ნატალია ჯვარიძე
06.11.2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ნათესავის ქორწილში მიმავალ ძმებს თანასოფლელმა ჩასაფრება მოუწყო და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მათგანი ადგილზე მოკლა, მესამემ კი გაქცევა შეძლო. მომხდარზე შსს-მ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა, რომელსაც 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სავარაუდო მოტივად კი წარსულში მომხდარი კონფლიქტი და შურისძიება სახელდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს.

სამართალდამცველებმა კახეთში მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და ორი პირი დააკავეს.

„მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევა 5 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო. ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

  • მოკლულების ნათესავები ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ -უსუფოვების დისშვილი მოიტაცა

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. მიღებული დაზიანებების გამო ორი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებული 54 წლის ბალშინ კაიბოვია - მან სრულად ითანამშრომლა პოლიციასთან და ჩადენილი დანაშაული აღიარა.

რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ მოტივად შურისძიება და წარსულში დაწყებული კონფლიქტი განიხილება.

სამი ძმიდან იმ ერთადერთმა ძმამ, რომელიც შემთხვევას გადაურჩა იხსენებს, თუ რა მოხდა. ელმან უსუფოვი ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 17:00 საათისთვის ორ ძმასთან და კლასელთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა გაჩერდა და მათი მისამართით სროლა დაიწყო. უსუფოვი იხსენებს, რომ სროლის დროს თავად მანქანას მოეფარა, მის ძმებს კი რამდენჯერმე დამიზნებით ესროლეს და ადგილზე მოკლეს".

„ოთხნი ვიყავით -სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა", - განაცხადა ელმან უსუფოვმა.

მას მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ზუსტი პასუხი არ აქვს. განიხილება ერთადერთი ვერსია, რომელიც რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება.

მოკლულების ნათესავები ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელის ძმამ -უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, მათ კი გოგო უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და გარდაიცვალა.

„ჩემი მამიდაშვილის ბიჭია, არ ვიცი რატომ მოკლა, მტრები არ იყვნენ, არ ვიცი რა მოდა. სროლა რომ დაიწყო ერთი ძმა გაიქცა, თორემ ამ ძმის მოკვლაც უნდოდა, ქორწილი იყო ზევით და იქ მიდიოდნენ", - ამბობს ადგილობრივი.

ლამბალოში გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა - პოლიციამ გამოკითხა მეზობლები და მოკლული ძმების ნათესავებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×