
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, მსხვერპლის სტატუსზე, ევროპაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების პრაქტიკასა და IRI-ის კვლევის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა.
გორდულაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროპის მასშტაბით დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს არა მხოლოდ ის, თუ როგორ აფასებენ პოლიტიკური პარტიები საკუთარ მდგომარეობას, არამედ ისიც, რას აკეთებენ ისინი ამჟამად.
„რაც შეეხება მსხვერპლის სტატუსს, მიენიჭა თუ არა მსხვერპლის სტატუსი, მაგალითად, "ჰერი ბატასუნა და ბატასუნა" ან „რეფაჰის პარტიას“ ან სხვა პარტიას? ევროპის მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა საქმიანობა ან შეუჩერდა პოლიტიკური საქმიანობა. იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლები? შესაძლოა, ამ გადმოსახედიდან თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა. ეს მათი შეხედულებაა და ჩვენ მათი აზრის თავისუფლებას ვერ შევაფასებთ, თუმცა გამოხატვის ფორმებზე მსჯელობა შეგვიძლია.
რაც შეეხება მათ რეიტინგებს და იმას, რამდენად ასახავს IRI-ის კვლევა მათ რეიტინგებს, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, თითქოს ამ კვლევის შესახებ არაფერი სმენოდათ, ასეთი კვლევა არ არსებობდა და ბუნებაში არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული იყო. ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით კომენტარი. მნიშვნელოვანია, რა პრინციპითა და მეთოდოლოგიით ჩატარდა ეს კვლევა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ავტორი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და არ ავრცელებს. მთავარი საკითხი, მათ შორის, ისიც არის, თუ რას აკეთებენ ახლა ეს პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა გორდულაძემ.