
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ევროკავშირი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელების გზების ძიებაშია. თუმცა, ბლოკის წევრებს შორის სოლიდარობის ხარისხი და შეხედულებები თანდათან უფრო პოლარიზებული ხდება, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ბერლინსა და ბრატისლავას შორის წამოჭრილ პოლემიკაში.
განხეთქილება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ინიციატივას მოჰყვა, რომელსაც სურს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა დუბლინში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის დაფინანსების საჭიროებები განიხილონ.
„უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მის თავდაცვით ბრძოლაში. ეს ჩვენს საერთო სასიცოცხლო ინტერესებშია. თუმცა, უკრაინისთვის გაწეული ორმხრივი დახმარება არათანაბრად ნაწილდება და მისი ტვირთის უდიდესი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აწევს" - აღნიშნა მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასადმი გაგზავნილ წერილში.
გერმანელი პოლიტიკოსის პოზიციით, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის 2028 წლიდან მყარი ფინანსური პერსპექტივის უზრუნველყოფაში, ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის - მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს - ფარგლებში.
მისი თქმით, „საერთო ვალდებულება, გამონაკლისის გარეშე" არის არსებითი წინაპირობა უკრაინის დაფინანსებაში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
გერმანიის კანცლერის ამ მინიშნებას, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში შესაძლოა ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი დაიბლოკოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. „ის, რასაც გერმანიის კანცლერი აკეთებს, ტიპური შანტაჟია და მე მას არ დავემორჩილები." - განაცხადა რობერტ ფიცომ.
თავის მხრივ, ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა, რომლის მთავრობაც ასევე უარს ამბობს უკრაინისთვის სესხის დაფარვაში მონაწილეობის მიღებაზე, მერცის პოზიციაზე საუბრისას მოკლედ განაცხადა: „არ ვიცი, რატომ ამბობს ის ამას".
ევროპული პოლიტიკური ლანდშაფტი და არსებული პოზიციები რობერტ ფიცოსა და ფრიდრიხ მერცს შორის გაჩენილი დაპირისპირება ასახავს ევროპაში ჩამოყალიბებულ სხვადასხვა პოლიტიკურ მიდგომას საკითხთან დაკავშირებით.
სტრატეგიული უსაფრთხოების მომხრეთა პოზიციით (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი) უკრაინის გამარჯვება პირდაპირ უკავშირდება მთელი ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან. მათი ხედვით, მხარდაჭერა უნდა იყოს გრძელვადიანი, სისტემატიური და სავალდებულო ევროკავშირის ყველა წევრისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტვირთის არათანაბარი გადანაწილება.
ევროკავშირის წევრთა მეორე ნაწილი (სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნაწილი) აქტიურად ემხრობა ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების გაწევას, თუმცა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისა და ეროვნული ბიუჯეტის გადატვირთვის მიმართ. ამის გამო, ისინი მკაცრად ადევნებენ თვალს გამოყოფილი სახსრების მოცულობასა და შიდა სოციალურ-ეკონომიკურ პრიორიტეტებს.
"უკრაინას მხოლოდ უკრაინელების გამო არ ვუჭერ მხარს, ამას იტალიის გამო ვაკეთებ. საერთაშორისო ვითარება, სადაც მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესის კანონი მოქმედებს, ჩვენი ერის ინტერესებში არ შედის" - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.
მესამე ნაწილი (სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამხედრო დახმარებას და სავალდებულო ფინანსურ პასუხისმგებლობებს. ისინი აცხადებენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტი და საკუთარი ბიუჯეტის პრიორიტეტები უზენაესია, ხოლო კონფლიქტი მხოლოდ დიპლომატიური გზითა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს.
ევროპული პოლიტიკური დინამიკა ადასტურებს, რომ უკრაინის შემდგომი დაფინანსების მოდელი და ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ბლოკის შიდა ერთობას და აღნიშნული ინსტიტუციური მდგრადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოცდა გახდება.