თამარ ოყუჯავა
11.11.2026

იტალიის 300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ დაიწყო ათასობით მოსწავლისა და პედაგოგის ევაკუაცია. ხანძარსაწინააღმდეგო და პოლიციის ჯგუფებმა ტერიტორიები დეტალურად შეამოწმეს, თუმცა, არცერთ ობიექტზე რეალური საფრთხე და ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩენილა, რამაც დაადასტურა, რომ საქმე ფართომასშტაბიან ცრუ განგაშთან იყო დაკავშირებული.

მომხდარ ინციდენტს იტალიის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. იტალიის განათლების მინისტრმა, ჯუზეპე ვალდიტარამ საზოგადოება დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ყველა მოსწავლე უსაფრთხო ადგილას, მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ იყო გადაყვანილი.

„სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. საფრთხის მასშტაბი და სამიზნეების დიდი რაოდენობა თავადვე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დაბალია ამ მუქარის სანდოობა. ყველა მოსწავლე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი." - განაცხადა ვალდიტარამ.

თავის მხრივ, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ხაზი გაუსვა მომხდარის სტრატეგიულ ხასიათს.

„ეს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც უკვე სრულიად ნათელია: შიშის დათესვა და განგაშის გამოწვევა. ეს ყოველთვის უცხო ქვეყნების ან მტრულად განწყობილი ძალების ნახელავი არ არის. არსებობენ ისეთებიც, ვისაც ყურადღების მიქცევა სურს, ან უბრალოდ გონებაარეულები, რომლებიც ასეთ დროს მოუთმენლად ელიან შესაძლებლობას, ქალაქსა თუ რეგიონში პანიკა და შიში დათესონ." - განაცხადა კროზეტომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრონულ წერილს ხელს აწერს პირი ან ჯგუფი სახელით „მიხაილ ანდროპოვი", რომელიც საკუთარ თავს „მიზოგინისტანის ვილაიეთის ლიდერს" უწოდებს. აღნიშნული სახელი ევროპისთვის უკვე ნაცნობია, რადგან გასულ კვირას სწორედ „მიხაილ ანდროპოვის" სახელით გაგზავნილმა ცრუ შეტყობინებებმა გამოიწვია ევაკუაციები ირლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ბულგარულ ნოვა ტვ-ში.

გარდა ამისა, ამავე ფსევდონიმს უკავშირდება ევროპის საჰაერო სივრცეში განხორციელებული ცრუ განგაშები, რის გამოც 27-ზე მეტ სამგზავრო თვითმფრინავს მარშრუტის შეცვლა ან გამცილებელი სამხედრო ავია-გამანადგურებლების ჰაერში აფრენა დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცრუ შეტყობინებები იმავე დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის, შოტლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის ასობით სკოლაშიც დაფიქსირდა, თუმცა ეს შეტყობინებები მალევე მიიჩნიეს ყალბად და მათ სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლიათ.

ევროპაში ეჭვობენ, რომ შესაძლოა, აღნიშნულის უკან რუსეთი ან ირანი იდგეს. საფრანგეთმა სამშაბათს დაიბარა ირანის ელჩი მას შემდეგ, რაც თეირანი გასულ კვირას ასობით სუპერმარკეტში მაცივრების გათიშვაში დაადანაშაულა. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და დასავლეთს ადანაშაულებს ცილისწამების კამპანიის წარმოებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×