ირანი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა, რაც სამხედრო თავდასხმასაც არ გამორიცხავს
ქეთო გოგოხია
09.11.2026

ზანგეზურის დერეფნის პროექტი, დიდი ალბათობით, ვერ განხორციელდება.  გეოპოლიტიკური დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში სახიფათო ფაზაში შედის.  დერეფნის  გარშემო განვითარებული მოვლენები ირანისთვის გადაუჭრელ „წითელ ხაზად“ იქცა. თეირანი სომხეთს ღიად და ხისტი ტონით აფრთხილებს, რაც  უკვე აღარ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური საუბარი, არამედ პირდაპირი მუქარაა. ირანი არ დაუშვებს ამერიკული გავლენის გავრცელებას საკუთარ საზღვრებთან და სტრატეგიულ დერეფანზე კონტროლის გადაცემას მისდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის. 

ირანი ამ პროექტს უკვე არათუ ეწინააღმდეგება, არამედ ემუქრება: „მე პირდაპირ ვუთხარი სომხეთის ელჩს: თუ ტრამპი და მისი მოკავშირეები ირანისთვის ამ „წითელი ხაზის“ გადალახვას შეეცდებიან, ჩვენ მათ ფეხებს მოვამტვრევთ,“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აქბარ ველაიათიმ.

მას გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის პოზიცია მოჰყავს, რომელიც რუსეთისა და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრებზე ამბობდა, რომ ირანი „ზანგეზურის დერეფნის“ შექმნას ეწინააღმდეგება. ალი ხამენეის მიმართულებები საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით კი „ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის წითელი ხაზია.“

რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ირანის მიერ დემონსტრირებული სამხედრო ძალის ფონზე, ექსპერტები ზანგეზურის დერეფნის პროექტის რეალიზებას სკეპტიკურად უყურებენ. პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, თუ რატომ არის ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში დერეფნის მშენებლობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი.

ირანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა,  მათ შორის, აშშ-ის ბაზების განთავსების არეალში მდებარე ტერიტორიების დაბომბვამ და ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ  ნათლად აჩვენა თეირანის მზადყოფნა, ძალის გამოყენებით აღკვეთოს პოტენციური საფრთხეები საკუთარ საზღვრებთან.

„ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაიჭედა ოპერაცია ირანში და რეჟიმი გადარჩა, მან დაბომბა არაერთი ტერიტორია, სადაც განლაგებულია აშშ-ის ბაზები, ხოლო ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ზანგეზურის დერეფანი ვერ აშენდებოდა. ირანმა მოახდინა როგორც თავისი ძალის დემონსტრირება, ასევე გამოავლინა მზადყოფნა, დაბომბოს ნებისმიერი მეზობელი, რომელიც მას საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა  პოლიტოლოგმა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთ ვითარებაში ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა რეალურად ნულოვანია და პროექტი ვერ განხორციელდება. დერეფანმა პირდაპირ ირანის საზღვართან უნდა გაიაროს, თუმცა გაურკვეველია, ვინ უზრუნველყოფს მის დაცვას, რადგან აშშ ამ რეგიონში ჯარს ვერ ჩააყენებს, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი ასეთ ღია კონფრონტაციაზე ვერ წავლენ.

„თუკი ეს მოცემულობა შენარჩუნდება, ზანგეზურის დერეფანს არ აქვს მომავალი,  ცხადია, თუკი ირანი მძიმედ არ დამარცხდება. გარდა ამისა, ვეჭვობ, ამ პირობებში საერთოდ დაიძრას ეს პროექტი, წარმოუდგენელია“, - დასძინა თორნიკე შარაშენიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ირანში არსებული ხელისუფლების პირობებში ზანგეზურის პროექტის პერსპექტივას ვერც ეკონომისტები ხედავენ. ის კი არადა, არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქვს მას მომავალი, რადგან ცვლილებამ რეგიონში ვითარება უფრო მეტადაც შეიძლება დაძაბოს, რაც, თავის მხრივ, მსგავსი პროექტის პერსპექტივაზე ცუდად იმოქმედებს. 

ეკონომისტი ნოდარ კაპანაძის მოსაზრებით, საომარ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას ზანგეზურის დერეფნის განვითარება არანაირად არ აწყობს და არც დაუშვებს.

,,დღევანდელი მოცემულობით, ირანში არსებული დაძაბულობა ზანგეზურის „ექსტერიტორიულ დერეფნად“ ქცევის პერსპექტივას ყინავს. ირანის ბოლო განცხადება ნიშნავს, რომ არ დაუშვებს მისდამი მტრული სახელმწიფოს ინტერესებს საზღვრის სიახლოვეს. სომხეთისთვის ეს არის სიგნალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ჩვეულებრივ მუქარაა და ქმედითი ნაბიჯი შესაძლოა, არ მოყვეს. ყველა შემთხვევაში რისკი დიდია. არ მგონია სომხეთმა სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯის გადადგმა გარისკოს. 

თავიდანვე არ მჯეროდა ზანგეზურის პროექტის პერსპექტივა, მიმდინარე მოვლენებმაც ეს დაადასტურა. რამდენად ჩაცხრება კონფლიქტი, ესეც ძნელად სავარაუდოა. 

ლოგისტიკას სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობიანი პერსპეტივა, რაც ძალთა ამ განლაგებაში წარმოუდგენელია. ხელისუფლება თუ შეიცვალა ირანში, სახელმწიფოებრიობა ორივე შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და რეგიონი კიდევ უფრო კონფლიქტური გახდება, ვიდრე აქამდე იყო. ეს ნიშნავს, რომ ზანგეზურის პროექტის პერსპეტივა მოკვდა", - აღნიშნა ნოდარ კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ზანგეზურის დერეფნის პროექტი აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, თუმცა სომხეთში დომინირებს შიში ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვასთან დაკავშირებით, რაც ქმნის შიდა პოლიტიკურ წინააღმდეგობებს.

მნიშვნელოვანია ირანის როლიც, რომელიც ზანგეზურის დერეფანს აღიქვამს, როგორც რეგიონში მისი გავლენის შემცირების მცდელობას. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო არაერთგზის გამოხატავდა უკმაყოფილებას პროექტთან დაკავშირებით, ახლა კი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×