თამარ ოყუჯავა
04.11.2026

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრ „დელისში" გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, ხოლო შენობაში მყოფი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მასშტაბური ძალები იყვნენ მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ადგილზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო ავტოტექნიკა მუშაობდა.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის. ადგილზე მობილიზებული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ერთხელ გადამოწმება. ვერ დაგიდასტურებთ ახლა რომელ სართულზე იყო ცეცხლის კერა. დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო. 25 სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული", - აღნიშნა მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განმარტებით, ცეცხლის საწყისი კერა, სავარაუდოდ, ქვედა სართულებზე წარმოიქმნა, რის შემდეგაც ალმა და კვამლმა იმატა და მთელ ნაგებობაზე გავრცელდა.

ბიზნესცენტრში ცეცხლი დაახლოებით 16:00 საათისთვის გაჩნდა. შენობის შახტაში გავრცელებულმა ალმა მალევე გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება მთელ ნაგებობაში, მათ შორის, ტელეკომპანია „ფორმულას" ოფისსა და ნიუსრუმში, რის გამოც არხმა პირდაპირი მაუწყებლობა იძულებით შეწყვიტა.

მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა. შენობაში მყოფებს, მათ შორის „ფორმულას" ნიუსრუმში მყოფ 22 თანამშრომელს, მაშველების მითითებით გარკვეული დროით ადგილზე დარჩენა მოუწიათ, სანამ მათი გამოყვანისთვის უსაფრთხო დერეფანი შეიქმნებოდა. თავდაპირველად მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, შემდეგ კი ცეცხლის სრული ლიკვიდაცია გამოცხადდა. ამ დროისთვის ბიზნესცენტრის ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა, ადგილზე კი შენობის დამატებითი შემოწმება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×