თამთა ჩაჩანიძე
11.11.2026

ხუთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური მომავლის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში კვლავ იხილება - მეათე სხდომაც მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდა, თუმცა, პროცესს თან ახლდა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები და კამათი, რასაც სხდომის დარბაზიდან წარმომადგენლების გაძევებაც მოჰყვა.

სხდომაზე მთავარი ყურადღება კვლავ იმ არგუმენტებზეა მიმართული, რომლითაც მოსარჩელე მხარე „ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიციას ცვლილებისთვის", „ძლიერ საქართველოს", „ფედერალისტებსა" და პარტიას „გახარია საქართველოსთვის" კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს, თავად ოპოზიციური პარტიები კი სარჩელს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მოსარჩელე მხარე ოპოზიციურ პარტიებს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან, 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერასა და ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებებში ადანაშაულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიმართ რამდენიმე ძირითადი პრეტენზია გააჟღერა.

გორდულაძის მტკიცებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით ან ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ან საქართველოს სახელმწიფო დაადანაშაულა ომის დაწყებაში. მისი შეფასებით, პარტიამ ამით "კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა" ქართველი სამხედროების მოქმედებებიც და მათ შესაძლო ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის საკითხიც გააჩინა.

გორდულაძის განცხადებით, რუსეთის მხარე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სწორედ 1633-ე რეზოლუციას იყენებდა მტკიცებულებად, თითქოს საქართველომ ჰუმანიტარული სამართალი დაარღვია და ომის დანაშაულები ჩაიდინა. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა "ისკანდერის" აღმოჩენასაც და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გარეშე რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტის დამტკიცება გაცილებით რთული იქნებოდა.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომის შედეგად განადგურებული სოფლების „ქვების გროვად" მოხსენიებაზე. მისი შეფასებით, მაშინდელი პრეზიდენტის ეს განცხადება იმ ტერიტორიებზე დაკარგული კონტროლისა და ოკუპაციის შედეგების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებას აჩვენებდა.

პარტია "საქართველოსთვის" და გიორგი გახარიას მიმართ გორდულაძის მთავარი პრეტენზია ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილებას უკავშირდება. მისი მტკიცებით, გახარიამ ეს გადაწყვეტილება შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო, რის შედეგადაც საქართველომ დაახლოებით ერთ მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა.

გორდულაძის განცხადებით, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება უსაფრთხოების სამსახურებთან, პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციით უნდა მიღებულიყო. მისი შეფასებით, მსგავსი სენსიტიური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

გვარამიასა და კოპალეიშვილის გაძევება დარბაზიდან

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვა ხმაურისა და მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა. პროცესის განმავლობაში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, რასაც საბოლოოდ "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლების, ნიკა გვარამიასა და მაია კოპალეიშვილის სხდომის დარბაზიდან გაძევება მოჰყვა.

დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, არავისთვის იყო უცხო, რომ მურთაზ ზოდელავა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირი იყო. აღნიშნულმა ნიკა გვარამიას პროტესტი გამოიწვია. მან გორდულაძეს განუცხადა, რომ პირადი ურთიერთობის საფუძველზე ადამიანებისთვის პარტიული კავშირების მიწერა დაუშვებელი იყო.

  • არჩილ გორდულაძე: "ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ"

„პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა, და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში. ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ., მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა "ნაციონალური მოძრაობისთვის" არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად? არ გრცხვენიათ?" - მიმართა გვარამიამ მოსარჩელე მხარეს.

კამათი გორდულაძესა და გვარამიას შორის გაგრძელდა. გორდულაძემ საპასუხოდ განაცხადა: „ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ".

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გვარამიას დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მან გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლით დაასაბუთა და გვარამიას დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

„იძულებული ვარ! თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება, 32-ე მუხლში წაიკითხეთ. ბატონო ნიკა, დატოვეთ დარბაზი!" - განაცხადა ნადარაიამ.

გვარამიას გაძევებას მწვავე პროტესტი მოჰყვა "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლების, თენგო თევზაძისა და მაია კოპალეიშვილის მხრიდან. კოპალეიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გვარამიას გაძევება მიზანმიმართული ქმედება იყო და ამის უკან "ქართული ოცნების" დავალება იდგა.

"თქვენი ქმედება გვარამიას გაძევებაზე იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება "ოცნებისგან", იმიტომ, რომ "ოცნება" ამას მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ, ეს მინდა იცოდეს საზოგადოებამ", - მიმართა მან სასამართლოს თავმჯდომარეს.

კოპალეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს კრიტიკის მიღება უნდა შეეძლოს და გვარამიას გაძევება მხარის საპროცესო უფლებებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის შეზღუდვად შეაფასა. ნადარაიამ მისი განცხადებები სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია, რის შემდეგაც კოპალეიშვილიც დარბაზიდან გააძევა.

„თქვენ ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ სასამართლომ მიიღო დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია. ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ იმის, რომ მომისმინოთ", - განაცხადა ნადარაიამ.

მოგვიანებით, "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლებმა ორივე გაძევებულის სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობა დააყენეს. თენგო თევზაძემ განმარტა, რომ გვარამია პარტიის თავმჯდომარეა და მის გარეშე პარტიასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა გართულდებოდა. კოპალეიშვილის მონაწილეობა კი, როგორც საქმის სამართლებრივი ხაზის ერთ-ერთი მთავარი ავტორის, ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია.

  • ნიკა გვარამია ზოდელავაზე: "ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად? არ გრცხვენიათ?"

სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა: ნიკა გვარამიას სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, მაია კოპალეიშვილი კი დარბაზში არ დაუშვეს.

ნადარაიამ განმარტა, რომ კანონის თანახმად, გაძევებული პირი სხდომის დასრულებამდე გაძევებულად ითვლება, თუ სასამართლო მის დაბრუნებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს. მან კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლის გაცნობისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ ათწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მან გაძევებისა და დარბაზში დაბრუნების პროცედურები არ იცოდა.

თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოპასუხე მხარის ზოგიერთი წარმომადგენელი მიზანმიმართულად ცდილობდა ისეთი ვითარების შექმნას, რომელიც მათი დარბაზიდან გაძევების საფუძველი გახდებოდა. ნადარაიამ ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ მხარეები შეკითხვებს გაურბოდნენ. კოპალეიშვილის დარბაზში არდაბრუნების გადაწყვეტილების მიუხედავად, გვარამიამ პროცესში მონაწილეობა განაგრძო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×