
ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში რუსეთის არქტიკული „იამალის“ პროექტიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად დაახლოებით 8,7 მილიარდი ევრო გადაიხადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ევროკავშირის მიერ წელს „იამალის“ თხევადი გაზის შესაძენად გადახდილი თანხა უკვე 20%-ზე მეტით აღემატება 2025 წლის განმავლობაში გადახდილ მთლიან თანხას.
ეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ რუსული გაზის იმპორტზე სრული აკრძალვის ამოქმედებამდე ორ თვეზე ნაკლები ხნით ადრე ვრცელდება. აკრძალვა ევროპის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და კრემლის სამხედრო შემოსავლების შეზღუდვის პოლიტიკის ნაწილია.
უკრაინული მედიის ცნობით, ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნებმა „იამალის“ პროექტიდან 705 591 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინეს, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე 11%-ით ნაკლებია. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია Urgewald-ის განმარტებით, ფასების ზრდის გამო, შესყიდვებზე გაწეული ხარჯები წინა თვესთან შედარებით, პირიქით, 2,6%-ით გაიზარდა.
ოქტომბერში რუსული თხევადი გაზის მთავარი მიმღები საფრანგეთი იყო. მასზე ევროკავშირის ქვეყნების მიერ განხორციელებული შესყიდვების 70% მოდიოდა. საფრანგეთის პორტებში გაზით დატვირთული შვიდი ტანკერი შევიდა, ესპანეთში - ორი, ნიდერლანდებში კი ერთი.
მიუხედავად იმისა, რომ ბელგია ტრადიციულად რუსული თხევადი გაზის ერთ-ერთი მსხვილი მყიდველია, Urgewald-ის ინფორმაციით, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით ქვეყნის ზეებრუგეს ტერმინალში რუსული გაზის არცერთი პარტია არ მიუღიათ.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებით, სექტემბერში ევროკავშირში რუსული თხევადი გაზის იმპორტი აგვისტოს რეკორდულად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით, ერთი თვის განმავლობაში 60%-ით გაიზარდა.
CREA-ს ინფორმაციით, რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის მოახლოების მიუხედავად, ევროკავშირი კვლავ რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილეს მყიდველად რჩება და ქვეყნის ექსპორტის თითქმის ნახევარს იძენს.
„ევროპის ბაზარზე წვდომის დაკარგვა შესაძლოა დამანგრეველი დარტყმა აღმოჩნდეს პუტინის ფლაგმანური არქტიკული გაზის ინდუსტრიისთვის. უფრო ხანგრძლივი საზღვაო მარშრუტები, ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები და შემცირებული მოგება რუსეთს ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა Urgewald-ის სანქციების მიმართულების წარმომადგენელმა სებასტიან რეტერსმა.