თამარ ოყუჯავა
07.11.2026

პარლამენტის მიერ 28 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლებასა და საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, საპატრიარქოს მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი გახდა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად შიო მესამის არჩევის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესია მმართველი გუნდის ინიციატივას ღიად უპირისპირდება, ხელისუფლება კი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს.

დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის მიერ 28 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტი გახდა, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლებასა და საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქო ამ პროცესისგან „განზე ვერ დარჩება". მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკლესია 2017 წლიდან აქტიურად ითხოვდა აზარტული თამაშების რეგულაციების გამკაცრებას და ამ პროცესის უშუალო ინიციატორიც იყო.

„ჩვენთვისმოულოდნელი იყო აზარტულ თამაშებზე ასე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და სამი მოსმენით მიიღეს ეს კანონი.

„ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ამაში ღრმად ჩახედვა და გარკვევა. პატრიარქი დასავლეთში იმყოფებოდა იმ პერიოდში. ვგეგმავთ აუცილებლად, რომ ამის შესახებ ვისაუბროთ ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, სიცხადე აქ უფრო მეტი იქნება", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ადრე საპატრიარქო უშუალოდ მონაწილეობდა კანონმდებლობის მომზადებაში, ამჯერად გადაწყვეტილება ეკლესიის ჩართულობის გარეშე და რამდენიმე დღეში მიიღეს:

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის იქ ასაკთან დაკავშირებით და იმ რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღეთ. როდესაც რეგულაციებს ვიღებდით, ზიანის შემცირების მიზნით, ჩვენ მოვანდომეთ ამას დაახლოებით ოთხი წელი. ჩართული იყო საპატრიარქოდან მუშა ჯგუფში წარმომადგენლობით, ხოლო ეს კანონი, რომელიც წინა კვირაში იქნა მიღებული, ორი დღის განმავლობაში იქნა მიღებული. ამიტომ შეკითხვები ძალიან ბევრია."

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „როდესაც რეგულაციებს ვიღებდით, ზიანის შემცირების მიზნით, ჩვენ მოვანდომეთ ამას დაახლოებით ოთხი წელი. ჩართული იყო საპატრიარქოდან მუშა ჯგუფში წარმომადგენლობით, ხოლო ეს კანონი ორ დღეში მიიღეს. ამიტომ კითხვები ძალიან ბევრია."

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს თავის ქადაგებაში კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს მიიღებს და ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის.

„ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში: რომ რას არგებსო ადამიანსო, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს და თავის თავს დაკარგავს და ავნებს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? ეს კი უკვე ეხება მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის თუ გნებავთ ქვეყნისთვისაც.

„და მეტსაც გეტყვით წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც აი ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს აი ამ ცოდვის არსებობას და ამ ცოდვის ჩადენას", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

საპატრიარქოს მხრიდან კრიტიკასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ოფიციალური პასუხი ან განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის თქმით, ეკლესიის პოზიცია სწორია, თუმცა ეს არ ნიშნავს ამ ორ ინსტიტუციას შორის კონფლიქტის დასაწყისს.

„ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას უაღრესად დადებითდ ვაფასებ, ვინაიდან, რაც ეს ხელისუფლება არის, მას შემდეგ ხელისუფლება და ეკლესია მოქმედებენ ერთიან უნისონში, რომელიც ემსახურება ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული სულიერებას უძველეს ტრადიციებს.

„არის გარკვეული საკითხები, სადაც ეკლესიამ უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია. მეც პირადად, 28 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება მიმაჩნია არასწორად. საქართველოში კაზინოების ტურნირების მოწყობა და საერთოდ კაზინოები, მე რომ მკითხო, ეს არის დამღუპველი ქართველი ახალგაზრდობისათვის. ამიტომ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი პოზიცია გამოთქვა ეკლესიამ, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ამაში ჩვენ კონფლიქტის საწყისები უნდა ვეძებოთ. ეკლესიამ გამოთქვა პოზიცია, რომელიც კიდევაც უნდა გამოეთქვა", - „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა გვენეტაძემ.

  • ედიშერ გვენეტაძე: აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა როდესაც ეკლესია კონკრეტულ საკითხზე გამოთქვამს თავის განსაკუთრებულ მოსაზრებას და უარყოფით დამოკიდებულებას, ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს."

მისი აზრით, ეკლესიის ისტორიული და სულიერი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი ვალდებულია საპატრიარქოს პოზიციას ანგარიში გაუწიოს, თუმცა, ეს კონკრეტული უთანხმოება ინსტიტუციურ კრიზისში არ გადაიზრდება:

„ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ქართული სულიერების გამომხატველი, ხელისუფლება უნდა ითვალისწინებდეს მათ პოზიციას საკანონმდებლო ან ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული იდენტობა ძალიან მნიშვნელოვნად დგას ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლი მთელი ისტორიის მანძილზე წარუშლელია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ უნდა ითვალისწინებდეს. აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა როდესაც ეკლესია კონკრეტულ საკითხზე გამოთქვამს თავის განსაკუთრებულ მოსაზრებას და უარყოფით დამოკიდებულებას, ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს.

„აღნიშნული შემთხვევა არის აზრთა სხვადასხვაობა და არანაირად არ შეცვლის ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული ეკლესიის აზრს, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×