პასუხი გავეცი კითხვებს და ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, აქ მთავარი არის დიალოგის დაწყება, რაზეც სამწუხაროდ, თავს იკავებენ ამ ეტაპზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ჩვენ მზად ვართ ასეთი დისკუსიისთვის. ყველა საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძე ევროკომისიაზე
კობახიძის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების დღის წესრიგში არდაყენება მისი პირადი განცხადება იყო, თუმცა, საქართველო მზად იყო, ევროკომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესს დაუყოვნებლივ შეერთებოდა.
მან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტაში პასუხისმგებლობა ევროკომისიას დააკისრა და განაცხადა, რომ მისი განცხადება კომისიის "უსამართლო პოლიტიკაზე" პასუხი იყო. პრემიერის მტკიცებით, ევროკომისია კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხებს საქართველოსა და ქართული საზოგადოების "შანტაჟისთვის" იყენებდა.
- კობახიძე: "გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ თუ ევროპული კომისია გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას გადაწყვეტდა, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებოდით"
"გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებოდით.
"საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას",- აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის განმტკიცებული. მისი განცხადებით, ქართული საზოგადოება ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, თუმცა, ევროკომისიის მიმართ ნდობა დაბალია, „ქართული ოცნების" მიმართ კი - მაღალი. პრემიერის მტკიცებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მიერ მიღებული ხმებიც ამ მხარდაჭერას ადასტურებს.
"ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია. ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს "ქართული ოცნების" მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში გააკრიტიკა და მას პოლიტიზებული უწოდა. მისი თქმით, ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებები რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ ევროპულ კომისიას ყველა სადავო საკითხზე ღია, საჯარო დებატებს სთავაზობს. პრემიერის განცხადებით, განხილვა უნდა შეეხოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკასა და გამჭვირვალობის კანონს.
„ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან დიალოგი უნდა დაიწყონ, თუმცა, მისი თქმით, ევროპული მხარე ამისთვის მზად არ არის.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტს და აღნიშნა, რომ ქვეყანა მარიონეტი არ არის და მისგან სხვების მითითებების შესრულებას არ უნდა ელოდნენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს საქართველოს მიმართ მიდგომის შეცვლისკენ მოუწოდა.
კობახიძე "ევრონიუსის" ჟურნალისტის დაპირისპირება
ირაკლი კობახიძესა და „ევრონიუსის" ჟურნალისტ მარია ტადეოს შორის ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების სამიტის ფარგლებში, საკმაოდ მწვავე ინტერვიუ შედგა.
საუბარი თითქმის 40 წუთს გაგრძელდა და ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს კრიტიკული კითხვები დაუსვა საქართველოს შეჩერებულ ევროპულ ინტეგრაციაზე, ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებსა და ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე.
ჟურნალისტმა კობახიძეს პირდაპირ ჰკითხა, რატომ შეაჩერა ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
კობახიძემ პასუხისმგებლობა ევროკომისიას დააკისრა.
კობახიძის მიერ ევრობიუროკრატების კრიტიკისას ჟურნალისტმა შეაწყვეტინა და ჰკითხა: "ვინ არიან ბიუროკრატები? ევროკავშირის 27 ქვეყანა? ვენეციის კომისია? 27 ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც ეს ანგარიში მიიღეს, ბიუროკრატები არიან? მაშინ რად გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება?"
კობახიძემ უპასუხა, რომ იმედი აქვს, ისინი შეიცვლებიან.
მარია ტადეომ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ და ამბობენ: ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს, რადგან საერთო ღირებულებები არ გვაქვს".
„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული", - უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
სამიტის შემდეგ "ევრონიუსის" ინტერვიუს შეფასებისას კობახიძემ განაცხადა, რომ "ჟურნალისტი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული და იმავეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც".
პარტიების აკრძალვაზე პარალელი უკრაინა-მოლდოვასთან
სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა პარტიების აკრძალვის საკითხზე დაუსვა.
"ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს: უკრაინა და მოლდოვა. მათ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები და ჩვენთან შედარებით ბევრად წინ არიან. ამიტომ, ვაპირებთ, რომ მათ დავეწიოთ. ევროპული მიდგომა ზოგჯერ აბსურდულია, რადგან ჩვენ უკრაინის მაგალითი გვაქვს. მათ 18 პოლიტიკური პარტია აკრძალეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ეს საკითხი პრობლემას შექმნის, თუ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ "ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას სთავაზობს".
"საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე არის. ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პოლიტიკური პარტიების, დაახლოებით ხუთი ოპოზიციური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე. ეს სამართლებრივი საქმეა.
ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს სამართლებრივი კომენტარების გაკეთებას ვთავაზობთ. მაგრამ, სამართლებრივ კომენტარებს არავინ აკეთებს, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებენ. ასე ერევიან საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.