
„ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს, ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გააფორმოს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, ამაზე მიუთითებს ყველაფერი, მათ შორის პროცედურული საკითხები.
„სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი არათუ არ დააკმაყოფილა, არამედ უხეშად დაარღვია მოპასუხე მხარის უფლებები. ეს პროცესი ერთი ხელით იმართება – „ჩორჩანას საქმე“, გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე დაჩქარებული წესით განიხილეს და პროცესები შუა ღამემდე გაგრძელდა იმ ერთადერთი მიზნით, რომ ჩორჩანას საქმის გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოუსწროს. ეს ადასტურებს, რომ არის ერთი ხელით მართული პროცესი და არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სხვა გადაწყვეტილება დადგება“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის თაობაზე პროცესი განახლდა.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.