თამთა ჩაჩანიძე
11.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და აკრძალვის შესახებ "ოცნების" სარჩელის განხილვა გრძელდება და თუ სასამართლო ხუთივე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი არსებითად შეიცვლება.

პოლიტიკური პროცესიდან შეიძლება გაქრეს ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სხვადასხვა ელექტორალურ ჯგუფს წარმოადგენენ და ხელისუფლების მთავარი ოპონენტები არიან.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება არა მხოლოდ ამ პარტიების ლიდერებისა და წევრების პოლიტიკური მომავალი, არამედ ისიც, თუ სად გადანაწილდება მათი ამომრჩეველი, შეძლებენ თუ არა ახალი პოლიტიკური ცენტრების შექმნას და რა ფორმით გააგრძელებს ოპოზიცია ბრძოლას.

აქვე უნდა ითქვას, რომ საკითხი მხოლოდ პარტიების გაუქმებით არ შემოიფარგლება. კანონმდებლობაში 2025 წელს შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს უკვე აკრძალული პარტიის არსებითად მსგავსი მიზნებისა თუ საქმიანობის მქონე ახალი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის შესაძლებლობასაც.

ეს ნიშნავს, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მათი ლიდერებისა და წევრების ნაწილისთვის პოლიტიკური საქმიანობის ახალ ფორმატში გაგრძელება შესაძლოა გაცილებით რთული აღმოჩნდეს. ამასთან, ახალი პარტიების შექმნაც ვერ იქნება გამოსავალი.

აქვე წამოიჭრება საკითი, თუ სად წავა აკრძალული პარტიების ელექტორატი. ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, მათი მხარდამჭერები პოლიტიკურ სივრცეს არ დატოვებენ, ამომრჩევლის ნაწილი შესაძლოა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდეს, ნაწილი - ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს დაელოდოს, ნაწილმა კი საერთოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა მასშტაბით და რა მიმართულებით გადანაწილდება ეს ელექტორატი.

როგორ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი, თუ პარტიები აკრძალეს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის პასიურობა და ბოიკოტი ხელისუფლების პოზიციებს აძლიერებს, ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა მოქმედების სტრატეგია უნდა შეცვალონ და პოლიტიკური ბრძოლის ახალი ფორმები მოძებნონ.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "თუ ოპოზიცია გონს არ მოეგო,"ოცნებამ" როგორც მიაღწია იმას, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, მერე ადგილობრივ არჩევნებზე ბოიკოტი გამოაცხადებინა, ასევე აკრძალვით მიაღწევს იმას, რომ ისინი საერთოდ დადუმდებიან"

მისი თქმით, პარტიებმა პირადი დაპირისპირებები გვერდზე უნდა გადადონ, საჭიროების შემთხვევაში გადაჯგუფდნენ და ამომრჩეველს ისეთი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერისკენ მოუწოდონ, რომლებიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად მისაღები არიან თავად ოპოზიციური პარტიებისთვის.

"მე ამ ოპოზიციის იმედი სამწუხაროდ არ მაქვს, იმიტომ, რომ ძალიან პასიურები არიან. პარლამენტში არ შევიდნენ, ბოიკოტი გამოაცხადეს. თუ ასეთ დამოკიდებულებას არ შეცვლიან, რა თქმა უნდა, მაშინ "ქართული ოცნება" "სწორ გზაზე" დგას - ბრჭყალებში რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივ გზას ვგულისხმობ.

"ქართულმა ოცნებამ" როგორც მიაღწია იმას, რომ ეს ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, მერე ადგილობრივ არჩევნებზე ბოიკოტი გამოაცხადებინა. ასევე, აკრძალვით მიაღწევს იმას, რომ ისინი საერთოდ დადუმდებიან. მაგრამ, თუ გონს მოეგებიან, თავიანთ ქცევებს გადააფასებენ და ჩათვლიან, რომ ბრძოლა საჭიროა, მაშინ უამრავი ვარიანტები არსებობს.

"საჭირო იქნება გადაჯგუფება-გადმოჯგუფება, რომელი პარტიაც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუგინდ მიუღებელი და უსიმპათიურო იყოს მათთვის, მოუწოდონ ამომრჩევლებს, რომ ამ პარტიას, ან პარტიებს მისცენ ხმა, რათა "ქართულმა ოცნებამ" დაინახოს, რომ ცოცხალია ეს პროტესტი და ისინი სხვადასხვა ფორმებით მოქმედებენ.

"მაქსიმალურად ეცადონ, რომ გააძლერონ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არიან, თუმცა, შეიძლება მათ სიმპათიებს არ მისახურებენ, მთავარია, რომ როგორმე გამოჩნდნენ ძალები.

"ოღონდ ჭკუა უნდა გვეყოს გავარჩიოთ ერთმანეთისგან სატელიტური და ნამდვილი პარტიები, უნგრეთმა და სერბეთმა დაამტკიცა, რომ შეიძლება ახლადშექმნილი ძალით და ლიდერის გარეშეც კი, ხელისუფლება დაამარცხო. ანუ, თუ იბრძვი, ბრძოლის ფორმას ყოველთვის იპოვი. მით უმეტეს, როცა ასეთი სუსტი და უუნარო მეტოქე ჰყავთ,როგორიცაა "ქართული ოცნება", რომელიც მხოლოდ შენ სუსტეებზე მუშაობს, სხვა არაფერი არ შეუძლია.

"ამ ფონზე ჭკუა უნდა გეყოს, რომ "ოცნება" არ გააძლიერო. ამ წუთამდე ამას ვერ ხვდებიან და ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ მათში რაღაცამ გაიღვიძა. მგონია, რომ რესურსები ძალიან ბევრია, ერთმანეთის ჭამას თავი უნდა დაანებონ.

თუ იმ ოთხი პარტიიდან, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, რომელიმე მაინც გადარჩა და არ აიკრძალა, იმას უნდა მისცენ ხმა. ხმა მთლად წყალწაღებულ პარტიას არ უნდა მისცენ, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ახლა ერთმანეთთან საქმის რჩევის დრო არაა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის შემთხვევაში პოლიტიკური ვაკუუმი არ შეიქმნება, რადგან მათ ადგილს ახალი პოლიტიკური ძალები დაიკავებენ. მისი თქმით, ახალი პარტიები ქვეყნის განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული და ხელისუფლებას გააკრიტიკებენ იმ საკითხებზე, სადაც კრიტიკა საჭიროა.

  • ედიშერ გვენეტაძე: "არავითარი სატელიტი პარტიები არ იქნებიან. სატელიტი პარტიები იქნებიან ქართველი ხალხის. ვინც ამას ამბობს თვითონ თავად არიან სატელიტები გარე ძალების"

"ბუნებაში საერთოდ ასეთი კანონია: თავისუფალი ადგილი არ რჩება. ამიტომ ის ძალა, რომელიც ანტიკონსტიტუციურია და რომელიც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს, აუცილებლად უნდა გაუქმდნენ კონსტიტუციის ძალით და შემოვდნენ ახალი პარტიები. უკვე დაწყებულია ზოგიერთი პარტიებს შემოსვლა პოლიტიკურ არენაზე.

"პოლიტიკა ისეთი საოცარი სფეროა, რომელიც ადგილს არ ტოვებს და სიცარიელე ივსება. და ეს სიცარიელე შეივსება ისეთი პარტიებით, რომლებიც იქნებიან ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულები და ამავე დროს ოპოზიციურად განწყობილნი, ანუ გააკრიტიკებენ იმას, რაც გასაკრიტიკებელია და არა ვიღაცეების დაკვეთით.

"არავითარი სატელიტი პარტიები არ იქნებიან. სატელიტი პარტიები იქნებიან ქართველი ხალხის. ვინც ამას ამბობს, თვითონ თავად არიან სატელიტები გარე ძალების",- ამბობს ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×