
ერთი კვირაა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების საგრძნობი გაიაფების ტენდენცია შეინიშნება. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, დღემდე მივეჩვიეთ, რომ გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებული კლების ტენდენცია ჩვენთან არასდროს ჰპოვებს სათანადო ასახვას. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი მონოპოლიზებულია, შესაბამისად, დიზელისა და ბენზინის ფასებიც მაღალია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საწვავზე აქციზი არ შემცირდება. რამდენადაც პრობლემა გლობალურია, საქართველომ რაც არ უნდა შეამციროს გადასახადი, ეს მნიშვნელოვნად ვერ აისახება საწვავის ფასზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არ აქვს გადასახადს. შესაბამისად, პრემიერმა მიანიშნა, რომ აბსოლუტურად სპეკულაციურია განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით.
„გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება. ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ნავთობროდუქტების ბაზარზე არსებული ტენდენცია სრულიად დამოკიდებულია საერთაშორისო ტენდენციებზე. იქ კი ბოლო დღეებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა და კლების ტენდენცია აშკარად გამომიკვეთა. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ფასების შემცირებაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების შესაძლო დეესკალაციის მოლოდინი, სპარსეთის ყურეში ნავთობის მიწოდების პერსპექტივა და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესაძლო კორექტირების მოლოდინი.
5 ნოემბრის მონაცემებით, „ბრენტის“ ფასი კვირის დასაწყისიდან დაახლოებით 16%-ით ნაკლებია. ეს კლება დაკავშირებულია ირანთან კონფლიქტის შესაძლო დასრულების მოლოდინთან.
ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას შორის კავშირი, საერთაშორისო სპეციალისტების ანალიზის მიხედვით, შეგვიძლია ასე ავხსნათ: დემოკრატების გამარჯვება კონგრესის ორივე პალატაში ზრდის ტრამპის ადმინისტრაციაზე პოლიტიკური ზეწოლის მოლოდინს და აჩენს ირანთან კონფლიქტის დეესკალაციისა და დიპლომატიური შეთანხმების იმედს. ამას უნდა მოჰყვეს ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკის შემცირება, ასევე ნავთობისა და საწვავის ფიუჩერსულ ფასებზე დაღმავალი წნეხი.
თუმცა საერთაშორისო ანალიტიკოსები ამ შეფასებაშიც სიფრთხილეს იჩენენ, რადგან დემოკრატების გამარჯვება იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ის ირანის პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება, ან კონფლიქტი დასრულდება. ეს არის ბაზრის მოლოდინი და არა უკვე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება.
რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ნავთობპროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული. საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაიაფება პოტენციურად ქმნის ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემცირების წინაპირობას, თუმცა გავლენა მყისიერი არ არის. ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამ ტენდენციას იმით ხსნის, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი მონოპოლიზებულია.
„ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილიზაციას რაც შეეხება, ასეთი ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ საბოლოოდ დასტაბილურდა მდგომარეობა, რადგან ნებისმიერმა სხვა ტიპის მოვლენამ შეიძლება იჩინოს თავი.
რაც შეეხება შიდა ბაზარზე საწვავის ფასს, ჩვენთან ძალიან მაღალია. ქართული კომპანიები მონოპოლისტები არიან, მათ უზარმაზარი ქსელი აქვთ და ესეც ზრდის ხარჯებს. რაც მთავარია, ისინი მუშაობენ კოლოსალურ მოგებაზე და სწორედ ამიტომ გვაქვს მაღალი ფასები ბაზარზე“, - განუცხადა „რეზონანსს“ გერლიანმა.
მისი თქმით, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი გაიზარდა, მონოპოლისტებმა, რომლებიც ისედაც მაღალ მოგებას არიან მიჩვეულები, ეს მომენტი სათავისოდ გამოიყენეს.
"ახლა, როდესაც ნავთობპროდუქტების ფასები იკლებს, კომპანიები ამ კლების მიზეზს უგულებელყოფენ. როგორ ფიქრობთ, რატომ სთხოვს მოსახლეობა მთავრობას, რომ ჩაერიოს? იმიტომ, რომ ბაზარზე მონოპოლიაა და ხალხს სურს, მთავრობამ რაღაც მოიმოქმედოს. ამისთვის ორი გზა არსებობს - მოკლევადიანი, ანუ შემცირდეს აქციზის გადასახადი და გრძელვადიანი - ბაზარი უნდა გათავისუფლდეს მონოპოლიისგან. ეს პირდაპირ მთავრობის ვალდებულებაა. არსებობს ჩვენთან კონკურენციის სააგენტო და მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბერკეტები, რომ ეს ბაზარი გამოიკვლიოს, დაადგინოს, არის თუ არა მონოპოლია და შესაბამისად იმოქმედოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ საბაზრო მდგომარეობას გრძელვადიან პერსპექტივაში და როდესაც ბაზარი არ იქნება მონოპოლიზებული, მაშინ ნებისმიერი ფასი მისაღები იქნება მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ რამაზ გერლიანმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძეს, რომელიც აცხადებს, რომ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე არსებული კლების ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახება.
„დიახ, ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე კლების ტენდენციაა, რადგან ე.წ. „პლატსის“ მაჩვენებელი შემცირდა. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას საქართველოს ბაზარზეც, თუ კლების ტენდენცია ცოტა ხნით მაინც გაგრძელდება. დღეს და ხვალ - არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, საქართველოს ბაზარზეც აუცილებლად დაიწყება კლება, მთავარია ტენდენცია გაგრძელდეს.
რაც შეეხება საწვავზე აქციზის შემცირებას, ეს მთავრობის პრეროგატივაა. მართალია, გადასახადის შემცირება საწვავს გააიაფებს, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდება. ამიტომ ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა ურჩევნია - საწვავის გაიაფება, თუ ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას ზაალ იაკობიძემ.