
ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის მოულოდნელი შეხვედრა პოლიტიკური განხილვების მთავარ თემად იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე საჯაროდ და დიპლომატიურ კორპუსთან უკიდურესად იშვიათად ჩნდება, ამ აუდიენციამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ხოლო თუ რა იყო ამ შეხვედრის მთავარი მიზანი, ამაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
შეხვედრა 6 ნოემბერს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა. მას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და ყოფილი დეპუტატი, გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე.
„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს. გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებაზე.
„ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს.
„ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ", - ვკითულობთ პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შეხვედრას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში ისრაელის საელჩოც:
„საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის.
„ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ისრაელის საელჩო იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობა კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება".
შეფასებები
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენა საგარეო პოლიტიკას უკავშირდება, კერძოდ, საქართველოს ურთიერთობებს ირანთან, ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელ ესკალაციასა და აშშ-ისრაელის მხრიდან ირანზე მოსალოდნელ დარტყმებს.
„თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, ეს შეხვედრა ივანიშვილის მხრიდან ირანთან დაახლოების პოლიტიკაში დაშვებული შეცდომის ირიბი აღიარებაა.
„ჩვენ მართლები ვიყავით, თქვენ - ქართული მედია, სხვა ქართველი ექსპერტები, ვინც ლაპარაკობდნენ, რომ ირანთან დაახლოება ქვეყანას აკარგვინებდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის ისრაელის სახით. ასეთი ხაზგასმით ამ შემთხვევაში არაფორმალური, ნომერ პირველი ლიდერის შეხვედრა ამას ადასტურებს, რომ ივანიშვილმა ფაქტიურად აღიარა ეს შეცდომა და ეს პრობლემა, რომელიც ქვეყანას მან თავად შეუქმნა და ამის გასაჯაროებით უბრალოდ დაგვანახა ის, რომ თითქოს ეს საკითხი ამოწურულია.
„ირანი მე მგონია ეკონომიკურზე უფრო მეტად იყო ანტიდასავლურობის კარტის გასათამაშებლად ინსტრუმენტი. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ვითარებაში ეს კარტი გაჭრილად შეიძლება მივიჩნიოთ.
„ჩვენ სწრაფადვე შევუერთდით ირანული ავიაკომპანიის დაწესებულ ამერიკულ სანქციებს, ახლა უკვე ეს შეხვედრა ისრაელის ელჩთან ასეთი ხაზგასმით კეთილგანწყობილი და ეს ხაზგასმა ჩანს იმაში, რომ ივანიშვილი, რომელიც თავს არ იწუხებს - შეხვდა მათ, მიანიშნებს იმაზე, რომ მინიმუმ ირანთან ურთიერთობების გაყინვას და უკან დახევასაც შეიძლება ველოდოთ", - აღნიშნა გიორგი შაიშმელაშვილი.
- ირაკლი ქადაგიშვილი: „მე რამდენადაც ვიცი საჯარო წყაროებიდან, ელჩს ჰქონდა სურვილი შეხვედრისა და შეხვდა, ვისთანაც სურვილი ჰქონდა."
მმართველ პარტიაში ვერ აკონკრეტებენ, თუ რას უკავშირდება ეს შეხვედრა. „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეხვედრის ინიციატორი ისრაელის ელჩი იყო.
„მე რამდენადაც ვიცი საჯარო წყაროებიდან, ელჩს ჰქონდა სურვილი შეხვედრისა და შეხვდა, ვისთანაც სურვილი ჰქონდა. როგორ ვიმკითხაო, ელჩს ჰქონდა სურვილი შეხვედრისა, მეორე მხარე დასთანხმდა და შეხვდა", - განაცხადა ქადაგიშვილმა
„ეს არის გზავნილი აშშ-სათვის..."
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ შეხვედრის მთავარი მიზეზი აშშ-ის 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებაა. ამაზე უფრო მეტად საინტერესო კი, მისი აზრით, მმართველი პარტიის მიერ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებაა:
„მგონი უფრო საინტერესო ისაა, თუ რატომ მოხდა ამ შეხვედრის ასეთი პროპაგანდირება. ივანიშვილს შეეძლო ისე შეხვედროდა ელჩს, რომ არც არავისთვის არაფერი ეთქვა. დღეს ისრაელს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სთან, უფრო კარგი ურთიერთობა აქვს ტრადიციულად დემოკრატებთან, ვიდრე რესპუბლიკელებთან. ამიტომ შეხვედრა, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ დემოკრატებმა გაიმარჯვეს შტატებში და ივანიშვილი, როგორც წესი, ეძებს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან. ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ცნობილია და ცხადია, ამიტომ ერთადერთი ვარიანტი, რაც შეიძლება ამ მიმართულებით გამოსწორდეს, არის ამერიკასთან ურთიერთობის მეტ-ნაკლებად ნორმალიზება."
ძაბირაძის თქმით, ივანიშვილის მოულოდნელი აქტიურობა უკავშირდება იმას, რომ აშშ-ში შიდაპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, პრეზიდენტ ტრამპის ძალაუფლება შეიზღუდა, რამაც ივანიშვილი აიძულა, დემოკრატებთან დაახლოებულ ისრაელში ახალი საყრდენები ეძებნა.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ივანიშვილს ამ შეხვედრით და მისი აფიშირებით უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის მოლაპარაკებისთვის. ოღონდ ამ მოლაპარაკების მაგიდაზე რა იდება, ეს არავინ იცის".
„ტრამპმა არ გაამართლა, მით უმეტეს, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა და ისიც უკვე შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, სამართლებრივად მას კონგრესი მაინცდამაინც დიდ შეზღუდვებს ვერ შეუქმნის, ვგულისხმობ საგარეო ურთიერთობებს, ის იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს დემოკრატებს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დროზე ადრე, ტრამპი შევიდა იმ პოზიციაში, რასაც ამერიკელები „კოჭლი იხვის" პოზიციას უწოდებენ. ანუ, მისი სრულფასოვანი, ასე ვთქვათ, მონოპოლია ძალაუფლებაზე უკვე ეჭვის ქვეშ დადგა და ამიტომ გასაგებია, რომ ივანიშვილმა დაიწყო ძებნა. ადრეც რამდენჯერმე ითქვა, რომ „ქართული ოცნება" ეძებს ისრაელში რაღაც საყრდენებს, რათა ამერიკასთან ურთიერთობა რამენაირად დაარეგულიროს", - აცხადებს ძაბირაძე.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ამბის გასაჯაროება ემსახურებოდა არა შიდა აუდიტორიას ან ისრაელს, არამედ ეს იყო პირდაპირი სიგნალი ამერიკის მოქმედი ხელისუფლებისათვის:
„ეს იმიტომ გავრცელდა, რომ ვინმეს შემთხვევით არ ეგონოს, რომ ეს არის ისრაელის ინიციატივა. ფაქტიურად, ეს არის შეტყობინება არა ისრაელის ან ქართული საზოგადოებისადმი, არამედ ამერიკული ხელისუფლებისადმი, რომ ივანიშვილი ეძებს რაღაც ურთიერთობას მათთან."
ანალიტიკოსის თქმით, ივანიშვილი ელჩთან შეხვედრით ცდილობს დააზღვიოს ამერიკული დახმარებები, ბიზნესინტერესები და აჩვენოს მზადყოფნა დიალოგისთვის.
„ვფიქრობ, ეს არის ძიება, გადამოწმება იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია დემოკრატებთან ურთიერთობა. იმიტომ, რომ დემოკრატები ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილი „ქართული ოცნების" მიმართ. აღარ დავიწყებ იმ ინიციატივების ჩამოთვლას, რასაც ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ამერიკის კონგრესში. ამიტომ, აქ პრობლემა სწორედ ესაა, რომ ივანიშვილს ამ შეხვედრით და მისი აფიშირებით უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის მოლაპარაკებისთვის. ოღონდ ამ მოლაპარაკების მაგიდაზე რა იდება, ეს არავინ იცის", - „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.