
ოპოზიციაში ისევ გაურკვევლობაა. ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „ოპოზიციის ალიანსის" წევრი აღარ არის. დღეს კი პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი „ალიანსთან" ერთად უნდა კონცენტრირდნენ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე. ამის პარალელურად კი ენმ-ში ისევ განსხვავებული განცხადებები კეთდება „ალიანსიდან" მათი გარიცხვისა თუ გასვლის შესახებ, რაც გაერთიანების ზოგიერთი ლიდერის ირონიულ შეფასებებს იწვევს.
„ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ნცმოძრაობაში" მძიმე მდგომარეობაში არიან და თვითონაც ვერ გარკვეულან რას აკეთებენ.
კერძოდ, საუბარია ერთი მხრივ ანა წითლიძის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის ალიანსიდან გარიცხეს, მეორე მხრივ კი ამავე პარტიის წევრმა ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ „ალიანსში" თავიანთი თავი ნაწილობრივ ამოწურეს.
„არც ვიცი ვინ არის ფარულავა. არაფერ შუაში არ ვარ მიშა სააკაშვილის ჩაფეხვილ პარტიაში რატომ ვერ ეკონტაქტებიან და აგებინებენ ერთმანეთს მისი პარტიის წევრები მარტივ ინფორმაციას. ზოგადად, მძიმე მდგომარეობაში არიან. თვითონ პარტიის შიგნით ვერ გარკვეულან რას აკეთებენ", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის გარიცხვა-გასვლაზე საუბარი უნდა დასრულდეს.
- ირაკლი ფავლენიშვილი: „შენ გამრიცხე, მე წავედი" - ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვკონცენტირდეთ".
„ჩვენ არ მიგვაჩნდა სერიოზულად საუბარი და ოფიციალური მსჯელობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დაგვეტოვებინა თუ არა „ალიანსი". ახლა სხვა დროა და საზოგადოებას სხვა მოთხოვნები აქვს. მათ („ალიანსმა") ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ალიანსის" საქმიანობაში ჩართულები. ეს ყველამ ისედაც იცოდა, არ ვმალავდი მეც და ამაზე ვსაუბრობდი.
„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გაგვრიცხეს თუ ჩვენით წამოვედით, ასე გამოვიდა, რომ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია რელევანტურად. ახლაა ბრძოლაა და „შენ გამრიცხე, მე წავედი" - ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვკონცენტირდეთ", - განაცხადა ფავლენიშვილმა.
28 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი „ოპოზიციის ალიანსია". გაერთიანების ლიდერებმა 15 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ იწყებენ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქციით უნდა დაგვირგვინდეს. ამასთან დაკავშირებით „ნციონალური მოძრაობის" პოზიცია აქამდე ცნობილი არ იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ალიანსის" მიერ დაანონსებული საინფორმაციო კამპანია ფაქტიურად არ მიმდინარეობს. ამი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სარჩელის განხილვაა, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული „ალიანსის" ლიდერები.
გაყოფილი პოზიციები და დაგეგმილი აქცია
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ენმ უხერხულ მდგომარეობაშია და თავის გამართლებას ცდილობს.
„მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ვინაიდან „ალიანსში" წამყვანი ფაქტორი იყო და ახლა თავისი ამომრჩევლის წინაშე თავს იმართლებს. ამიტომ, თუ ვინმეს პოზიცია სიმართლესთან ახლოსაა, ესაა „ალიანსის" და არა ენმ-სი. სხვები რამდენად იქნებიან ერთად, ეს სხვა საკითხია,
„ამ წუთის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობა" წამოსულია „ალიანსიდან" და მან უნდა აუხსნას თავის ამომრჩეველს, სად წამოვიდა და რატომ. თუ მათთვის მნიშვნელოვანია ამომრჩეველი რას ფიქრობს და თუ არ უნდა, რომ მისი ხმები წავიდეს „ალიანსთან", ეს უნდა გააკეთოს.
- პაატა ზაქარეიშვილი: „ნაცმოძრაობა" უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და ახლა ამომრჩევლის წინაშე თავს იმართლებს. ამიტომ, თუ ვინმეს პოზიცია სიმართლესთან ახლოსაა, ესაა „ალიანსის" და არა ენმ-სი".
„ალიანსს" სხვადასხვა გამოწვევები აქვთ: უღირთ თუ არა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე? რადგან ენმ ლოკომოტივი იყო ამ ყველაფერში. თუ „ალიანსის" წევრები „ნაცმოძრაობას" ძალიან გააკრიტიკებენ, მომავალი მოისპონ მათთან. ანუ ძალიან არ უნდა აკრიტიკონ იმიტომ, რომ მაინც წამყვანი იყო ამ ალიანსში. „ახლებს" თავისი ხედვა აქვთ და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად „გაქაჩავენ" „ახლები" ამას", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
იგი 28 ნოემბერს მასშტაბურ აქციას არ ელოდება.
„ჩვენ გვინახავს დიდი აქციები - ხალხი გამოდის და მერე სახლში ბრუნდება. რა მიზანი აქვს აქციას, ესაა მთავარი. ძალიან გამიხარდება, თუ გამოვა, ვთქვათ, 100 ათასი ადამიანი. და მერე რა ხდება? ანუ აქცია თავისთავად თვითკმარი მოვლენა აღარ არის საქართველოში დიდი ხანია. აქცია რაღაცისთვის უნდა ხორციელდებოდეს. ამაზე არაფერს ამბობენ და ეს ძალიან ცუდია. უპასუხისმგებლობა ძალიან ცუდად მიჰყვება ამ პარტიებს.
„პარლამენტში არ შევიდნენ, მაგრამ რატომ - დღემდე არ უთქვამთ. მიაღწიეს თუ არ მიაღწიეს თავის მიზნებს? მერე ბოიკოტი გამოუცხადეს ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ რატომ? ეს ყველაფერი უპასუხისმგებლობაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".