თამარ ოყუჯავა
05.11.2026

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სანამ მმართველი გუნდი ინიციატივას პროცესების დახვეწითა და ეფექტიანობის გაზრდით ახსნის, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტთა ნაწილი მასში გასაჩივრების მექანიზმების შეზღუდვის რისკებს ხედავს.

საქართველოს პარლამენტში 2026 წლის 28 ოქტომბერს 6 დეპუტატის - ნოდარ ტურძელაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი - ინიციატივით დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც არსებით ცვლილებებს ითვალისწინებს „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა" და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში". ინიციატივის მიზანი საარჩევნო პროცესების ოპტიმიზაცია და ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდაა.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიღების შედეგად ერთგვაროვნად მოწესრიგდება არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები. ამასთანავე, დაზუსტდება და დაიხვეწება ცალკეული სამართლებრივი ნორმები, რაც ხელს შეუწყობს არსებული საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას" - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ადგილობრივი სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ აღნიშნულთან დაკავშირებით. მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული მოდელი არჩევნების საბოლოო შედეგების გასაჩივრების მექანიზმებს პრაქტიკულად აუქმებს.

პარლამენტი ამ ცვლილებების განხილვას 6 ნოემბერს იწყებს.

რა იცვლება საარჩევნო პროცედურებში

შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე ძირითად პროცედურულ ცვლილებას მოიცავს, რომლებიც უშუალოდ ეხება არჩევნების შეჯამებას, ბიულეტენების გადათვლასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ავტორიზაციას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება არჩევნების შედეგების შეჯამებასა და გასაჩივრებას.

აქამდე არჩევნების შედეგები ეტაპობრივად ჯამდებოდა საოლქო და ცენტრალურ დონეებზე. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ფართო საფუძვლებს, რაც მოიცავს დავას პროცედურულ დარღვევებსა და კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მქონე გარემოებებზე.

ცვლილებების შემთხვევაში, არჩევნების საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირდაპირ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე შეაჯამებს. ამასთან, ცესკოს მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკური/ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით.

გარდა ამისა, ცვლილებების შემთხვევაში, უქმდება ბიულეტენების სავალდებულო გადათვლის მექანიზმი; სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება ერთპიროვნულად; წესდება დამატებითი პროცედურული და სარეკლამო შეზღუდვები, რომლებიც ეხება საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს; იზრდება საარჩევნო ადმინისტრირების ცენტრალიზაცია და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო მეტად კონცენტრირდება ცენტრალურ დონეზე.

ცვლილება შეეხება საარჩევნო დავების განხილვასაც. აქამდე შესაძლებელი იყო სხვადასხვა საუბნო მონაცემებისა და პროცესის ერთობლივი ანალიზი, რათა შეფასებულიყო დარღვევების სისტემური ხასიათი და მათი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ცვლილებების შემთხვევაში, იზღუდება შედეგების ერთობლივ ანალიზზე დაფუძნებული სისტემური დავების შესაძლებლობა, დავა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცალკეულ უბნებზე, ხოლო ცესკოს საბოლოო ოქმის დონეზე სისტემური დარღვევებით შედეგების გასაჩივრება გამოირიცხება.

შეფასებები

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი საარჩევნო სისტემას დახვეწს, ხოლო მეორე ნაწილი მასში ხელისუფლების მხრიდან პოზიციების გამყარებისა და პროტესტის შეზღუდვის მცდელობას ხედავს.

„ეს კანონპროექტი ზოგადად რომ შევაფასოთ და ტექნიკურ დეტალებში არ შევიდე, რომელიც აბსოლუტურად უინტერესოა მკითხველისთვის, არის ის, რომ უნდა დაიხვეწოს არსებული სისტემა და ეს პროცესი გრძელდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. თუმცაღა კონტრარგუმენტები უნდა ეფუძნებოდეს არა პოლიტიკურ იდეოლოგიას, არამედ გამოვლენილი ხარვეზებისა თუ პლუსების შედარებით ანალიზსა და შეფასებას.

  • გია აბაშიძე: „კონტრარგუმენტები უნდა ეფუძნებოდეს არა პოლიტიკურ იდეოლოგიას, არამედ გამოვლენილი ხარვეზებისა თუ პლუსების შედარებით ანალიზსა და შეფასებას."

„როდესაც ამ პროცესებზე ხდება ნამდვილი, სიღრმისეული დაკვირვება, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საარჩევნო სისტემას და გამოიკვეთება გარკვეული ხარვეზები, ბუნებრივია, ამას სჭირდება დახვეწა. ასეთი რამ ხდება შეერთებულ შტატებში დღემდე და ევროპაშიც. შესაბამისად, ქართული ინიციატივა ემსახურება იმას, რომ უფრო ეფექტური გახდეს საარჩევნო პროცესები და ამის უსაფუძვლო კრიტიკა და რაღაც იარლიყების მიწებება კრიტიკოსების არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

„მარტივად რომ ვთქვათ, კოლექტიური გიგაურები და კოლექტიური ლომჯარიები საქართველოში არაფერს არ წარმოადგენენ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან სიყალბის მხარეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას."

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ცვლილებების მთავარი მიზანი არჩევნების გასაჩივრების პროცედურების გამკაცრება და მმართველი გუნდის ძალაუფლების განმტკიცებაა.

„ჩემი აზრით, ხელისუფლებას სურს, ყველანაირად გაიმყაროს პოზიციები, ეხება ეს არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ამ შემთხვევაში არჩევნებთან დაკავშირებითაც რთულდება გასაჩივრების პროცედურა. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ რესურსების გამოყენებით მოიპოვებს გამარჯვებას და შესაბამისად, ამას ვერავინ გააპროტესტებს. თუმცა თუ პოლიტიკური პარტიების გაუქმება მოხდა, რეალური ოპოზიცია არ იქნება, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას" ისედაც ვერავინ გაუწევს კონკურენციას. ცხადია, „ნეიტრალური საქართველო" და „ხალხის ძალა" არის ხელისუფლების შტოები და მათ ოპოზიციად ვერ განვიხილავთ.

  • ნიკა ჩიტაძე: „არ მგონია ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნაზე იყოს საუბარი. რეალურად აქ ორიენტირი იმაზეა, რომ სხვადასხვა პარტიას შეზღუდული ჰქონდეს პროტესტის შესაძლებლობა."

„არ მგონია ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნაზე იყოს საუბარი. რეალურად აქ ორიენტირი იმაზეა, რომ სხვადასხვა პარტიას შეზღუდული ჰქონდეს პროტესტის შესაძლებლობა. თუკი პოლიტიკური პარტიები აკრძალეს, რამდენიმე პროდასავლური პარტია რჩება და მოსალოდნელია, რომ პროდასავლურმა ელექტრორატმა მათ მისცეს ხმა. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება" ცდილობს გაიმყაროს პოზიციები და გართულდეს არჩევნების გასაჩივრების პროცესი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსის თქმით, მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას შეაფერხებს და უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×