
აჭარაში ციტრუსის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური პირობების გამო წლიური მოსავალი რეკორდული არ არის, შეიქმნა ყველა საჭირო პირობა, რათა ნარინჯისფერმა რთველმა თითოეულ მხარეს - სახელმწიფოს, ბიზნესსა და ფერმერებს სასურველი შედეგი მოუტანოს. ამასთან, ხელისუფლების მთავარი სწორება ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეა. ამ დადებით მოლოდინს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ეფექტიანი საორგანიზაციო ღონისძიებებიც აძლიერებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო. სახელმწიფო სუბსიდია ერთ კილოგრამზე 35 თეთრი იქნება, ხოლო საწარმო დამატებით 5 თეთრს გადაიხდის. შესაბამისად, ფერმერი არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებისთვის კილოგრამზე 40 თეთრს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ციტრუსის მოსავლის რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. საკოორდინაციო შტაბის გახსნის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ადგილზე პირადად გაეცნო არსებულ ვითარებას, მოსავლის მიღება-ჩაბარების მზადყოფნასა და საორგანიზაციო პროცესებს.
შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ესწრებოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფერმერების მხარდაჭერა, მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და საექსპორტო ბაზრების გაფართოება ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შუა აზიის ქვეყნებში ციტრუსის ექსპორტის გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებასა და საექსპორტო დოკუმენტაციის მინიმალური ბიუროკრატიით მომზადებას, რათა მოსავალი დროულად გავიდეს ბაზრებზე და ფერმერებმა მეტი შემოსავალი მიიღონ.
„აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებისთვის ერთ კილოგრამზე 40 თეთრს მიიღებენ - 35 თეთრი სახელმწიფო სუბსიდიაა, ხოლო 5 თეთრს საწარმო გადაიხდის.
წელს აჭარაში 40 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ფერმერები და ექსპორტიორები ციტრუსის სეზონთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასა და მოსავლის დაბინავების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების აქტიურობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. დავით სონღულაშვილის თქმით, გათვლილი ღონისძიებები ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის გარანტიას აძლევს. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით წელს არც ერთი კილოგრამი პროდუქცია გაუყიდავი არ დარჩება.
,,აჭარაში გაიხსნა ციტრუსის მოსავლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შესაძლებელია, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს მოსავლის ჩაბარების პროცესი. მოთხოვნა დიდია როგორც მაღალი ხარისხის პროდუქციაზე, ასევე არასტანდარტულ ციტრუსზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზრდილი მოთხოვნა ცენტრალური აზიის ბაზრებიდან, ჯამში 40 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით.
მნიშვნელოვანია ციტრუსის ღირსეულად დაბინავება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა არასტანდარტული პროდუქციის დაბინავების ნაწილში. ამ მიმართულებით მინდა ვთქვა, რომ ჯამში გაუყიდავი პროდუქცია არ დარჩება და მოსავალი ორგანიზებულად დაბინავდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ადგილობრივი ფერმერებიც საუბრობენ. მოსავლის დაბინავების პროცესსა და მიღებულ სარგებელზე "რეზონანსს" საკუთარი გამოცდილება ქობულეთელმა ფერმერმა გულივერ ბოლქვაძემ გაუზიარა.
„შარშან 5 ტონამდე ციტრუსი დავკრიფეთ, წელსაც ამდენივეს ველოდები. მოსავალს კარგად მოვუარეთ, წესების მაქსიმალური დაცვით, რაც ხარისხზეც აისახა. ფერმერებისთვის, ყველაზე დიდი შვება სწორედ ის არის, რომ მოსავლის ჩაბარების პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გახდა, მანდარინს ზედმეტი ხარჯებისა და დაბრკოლებების გარეშე დავაბინავებთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტანდარტული პროდუქციის სუბსიდირება. წლების წინ დაბალხარისხიანი მოსავალი ხშირად გვიფუჭდებოდა და დიდი ზარალი გვქონდა, ახლა კი ვიცით, რომ სახელმწიფო სუბსიდიისა და საწარმოს თანამონაწილეობით თითოეულ კილოგრამში გარანტირებულ 40 თეთრს მივიღებთ. მუდმივად გვაქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ყველა საჭირო რეკომენდაცია დროულად მივიღეთ. ეს სუბსიდია გვაძლევს გარანტიას, რომ შრომა წყალში არ ჩაგვეყრება, არც ერთი კილოგრამი გაუყიდავი არ დარჩება. მიღებული შემოსავლით შევძლებთ როგორც ოჯახების დახმარებას, ისე მომავალი სეზონისთვის უკეთ მომზადებას“, - განუცხადა ფერმერმა „რეზონანსს“.
მისივე თქმით, წლევანდელი მოსავალი ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც წარმატებული ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით უზრუნველყოფს.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი კოორდინაციას გაუწევს საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების გაცემის პროცესს, ასევე მონიტორინგს გაუწევს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების საკითხს. სეზონის განმავლობაში მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის - 1501-ის საშუალებით შეეძლებათ. საკოორდინაციო შტაბი საქმიანობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.