
"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ალიანსში აღარ არის, თუმცა, პარტია საპროტესტო პროცესებში მონაწილეობას აპირებს. ენმ-ში აცხადებენ, რომ ალიანსის საქმიანობაში პარტია ბოლო თვეების განმავლობაშიც არ მონაწილეობდა და ახლა მისთვის მთავარი არა პოლიტიკური უთანხმოებები, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი და 28 ნოემბრის აქციაა.
ოპოზიციურ ალიანსში ენმ-ის გარიცხვის ან მისი ალიანსიდან წასვლის საკითხი ოფიციალურად გაფორმდა, თუმცა, როგორც პარტიის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი განმარტავს, ეს რეალურად ახალი მოცემულობა არ არის.
მისი თქმით, პარტია ბოლო თვეების განმავლობაში ალიანსის საქმიანობაში ისედაც აღარ მონაწილეობდა, რადგან ენმ-ის ყოფნა მუდმივ დაპირისპირებას იწვევდა. ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ახლა ამ საკითხზე კამათის დრო არ არის და ოპოზიციურმა ძალებმა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესსა და 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე უნდა გადაიტანონ.
მოირღვა თუ არა ოპოზიციის ერთიანი ფრონტი
კითხვაზე, მოირღვა თუ არა ენმ-ს ალიანსიდან გასვლით ოპოზიციის ერთიანი ფრონტი შემდგომი პოლიტიკური ბრძოლისთვის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაწილობრივ მოირღვა, თუმცა ენმ მაინც ალიანსის გვერდით დგას.
- ნიკა ჩიტაძე: "შეიძლება ენმ ალიანსიდან გავიდა მაგრამ, გახარიას პარტიისგან განსხვავებით, აქციას უერთდება და ამით აფიქსირებს, რომ მაინც ალიანსის გვერდზე დგას"
"ნაწილობრივ კი და ნაწილობრივ არა. შეიძლება ენმ ალიანსიდან გავიდა მაგრამ, მეორეს მხრივ, მაგალითად, გახარიას პარტიისგან განსხვავებით, აქციას უერთდება და ამით აფიქსირებს, რომ მაინც ალიანსის გვერდზე დგას.
"28 ნოემბრის აქციაზე ხალხმრავლობა იქნება, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბოს, მაგრამ, აქ მთავარია შემდგომში პროცესები როგორ წარიმართება, თუნდაც პარტიების აკრძალვის შემთხვევაში. თუმცა, ალბათ ხელისუფლების მიზანია, თუ პარტიები აკრძალა, ალბათ პოლიტიკურ საქმიანობასაც აუკრძალავს, თუნდაც ამ პარტიების წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა რომ აქციაში მონაწილეობა მიიღონ.
"ნაცმოძრაობის" ალიანსიდან გასვლა ერთიანი ტაქტიკისთვის მაინც მოქმედებს უარყოფითად, მაგრამ საერთო ჯამში, ფრონტი არ ჩამოიშლება. კი ბატონო ალიანსიდან გასვლას თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ისევ მათ გვერდზე დგას",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის ტაქტიკა მორღვეულია და 28 ნოემბერს არაფერს არ უნდა ველოდოთ.
"28 ნოემბერს არაფერს არ უნდა ველოდოთ. გამოვა ის ხალხი, რომლებიც ქუჩაში დარბიან აგერ უკვე მესამე წელიწადია და ყვირიან - ხან ნეპალის წყალი გამოგვესხას, ხან რუმინეთის, ხან ვისი, ხან ვისი. ახლა ალბათ გამოვლენ მთავარი ლოზუნგით "კრაკოვის წყალი გადაგვესხასო" - არაადეკვატური ადამიანები არიან, მაგრამ ესენი არიან მცირედზე მცირედი ნაწილი. ივლიან ზემოთ-ქვემოთ და დამთავრდება ყველაფერი.
- ედიშერ გვენეტაძე: "ალიანსს ტაქტიკა მორღვეული კი არ აქვს, თავიდან ბოლომდე დარღვეულები არიან"
"მათ ტაქტიკა არასდროს ჰქონიათ. მათი მიზნაია ერთადერთი რამ, რომ საქართველოს რაიმე ავნონ, მეტი არაფერი. ამის დამადასტურებელი იყო, როდესაც "ევრონიუსის" რომელიღაცა ჟურნალისტს აღტკინებით შებღაოდნენ, ის კი იქიდან კიოდა. ამის შემდეგ რა შეიძლება ითქვას, ტაქტიკა მორღვეული კი არ აქვთ, თავიდან ბოლომდე დარღვეულები არიან",- განაცხადა გვენეტაძემ.
რას ამბობენ ენმ-ში
"მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ოპოზიციის ალიანსის" საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა - შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ოფიციალურად გაფორმება მოინდომეს „ალიანსში", ლოგოს ამოღების და გარიცხვის სახე მიეცა, როგორც კონკრეტულმა წარმომადგენელმა განაცხადა".
„შემდეგ მე განვაცხადე, რომ თუ ამ „ალიანსში" არ ვართ, ჩვენთვის ეს გასაგებია და არ ვიქნებით, ისედაც საქმიანობაში არ ვიყავით ჩართულები. ისევ ერთიანობის გამო არ ვიყავით ჩართულები, ჩვენი იქ ყოფნა მუდმივ თავდასხმებს იწვევდა, შემდეგ ამას ჩვენი პასუხი მოყვებოდა, იმის მაგივრად, რომ „ქართული ოცნების" დანაშაულებსა და მოგვარების გზებზე ყოფილიყო საუბარი. ამიტომაც ისევ ერთიანობისა და საერთო ბრძოლისთვის საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქმიანობაში ჩართულები არ ვყოფილიყავით.
ჩვენ არ მიგვაჩნდა სერიოზულად საუბარი და ოფიციალური მსჯელობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დაგვეტოვებინა თუ არა „ალიანსი".
ახლა სხვა დროა და საზოგადოებას სხვა მოთხოვნები აქვს. მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ალიანსის" საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა, არ ვმალავდი მეც და ამაზე ვსაუბრობდი.
მარტივი მოცემულობა გახლავთ, არ ვიყავით ჩართულები, ისევ ერთიანობის გამო, რადგან მერე მუდმივად ბრალდებები ხდებოდა, ამიტომაც ოფიციალურად მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება არ მიგვაჩნდა რელევანტურად.
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გაგვრიცხეს თუ ჩვენით წამოვედით, ასე გამოვიდა, რომ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია რელევანტურად. ახლაა ბრძოლაა და შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს და საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ", - განაცხადა ფავლენიშვილმა.