
ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 1633 რეზოლუცია, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ მხარი არ დაუჭირა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მათ შორის, ამ რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებში აღნიშნული ჩანაწერის გამო,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.
გორდულაძემ 1633 რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებში აღნიშნული ჩანაწერის ციტირება მოახდინა და აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერზე მხარის დაჭერით „ნაციონალურმა მოძრაობამ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ არ შეუფასებია ომის დაწყების დეტალები, ოკუპანტი ქვეყანა სწორედ ამ რეზოლუციას იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.
„რაც არის ტალიავინის დასკვნაში და 1633 რეზოლუციაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება. და მეორე, მხრივ საკუთარ სამხედროებს დააბრალა და კითხვის ნიშანი გააჩინა, რომ მათ შესაძლებელია დარღვეული ჰქონდეთ ჰუმანიტარული სამართალი და ჩადენილი ჰქონდეთ ომის დანაშაულები. ამ ყველაფერს მათ მხარი დაუჭირეს. პოლიტიკური ძალა კითხვის ნიშანსაც რომ ტოვებს რომ საკუთარ სამხედროებს შესაძლებელია ომის დანაშაული ჩაედინათ, ჩვენი გადმოსახედიდან, ეს პირდაპირ არის კონსტიტუციის მთავარი დებულებების, მთავარი სულისკვეთების ფეხქვეშ გათელვის მცდელობა. მეორე მხრივ, სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ გავარკვიო, ომის დღეებში 12 აგვისტომდე პერიოდში, რა მოქმედებები ვითარდებოდა და ადამიანის უფლებებს ვინ არღვევდაო, მაგრამ ამ საქმის განხილვის დროს, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები ამ 1633 რეზოლუციას იყენებდნენ მტკიცებულებად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ თითქოს საქართველომ დაარღვია ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები, ჩაიდინა ომის დანაშაულები და მთავარი მტკიცებულება იყო 1633 რეზოლუცია. რომ არა ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ისეთი როგორიც არის „ისკანდერი“,რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ გამოიყენა საქართველოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს „ისკანდერი“ არ არსებობდა როგორც მტკიცებულება და იყო ქვეყნის გარეთ, საზღვარგარეთ, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე და რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ქმედებები, ის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა კასეტური ბომბის რუსეთის მხრიდან გამოყენება, უბრალოდ საქმეში არ არსებობდა“,-აღნიშნა გორდულაძემ.
გორდულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების, მათ შორის, „ისკანდერის“ ნაწილების მოპოვება და სტრასბურგის სასამართლოში იმის დამტკიცება, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
„მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და „ქართულმა ოცნება“ წარმოადგენს სახელისუფლებო პარტიას, ჩვენ შევძელით, რომ იმ უმნიშვნელოვანეს საქმეზე, რომელსაც ჰქვია „აგვისტოს ომის საქმე“, კრებსითად აღებული, სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ დაგვედასტურებინა, რომ არათუ 2008 წელს, არამედ 1990-იანი წლებიდან დღევანდელ დღემდე, ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. მაშინ როდესაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირიქით, არც მტკიცებულებები იყო წარდგენილი და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებაზე საერთოდ საუბარი არ იყო. და რაც მთავარია, მათ მიერ მხარდაჭერა 1633-ე რეზოლუციაზე გამოყენებული იქნა ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან. მეტიც, ჰააგაში გამოძიება მიმდინარეობდა მათ შორის იმაზეც, ხომ არ ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა ომის დანაშაულები. და რატომ? იმიტომ, რომ ეს მე-11 პუნქტში არის ჩაწერილი 1633 რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა. და ჩვენი ჩართულობით, ჩვენი ძალისხმევით ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სამართლებრივ დონეზე დადასტურებულიყო, რომ არავითარი ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს საქართველოს სამხედრო ძალების არცერთი წარმომადგენლის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე.
მაშინ, როდესაც შენ ეჭვის ქვეშ აყენებ, რომ შენმა სამხედრომ შეიძლება ჩაიდინოს ომის დანაშაული, მაშინ, როდესაც შენ ამბობ, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები იყო მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო, ამას დადასტურებულად რეზოლუციაზე მხარდაჭერით აკეთებ, ეს პირდაპირ, ჩვენი გადმოსახედიდან, არის ორი ვარიანტი: ან ჩადენილის აღიარება, ან არაღიარებულის საკუთარი თავისთვის დაბრალება. ერთიც უბედურებაა და მეორეც უბედურებაა. ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც კონსტიტუციის დარღვევაა. ერთიც საქართველოს ტერიტორიის ხელყოფისთვის საფრთხის შემცველი მოქმედებაა და მეორეც საფრთხის შემცველია მითუმეტეს მაშინ, როდესაც დღევანდელ დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების წარმომადგენლები არ ემიჯნებიან ამ რეზოლუციას, არ ამბობენ, რომ ეს იყო შეცდომა. პირიქით, ამ 1633 რეზოლუციაზე, მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებზე მხარდაჭერით, ისინი აცხადებენ, რომ თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს.
კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ აქ არ ვითხოვთ კონკრეტულად, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რა დანაშაული ჩაიდინა იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც კი არ ჰქონდა შესაძლებლობა. უშუალოდ ომის დღეებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე რუსეთის ფედერაციას რა პასუხისმგებლობის დონე ეკისრება, ამაზე სტრასბურგის სასამართლოსაც არ უმსჯელია.
და ახლაც, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მოთხოვნა აქ არის და ჩვენი მტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ რეზოლუციაზე მხარდაჭერით, მათ შორის ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, ან აღიარეს ჩადენილი ქმედება, ან არ ჩაუდენიათ და საკუთარ ქვეყანას დააბრალეს ომის დანაშაულები, საკუთარ სამხედროებს დააბრალეს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები. ეს თავისთავად წარმოადგენს დარღვევას და მათ შეერაცხებათ როგორც ფაქტი, კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევისთვის“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.