
ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ნოემბერს ციხიდამ მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი სასამართლოს დახურვის უკანონობაზე საუბრობს. გარდა ამისა წერს, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა უფლება, სხდომაზე მტკიცებულების სახით წარმოდგინა მისთვის ციხეში შეგზავნილი შანტაჟის წერილი.
ღარიბაშვილის შეფასებით, აქამდე მსგავს საქმეზე სხდომები არ დახურულა, რის გამოც ის საუბრობს „არაფორმალურ გავლენებზე სასამართლოში".
„ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების" მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა", - წერს ექსპრემიერი.
ღარიბაშვილი ასევე საუბრობს სასამართლოს მხრიდან დაცვის მხარისთვის დამატებითი პრობლემების შექმნაზეც:
„სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა - მისი დახურვა - ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს", - წერს ღარიბაშვილი.
2 ნოემბერს, საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები სრულად დახურულიყო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროკურატურის ეს პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ საქმე ეხება თავდაცვის სფეროსა და სამხედრო უწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ სასამართლო განხილვის დროს საჯაროდ გახმაურდეს ისეთი დეტალები და მასალები, რომლებიც სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებას შეიცავს. შესაბამისად, კანონმდებლობაზე დაყრდნობით, პროკურორმა მოითხოვა და მიაღწია კიდეც სხდომების საზოგადოებისა და მედიისთვის დაკეტვას, რათა დაცული იყოს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმი.
- ბექა ოდიშარია: „ეს არის ადვოკატის მარიფათის ამბავი. მან უნდა მოძებნოს საფუძველი იმისთვის, რომ თუნდაც ამ კონკრეტულ შეკითხვას (გაეცეს) პასუხი: არსებობს თუ არა ამ წერილის კონკრეტული ავტორი, ან არსებობს თუ არა ამ წერილის მიღმა, ან სტრიქონებს შორის, რაიმე სხვა შინაარსი".
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.
„სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, მათ შორის, სასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რას ამბობენ „ოცნებაში"
„ქართული ოცნების" წევრი, ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ღარიბაშვილს თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს.
„წერილების წერის ნაცვლად, თქვას სიმართლე. თუ რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს, მათ შორის, ის წერილი თუ ვინმემ მიწერა, თუ აქვს რაიმე ინფორმაცია მის ადვოკატს, თუ ის, რაც ამოიღეს მისი სახლიდან, არ იყო მისი. თუ ჩათვლის შესაბამისი ორგანო, რომ გამოძიება უნდა დაიწყონ, დაიწყონ.
„მე ვფიქრობ, რომ მან აღიარა საკუთარი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, იხდის სასჯელს. მე არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, მითუმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, მითუმეტეს - ზურგში და მითუმეტეს - დანა", - ამბობს ბოჟაძე.
თბილისის მერი, კახა კალაძე თავს იკავებს ამ საკითხზე საუბრისგან.
„ირაკლისთან დაკავშირებით მე რამდენჯერმე გავაკეთე განმარტება, შეფასებებიც, შესაბამისად, ახალს აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი", - ამბობს კალაძე.
- ვახტანგ ხმალაძე: „სასამართლოს სხდომები შეიძლება დაიხუროს ერთი კონკრეტული ეპიზოდის განხილვისას და როცა მორჩება მისი განხილვა, კვლავ გაიხსნას. როცა მთლიანად იხურება, მაშინ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები და ეჭვები".
„ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებით კი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა გაირკვეს, არსებობდა თუ არა ექსპრემიერის მიმართ მუქარის შემცველი წერილი და ვინ იდგა მის უკან.
„ნამდვილად არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ელოდება ინფორმაციის მიღებას. იმიტომ, რომ ეს არ არის რიგითი პატიმარი. თუ არსებობს ასეთი წერილი, არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ეს არის ნამდვილად კონკრეტული პირის მიერ ორგანიზებული და დაწერილი წერილი, მაშინ, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, იყო თუ არა რაიმე დაახლოებითი წერილი შეგზავნილი.
„ჩვენ, ყველანი, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, გულწრფელად ვღელავთ მომხდარზე, გულთან ახლოს გვაქვს მიტანილი როგორც თავად ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის მდგომარეობა. ეს არის ადვოკატის მარიფათის ამბავი. მან უნდა მოძებნოს საფუძველი იმისთვის, რომ თუნდაც ამ კონკრეტულ შეკითხვას (გაეცეს) პასუხი: არსებობს თუ არა ამ წერილის კონკრეტული ავტორი, ან არსებობს თუ არა ამ წერილის მიღმა, ან სტრიქონებს შორის, რაიმე სხვა შინაარსი", - ამბობს ოდიშარია.
ვისი არგუმენტებია დამაჯერებელი
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სასამართლოს შეეძლო მხოლოდ სხდომების გარკვეული ნაწილი დაეხურა და არა მთლიანი პროცესი.
„რასაკვირველია, სასამართლოს არგუმენტები დამაჯერებელი არ არის. თავის დროზე, 2012-2013 წლებში, ჩვენ გავხსენით „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დახურული სასამართლო სხდომები. იქამდე ღია იყო, თუმცა როცა ენმ ავტორიტარიზმის გზას დაადგა, მან დახურა. მერე კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, სასამართლოს სხდომები კვლავ გაიხსნა. არა მარტო გაიხსნა, არამედ ყველას შეეძლო რეპორტაჟები გაეკეთებინა, სხდომებიდან პირდაპირი გადაცემები გაეკეთებინა და ა.შ.
„ახლა კი, როცა „ქართული ოცნება" დაადგა ავტორიტარიზმის გზას, მანაც დახურა. რატომ? ვფიქრობ, პასუხი მარტივია - იმიტომ, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა, არ ვნახოთ ის, თუ რა ხდება სასამართლოს სხდომებზე.
„ღარიბაშვილის ბრალდებები, რომ ხელისუფლებას კონკრეტული ფაქტების გახმაურების ეშინია, სავსებით ლოგიკურია. აბა, რატომ დახურა? ეს კითხვა ხომ ჩნდება, არა?
„სხვათა შორის, სასამართლო განხილვის დროს თუკი ისეთი საკითხი დადგება დღის წესრიგში, რაც მართლაც წარმოადგენს სხდომის დახურვის საფუძველს, ყოველთვის შეიძლება ამ დროს დაიხუროს სხდომა, იმ ერთი რაღაც ეპიზოდის განხილვისას და როცა მორჩება მისი განხილვა, კვლავ გაიხსნას. როცა მთლიანად იხურება, მაშინ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები და ეჭვები - დახურვა ხომ ხდება იმის გამო, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს ღარიბაშვილის განცხადებები, ხელისუფლების პოზიცია და ის ყველაფერი, რაც ხდება სხდომაზე?
„მე ვფიქრობ, ღარიბაშვილს აქვს საკმარისად ფართო ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში, ის იმდენ ხანს გახლდათ პრემიერ-მინისტრი, რომ ასეთი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, განსხვავებით თქვენგან და ჩემგან. თორე არაფორმალური ურთიერთობები რომ არის სასამართლოში, ამაზე ყოველი მეორე ლაპარაკობს", - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან".