ნატალია ჯვარიძე
08.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა ერთი დღით გადაიდო და 10 ნოემბერს განახლდება. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია კვლავ ეცდება პროცესის გაწელვას. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სხდომაზე სარჩელის აბსურდულობასა და მმართველი ძალის არაკონსტიტუციურ ზრახვებს დეტალურად ამხელენ.

სხდომა 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სარჩელის გადადების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

განხილვა 10 ნოემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული. ამ ეტაპზე სასამართლო სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და მხარეები ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

პოზიციები

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა და ოპოზოცოური პარტიები „თავის დაძვრენას" შეეცდებიან.

„სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის არაკონსიტუციური შინაარსი, დანაშაულების კასკადი, რომელიც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი კონსტიტუციის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ამიტომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ამ პარტიების ქმედების სწორედ ეს არაკონსტიტუციური სახე.

  • გიორგი სიორიძე: „ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართული ოცნების" ეს აბსურდული სარჩელი პუნქტობრივად, ნაწილ-ნაწილ დავშალოთ და ვამხილოთ „ქართული ოცნება" ცრუ ბრალდებებში".

„ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ არაკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს კითხვებზე, რომელიც მოსარჩელე მხარეს ექნება. პირიქით, იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა და შინაარსობრივად არასრული, ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით ისინი შეეცდებიან, თავის დაძვრენას ამ მოცმულობისგან, რომელსაც, ბუნებრივია, ისინი ვერ შეძლებენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ლელო - ძლიერი საქართველო" კი ააცხადებს, რომ „ნაწილ-ნაწილ დაშლიან" ბრალდების აგუმენტებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის თქმით, სამშაბათიდან მისი პოლიტიკური ძალა დეტალურად ამხელს მმართველ პარტიას „დანაშაულებრივ მიზანში", რომელიც ოპოზიციის გაქრობით საქართველოში დიქტატურის გაფორმებას ითვალისწინებს.

„სასამართლო განხილვის ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართული ოცნების" ეს აბსურდული სარჩელი პუნქტობრივად, ნაწილ-ნაწილ დავშალოთ და ვამხილოთ „ქართული ოცნება" ცრუ ბრალდებებში, ვამხილოთ „ქართული ოცნება" იმ დანაშაულებრივ მიზანში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში დიქტატურის გაფორმებას, პარტიების, პოლიტიკური ოპოზიციის სრულად გაქრობას და ამავდროულად, რუსეთის მავნებლური პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულად ქცევას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ „ძლიერი საქართველო - ლელო" ართუ იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელმყოფი, არამედ ყოველთვის იდგა საქართველოს კონსტიტუციის სადარაჯოზე, განსხვავებით, „ქართული ოცნებისგან" და რეალურად ეს იქნება ბრალდება „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ჩვენ ვამხელთ „ქართულ ოცნებას" მათ არაკონსტიტუციურ ზრახვებში", - აცხადებს სიორიძე.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „არ გამოვრიცხავ, რომ თუ წარმოიშვა ამის აუცილებლობა, ხელისუფლებამ წარმოადგინოს რაღაც დამატებითი საბუთები".

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ფარულავას შეფასებით კი, „ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს".

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, სასამართლო სხდომებისას ეს იკითხება, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვართ და თუკი ვინმეა ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, ეს „ქართული ოცნებაა" თავისი საკონსტიტუციო სარჩელით, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიას აუქმებს და ამის იურიდიულ გაფორმებას სწორედ ის კოლეგია ახდენს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია.

„ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ჩვენი არგუმენტები, მტკიცებულებები და ფაქტები კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას; ფაქტები, რომელიც ევროპის სასამართლოში აუცილებლად წავა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ფარულავამ.

როგორ გაგრძელდება პროცესი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პროცესები ჩველებრივ გაგრძლდება, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა მმართველმა პარტიამ მეტი სამხილები წარმოადგინოს.

„ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება. მხარეები წარმოადგენენ საკუთარ არგუმენტაციას, ანუ მომდევნო სხდომები არ მგონია რაღაც თვისებრივად განსხვავდებოდეს წინა სხდომებისგან. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომლის ფინალიც, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დადგება - საკონსტიტუციო სასამართლო დაასრულებს ამ განხილვებს და გავა ვერდიქტის გამოსატანად. მე ამ შედეგს ველოდები, რამე განსაკუთრებულ სიურპრიზს ან ისეთ მოულოდნელ რაღაც გადაწყვეტილებას ოპოზიციის ან ხელისუფლების მხრიდან არ ველოდები.

„ერთ რამ მინდა აღვნიშნო - არ გამოვრიცხავ, რომ თუ, დავუშვათ, მსჯელობების დროს წარმოიშვა იმის აუცილებლობა, რომ უფრო მეტი არგუმენტი იქნას წარმოდგენილი ხელისუფლების მხრიან, წარმოადგინოს რაღაც დამატებითი საბუთები, სამხილები მისი სარჩელის გასამყარებლად", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×