თამარ ოყუჯავა
05.11.2026

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვება თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეცვლის. ადგილობრივი მედია აქტიურად განიხილავს ამ მოსალოდნელ ცვლილებებს და ხუთ მთავარ მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას. არის საუბარი საკადრო ცვლილებებზე. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნად პირველად დაინიშნოს სსრკ-ში დაბადებული პოლიტიკოსი.

„როიტერსი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, დემოკრატები გეგმავენ კონგრესის საბიუჯეტო და ზედამხედველობის უფლებამოსილებები აქტიურად გამოიყენონ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო კურსი შეცვალონ. მათივე ცნობით, დემოკრატები ხუთ ძირითად მიმართულებაზე გეგმავენ ყურადღების გამახვილებას.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატების ეს განწყობები ჯერ კიდევ ზაფხულში გამოიკვეთა. მაგალითად, წარმომადგენელთა პალატაში 2026 წლის 15 ივლისს ჩატარებული კენჭისყრაზე დემოკრატების ნახევარზე მეტმა ხმა მისცა ისრაელისთვის აშშ-ის 3.3 მილიარდი დოლარის დახმარების გაუქმებას, თუმცა მაშინ ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა - 104 მომხრე და 314 წინააღმდეგი.

იანვრიდან კი, ახალი უმრავლესობის პირობებში, მოსალოდნელია შემდეგი ნაბიჯები:

- ირანის ომის შეზღუდვა: არჩევნებზე მოპოვებული უპირატესობის ფონზე, კონგრესი გეგმავს გამოიყენოს სამხედრო უფლებამოსილების რეზოლუცია და შეზღუდოს ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების დაფინანსება;

- უკრაინის დახმარების აღდგენა: მოსალოდნელია უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო და ფინანსური დახმარების პაკეტების აღდგენა. დემოკრატებსა და რესპუბლიკელთა ნაწილს შორის არსებული ორპარტიული მხარდაჭერა საშუალებას მისცემს კონგრესს, გვერდი აუაროს პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს (ორ მესამედზე მეტი ხმით);

- სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: დემოკრატები აპირებენ დაბლოკონ თეთრი სახლის გადაწყვეტილება რუსულ ენერგომატარებლებზე (კერძოდ, დიზელზე) დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ და მოითხოვონ ახალი შეზღუდვების დაწესება;

- ახლო აღმოსავლეთის კონტროლი: კონგრესი გეგმავს გაძლიერებულ ზედამხედველობას ახლო აღმოსავლეთში იარაღის მიწოდების პროცესზე და ჰუმანიტარული სტანდარტების დაცვის მონიტორინგს;

- ტარიფების მართვა: წარმომადგენელთა პალატა შეეცდება შეზღუდოს ადმინისტრაციის უფლება, ცალმხრივად დააწესოს მაღალი საბაჟო ტარიფები მოკავშირე ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.

შესაძლო საკადრო ცვლილებები

რესპუბლიკელთა მარცხის შემდეგ, ვაშინგტონში ასევე აქტიურად განიხილება საკადრო ცვლილებების საკითხი.

თავდაპირველად ტელეკომპანია „სი-ბი-ეს ნიუსმა" გავრცელა ცნობა, რომ ტრამპის გარემოცვაში ირანის არაპოპულარული ომის გამო არჩევნებში განცდილ მარცხზე პასუხისმგებლობის პენტაგონის ხელმძღვანელისთვის დაკისრებას განიხილავდნენ, ხოლო პიტ ჰეგსეთის სავარაუდო შემცვლელად ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი დასახელდა. თუმცა, როგორც „როიტერსი" იუწყება, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეს ცნობები უარყო: „არა, ვფიქრობ, ის ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს". თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ კი დაადასტურა, რომ ჰეგსეთი პრეზიდენტის სრული ნდობით სარგებლობს.

ამის პარარელურად გამოცემა „ვაშინგტონ სანი" სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახლო მომავალში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შესაძლოა დატოვოს თანამდებობა, რათა მოემზადოს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სადაც ის რესპუბლიკელთა ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილება. მის პოტენციურ შემცვლელად კი ინდოეთში აშშ-ის ელჩი სერჯიო გორი სახელდება.

„როგორც შიდა საუბრების კურსში მყოფი 10 პირი აცხადებს, თეთრი სახლის ყოფილი მაღალი რანგის თანაშემწე და ტრამპის ახლო მოკავშირე გორისთვის შუალედური არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი დაწინაურებისთვის ნიადაგს უკვე ამზადებენ", - ვკითხულობთ „ვაშინგტონ სანის" მასალაში.

თავად გორმა „ჰინდისტან თაიმსთან" საუბრისას გავრცელებულ ცნობებს „უსაფუძვლო ჭორები" უწოდა და აღნიშნა, რომ რუბიო მისი ახლო მეგობარი და ამასთან „ისტორიაში საუკეთესო სახელმწიფო მდივანია".

აღსანიშნავია, რომ გორის დაწინაურებასთან დაკავშირებით სხვა ვერსიაც ვრცელდება. მან, შესაძლოა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე კრისტოფერ ლანდაუ შეცვალოს.

მედიის ცნობით, სერჯიო გორი ტრამპის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. განსაკუთრებით საინტერესო კი ისაა, რომ ის სსრკ-შია დაბადებული, რასთან დაკავშირებითაც დასავლურ მედიასა და საგამოძიებო მასალებში 2 განსხვავებული ვერსია არსებობს.

პირველი ვერსიის მიხედვით, იგი დაიბადა 1986 წლის 30 ნოემბერს ტაშკენტში (უზბეკეთი, სსრ). მისი ნამდვილი სახელი კი სერგეი გოროხოვსკია. „ვიკიპედიის" მასალების მიხედვით, 80-იანი წლების ბოლოს გოროხოვსკების ოჯახი საცხოვრებლად მალტაში გადავიდა და მოგვიანებით - აშშ-ში. ხოლო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლისას სერგეი გოროხოვსკიმ გვარი შეამოკლა და გორი გახდა.

არსებობს მეორე, ალტერნატიული ვერსიაც. თავის დროზე გამოცემა „ნიუ იორკ პოსტმა" გაავრცელა ცნობა, რომ გორს თეთრ სახლში მუშაობისას სრული უსაფრთხოების შემოწმება გავლილი არ ჰქონდა, დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა და ანალიტიკოსებმა წამოწიეს ვერსია, რომლის მიხედვითაც იგი შესაძლოა წარმოშობით რუსეთის ქალაქ სარატოვიდან იყოს და მისი დაბადების სახელია სერგეი გორიაჩევი.

თუ ეს საკადრო ცვლილება მაინც განხორციელდა, აშშ-ის საგარეო უწყებას პირველად ჩაუდგება სათავეში საბჭოთა კავშირში დაბადებული დიპლომატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×