
24 სექტემბერს, მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, 9 თვის ორსული ქალი მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შევიდა.
პატიმრის მეუღლეს საზოგადოებრივ მისაღებში საბუთები შეუმოწმეს და შიდა სივრცეში გადაიყვანეს, მას კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების შემოწმება უნდა გაევლო. სამართლებრივი პროცედურების ჩატარების დროს აღმოჩნდა, რომ ორსულ ქალს თან ჰქონდა აკრძალული ნივთიერებები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალფა-პვპ-სა და მეთადონის ციხეში შეტანის ფაქტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.
"კურიერის" ინფორმაციით, ორსულ ქალს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სხეულში ჰქონდა დამალული.
გასაჯაროვდა სქემაც, რომლის მიხედვითაც ციხეში ნარკოტიკი უნდა შეეტანათ. მსჯავრდებულმა ცოლს დაურეკა და დანაშაული დააორგანიზა. სატელეფონო ზარიდან მალევე, 32 წლის ქალს, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მისთვის უცნობი 3 პირი შეხვდა და ალფა-პვპ და მეთადონი გადასცა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტზე 4 პირია ბრალდებული, მათ შორის ორსული ქალის მსჯავრდებული მეუღლეც.
ოთხივე პირის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. პროცესი 2 საათს გაგრძელდა. დარბაზში იმყოფებოდა სამი დაკავებული: ზაზა ბერულავა, ზურა კერესელიძე და ლექსო ლომიძე, მსჯავრდებულმა გიორგი სორდიამ კი სხდომაზე დასწრება არ ისურვა. დაკავებულებს სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ.
მოსამართლემ დღეს მხოლოდ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით იხელმძღვანელა. ნარკოდანაშაულის საქმეზე ბრალდებული ოთხივე პირის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელი სიტყვა თქვა. პროკურორმა დანაშაულებრივი სქემის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომლითაც ბრალდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ.
3 დაკავებულს ბრალად ედება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა. ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მცდელობის ორგანიზების მუხლით დაუმძიმდა.