
რამდენიმე დღის შესვენების შენდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მეცხრე სხდომაზე განხილვა კითხვების ეტაპზე გადავიდა - იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს. აქედან სასამართლომ ერთი დააკმაყოფილა, ისიც ნაწილობრივ.
პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობით მიმართა სასამართლოსაც და მოითხოვა პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის აღსრულებამდე თარიღი განსაზღვროს და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოს, თუმცა პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შეფასებით, ამის დაკმაყოფილება „სამართლებრვი ნონსენსი" იქნებოდა.
მანამდე სასამართლომ „ლელო - ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ეს შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა. მისი განცხადებით, საქმის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვისთვის მტკიცებულებების გამოკვლევა მნიშვნელოვანი ეტაპია.
„როდესაც მოსარჩელე ხუთი პოლიტიკური პარტიის გაუქმებას ითხოვს, უნდა ვიცოდეთ, რა მტკიცებულებები აქვს", - განაცხადა სამუშიამ.
მის პოზიციას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.
შუამდგომლობის განხილვას მხარეებსა და მოსამართლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. როგორც რევაზ ნადარაიამ განაცხადა, სასამართლო არ მოახდენს სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტბმულის დემონსტრირებას, ასევე არ გამოიკვლევს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებსა და კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო აქტებს. თუმცა ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მათი სადავოობის შემთხვევაში განიხილავს როგორც მხარის შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ კი განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტითა და 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები და მოპასუხე მხარე პროცესში დისონანსის შეტანას ცდილობს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი - სასამართლომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც არის ეს ჩამოყალიბებული ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით. თუ ვინმეს კონკრეტულ მტკიცებულებებთან პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე მხარეს", - აღნიშნა გორდულაძემ.
სხდომა თავდაპირველად 9 ნოემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო და 10 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიამ სხდომის დაწყებისას განაცხადა,რომ თავდაპირველად კითხვებს მოსარჩელეებს დაუსვამდნენ, შემდეგ კი მოპასუხე მხარეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარის პასუხები სასამართლოსთვის გასაგები იყოს და პროცესი ნაკლებად ხმაურიან რეჟიმში წარმართულიყო, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება მაინც მოხდა.
ნადარაია-გვარამიას დაპირისპირება
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიასა და სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შორის. დაპირისპირების მიზეზი გახდა „ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის, ლევან სამუშიას შუამდგომლობა სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ.
- ნიკა გვარამია მოსამართლეს: „თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ?"
გვარამია შუამდგომლობას დაეთანხმა და სასამართლოს პროცედურული მიდგომა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, გაუგებარია, რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა სასამართლო, როდესაც ელექტრონულ ბმულებს მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა მათი მატერიალური ფორმით წარდგენასა და შინაარსის გამოკვლევას არ ითხოვს.
გვარამიას თქმით, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის გამოტოვება პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს და სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპსაც უნდა იცავდეს.
„თუ არ გამომაკვლევინეთ ეს მტკიცებულება, როგორ უნდა დაგარწმუნოთ? მტკიცებულებების გამოკვლევის სტადია, მატერიალური მტკიცებულების თანდართვით და აქ გამოკვლევით, არის ის, რასაც სასამართლო ვერ გადაახტება და არც უნდა გადაახტეს. ამიტომ ვეთანხმებით ამ შუამდგომლობას", - განაცხადა გვარამიამ.
- რევაზ ნადარაია გვარამიას: „თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის... ჩემი განსახილველია, რას ილაპარაკებთ თქვენ."
მას სიტყვისთ გამოსვლის დროს მოსამართლე ნადარაიასთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლოს თავმჯდომარეს საუბრის შეწყვეტაში ადანაშაულებდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ შუამდგომლობის დასაბუთების შესაძლებლობა არ მიეცა.
„ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა. მალაპარაკეთ, თუ შეიძლება. ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ?" - მიმართა გვარამიამ ნადარაიას.
სასამართლოს თავმჯდომარემ კი გვარამიას მოუწოდა, კონკრეტულად შუამდგომლობაზე ესაუბრა და პროცესის ფარგლებს არ გასცდენოდა.
„თქვენ ისიც გგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ ასე არ არის. ილაპარაკეთ კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე და ნუ იხილავთ იმას, ჩვენ როდის რა დავაკმაყოფილეთ. ჩემი განსახილველია, რას ილაპარაკებთ თქვენ. ახლა ან დაემორჩილებით სასამართლოს, ან...", - მიმართა ნადარაიამ გვარამიას.
გვარამიამ კი კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობას მხარს უჭერდა.
სასამართლოში განხილვა 11, 12 და 13 ნოემბერსაც გაგრძელდება.