თამარ ოყუჯავა
09.11.2026

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ შეერთებულ შტატებს ულტიმატუმი წაუყენა. ირანელი დიპლომატის განცხადებით, ვაშინგტონმა უნდა დაასრულოს ომი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკული მხარე ირანული არმიისგან სრულმასშტაბიან საპასუხო დარტყმებს მიიღებს.

არაღჩის განცხადებაში მთავარი აქცენტი თეირანის მიერ შეთავაზებულ ორდღიან გეგმაზეა. კერძოდ, ირანული მხარის თქმით, ეს ინიციატივა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, რეგიონული სამხედრო ესკალაციის შეჩერებას და ჰორმუზის სრუტის ნავიგაციის აღდგენას 48 საათის განმავლობაში, თუმცა, მხოლოდ ვაშინგტონის მხრიდან ირანის პირობების სრული დაკმაყოფილების შემთხვევაში.

„ამერიკელმა ამომრჩევლებმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთეს. ახლა თეთრი სახლის ჯერია. ჩვენი ორდღიანი წინადადება ძალაში რჩება: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის, დაასრულეთ ომი ყველა ფრონტზე, და შედეგსაც იხილავთ. ან აირჩიეთ ომი და ნახავთ, როგორ დაგატეხენ თავს ჯოჯოხეთს ჩვენი მზადყოფნაში მყოფი, ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრები", - აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ვაშინგტონი თეირანის მოთხოვნებს არარეალურსა და აღმაშფოთებელს უწოდებს. აშშ-ის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მუქარის ენით ლაპარაკს დიპლომატიური პროცესი პრაქტიკულად ჩიხში შეჰყავს და აშშ ულტიმატუმების ფონზე დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპი ღიაა კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისთვის, თუმცა ირანის მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდება.

„თუ ამის გაკეთების შანსი იქნება, ჩვენ მას განვიხილავთ. ამჟამად ეს არ არის ძალიან პროდუქტიული, რადგან ირანის მოთხოვნები უბრალოდ არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში აღმაშფოთებელი, სასაცილო და ნამდვილად არარეალურია", - განაცხადა მარკო რუბიომ.

საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ თუ მხარეებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს, „ორდღიანი ულტიმატუმის" ამოწურვის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ენერგორესურსებისა და საზღვაო გზების უსაფრთხოებას სერიოზული ჩრდილი მიადგება, რამაც შესაძლოა, ნავთობის გლობალურ ფასებზე მოახდინოს უარყოფითი გავლენა.

ვითარება კვლავ ზღვარზეა, თეირანი ვაშინგტონს 48 საათს აძლევს გადაწვეტილების მისაღებად, ხოლო აშშ ირანის ულტიმატუმს შანტაჟად აღიქვამს, რაც რეგიონში სამხედრო ესკალაციის რისკს მაქსიმუმამდე ზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×