
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ლაშა ბერიძემ და მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს - ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
ზოდელავას თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობითად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
როგორც ზოდელავა ამბობს, საპროცესო შეთანხმებას არანაირი საერთო არ აქვს იმ ფაქტთან, რომ მას პოლიტიკური გეგმები აღარ აქვს და პროცესებში ჩართვას არ აპირებს.
„არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება პირობადებული არ იყო, უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს.
მე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს არ შევხვედრილვარ და არ მისაუბრია ოპონენტთან ჩრდილში კულუარებს მიღმა, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა საჯარო იყო. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ, შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მე უკვე ვთქვი, რომ ვიყავი ორგანიზატორი, როდესაც საპროცესო გაფორმდა", - განაცხადა ზოდელავამ.
მისივე თქმით, კარგია, რომ მასთან ერთად დაკავებულთა უმრავლესობამ ისარგებლა საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობით.
„[საპროცესო შეთანხმების გაფორმება] მხოლოდ მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ყველამ მივიღეთ. მესმის ბევრი შეკითხვაა, მე პასუხისმგებლობა ავიღე კიდეც და სასჯელიც მოვიხადე. ზოგადად, ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ყველა შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ. ზოგიერთი თემა ხელოვნურადაა. ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო, ამიტომ ზოგიერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება იმას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ის რაც ყველამ ნახა. ყველა შეკითხვას აქ, ციხის კარებთან ვერ ვუპასუხებ. ზოგიერთ შეკითხვას საერთოდ ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ უამრავი შეთქმულების თეორია დახვავდა ერთიმეორეზე, გარემოებების გათვალისწინებით, ზოგიერთი ობიექტური, ზოგიერთი სუბიექტური, ამიტომ რაღაც პერიოდის მერე მომიწევს განმარტებების გაკეთება. ახლა ამ მომენტში ყველა შეკითხვას ნამდვილად ვერ ვუპასუხებ",- აღნიშნა მან.
პირველი კომენტარი ლაშა ბერიძემაც გააკეთა. მისი თმით, ათონელის რეზიდენციის ღობე იყო ხაფანგი. „ხალხს დაუგეს მახე, ვინ - ამაზე ვისაუბრებ გადაცემაში. ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ იყო თუ არა ჯგუფში ვინმე მოღალატე, არა, მე ვერავის ვერაფერს და არც არფერს დავაბრალებ. გამორიცხვა და დაბრალება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გაქვს რაღაც ინფორმაცია.
მე სრული რწმენა მაქვს იმ ადამიანების, ვითანაც ერთად ვაორგანიზებდით 4 ოქტომრის ევროვნულ კრებას და არა სხვა რამეს. მე მათ მხარს ვუჭერ და მათთან ერთად სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას.
არსებობდა თუ არა სხვა გეგმა, ვიცოდი თუ არა რომ ათონელის რეზიდენციასთან უნდა ჩავისულიყავით, ამ საკითხებზე მირჩევნია ერთ გადაცემაში ვისუბრო. არაფერს ველოდით, ჩვენ მივდიოდით პრეზიდენტის სასახლესთან პროტესტის გამოსახატად...
სპონტანური გადაწყვეტილება კი არ იყო, ეს ღობე იყო ხაფანგი, გაცხადდა ტრიბუნიდან, რომ უნდა გადავაადგილდეთ პრეზიდენტის სასახლისკენ, იქიდან ზუსტად ერთი წუთი არ გასულა, ღობე უკკე გადაქცეული იყო. მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია, ეროვნული კრება, სადაც მოსახლეობამ საკუთარი სათქმელი თქვა, მომხდარიყო მისი დისკრედიტაცია და მისი ძალადობად წარმოჩენა",- თქვა ბერიძემ.
პოლკოვნიკი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროტესტში რჩება და ბრძოლას გააგრძელებს: „ერთი რაც ჩამოყალიბებულად ვიცი - აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, უფლება არ გვაქვს დანებების. როგორ და რა ფორმით გავაგრძელებთ, ვისთან ერთად ვიდგებით ან რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ამას დრო და გარკვევა სჭირდება.
ვრჩები წინააღმდეგობაში, ვაპირებ, რომ ვიყო ძალიან აქტიური. მე არ ვარ პოლიტიკოსი, როგორც ერთი ადამიანი, მოქალაქე ვიქნები ძალიან აქტიური. ვაპირებ, მოვითხოვო ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, ჩვენ ეს ნამდვილად გვეკუთვნის. აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას"- აღნიშნა მან.