
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები - ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლო პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ.
ისინი შესაბამისი შუამდგომლობის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციაში მივიდნენ.
„გასაგებია, ეს რომ პროცესი არ არის. გუშინ კი დავარქვი ამას კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიცვალებულის გაპატიოსნება, მაგრამ დღეს უკვე გაპატიოსნების პროცესიც არ მიდის. ახლა შევიტანთ შუამდგომლობას და ვნახოთ, თავმჯდომარის გარეშე თუ დატოვებენ პარტიას“, - განაცხადა ნიკა გვარამიას.
ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დღეს ნიკა გვარამიას და მაია კოპალეიშვილის პროცესიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
კოპალეიშვილისა და გვარამიას დარბაზიდან გაძევებას წინ უძღოდა კამათი და დაპირისპირება მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის.
კერძოდ, ნიკა გვარამიას გაღიზიანება გამოიწვია მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის არჩილ გორდულაძის განაცხადა, რომ არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.
„ვინმესთვის უცნობია, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანია ან პაატა ბურჭულაძე...?“- განაცხადა გორდულაძემ.
ნიკა გვარამიამ, მოსარჩელე მხარეს მიმართა, რომ ის არასწორად იქცევა.
„პარტიის წევრი არასდროს არ ყოფილა და კურსელი თუა, და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია და კი, ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად ? არ გრცხვენიათ ?“- განაცხადა გვარამიამ.
საბოლოოდ ნადარაიამ გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მწვავედ გააკრიტიკა მაია კოპალეიშვილმა, რომელმაც სასამართლოს მიმართა, რომ გვარამიას გაძევების შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დავალება და მიზანმიმართული ქმედება იყო.
სასამართლომ კოპალეიშვილის განცხადებები შეურაცხმყოფლად შეაფასა და ისიც დარბაზიდან გააძევა.