
ოპოზიციურ სპექტრში კვლავ აქტიურდება გაერთიანების აუცილებლობაზე საუბარი. პოლიტიკური ძალებისგან სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რომ პარტიებმა ვიწრო პარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ, „პარტიული ნაჭუჭებიდან" გამოვიდნენ და საერთო მოქმედების საჭიროება და აუცილებლობა გააცნობიერონ.
ამ მოწოდებების ფონზე კი კვლავ ღიად რჩება კითხვა, რამდენად რეალურია ოპოზიციური ძალების ერთიანობა და რა უნდა გახდეს მათი გამაერთიანებელი?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის სურვილი ოპოზიციური ძალების გასაერთიანებლად საკმარისი არ არის. მისი შეფასებით, ოპოზიციას არ გააჩნია ქვეყნის მართვის ერთიანი ხედვა და საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც მათ საერთო პლატფორმას შეუქმნიდა. საყვარელიძე ასეთ კონცეპტუალურ ხედვას უფრო ახალი პოლიტიკური ძალებისგან ელოდება.
- რამაზ საყვარელიძე: „ნაჭუჭებიდან რომ გამოხვიდე, მერე სადღაც უნდა შეხვიდე და ეს სადღაც უნდა იყოს კონცეფცია, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს გააერთიანებდა. არც მგონია, რომ ამ ძალებმა ეგ პერსპექტივა შემოგვთავაზონ"
„არა მგონია ეს მოხდეს, რადგან, გარდა იმისა, რომ ნაჭუჭიდან გამოვიდნენ, ალბათ ისიც უნდა თქვას, ვინც ამ პოზიციას დაიკავებს, სად უნდა შევიდეს და რა უნდა ქნას. მხოლოდ ასეთი მოწოდება, რომ გაერთიანდნენ, საკმარისი არაა. რომ გაერთიანდნენ, რა, ხელი ხელს ჩაჰკიდონ, სუფრა გაშალონ, თუ ერთად რა უნდა ქნან?
„აი, ასეთი გამაერთიანებელი იდეოლოგია, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის და "ოცნების" ხელისუფლება გადააგდონ, მოიშორონ, აჯობონ, რა დაერქმევა სულერთია - აი, ამ პუნქტის გარდა სხვა არაფერი აერთიანებთ. მათ თუ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის პრეტენზია აქვთ და პარტიები ჰქვიათ, ქვეყნის მართვის კონცეფცია უნდა ჰქონდეთ - საით წაიყვანენ ქვეყანას და ა.შ. საშინაო და საგარეო პოლიტიკური კონცეფციის არცერთი ნიშანი ოპოზიციას არ ეტყობა.
„ნაჭუჭებიდან რომ გამოხვიდე, მერე სადღაც უნდა შეხვიდე და ეს სადღაც უნდა იყოს კონცეფცია, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს გააერთიანებდა. არც მგონია, რომ ამ ძალებმა ეგ პერსპექტივა შემოგვთავაზონ თუნდაც იმიტომ, რომ 14 წელია არსებობენ და მაგ მხრივ არაფერი არ უთქვამთ - რას აპირებენ და როგორ ხედავენ მომავალს.
„ახალი პარტიები გაჩნდებიან და იქ უფრო ველოდები ასეთ კონცეპტუალურ განცხადებას. დავუშვათ ნეიტრალიტეტი - თვითონ პარტიის დასახელებაშიც ჩანს კონცეფცია. ეს ოპოზიციური პარტიები კი ერთადრეთი მხოლოდ იმაზე მსჯელობენ - ივანიშვილს ჯობს სათავეში თუ სააკაშვილი",- განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პარტიები პირად ამბიციებს გვერდით გადადებენ, მაშინ „პარტიული ნაჭუჭიდან" გამოსვლასაც შეძლებენ.
- ნიკა ჩიტაძე: „პროდასავლურმა პარტიებმა კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ და თუ პირად ამბიციებს დაძლევენ, ბუნებრივია შესაძლებელი იქნება(„პარტიული ნაჭუჭებიდან" გამოსვლა)"
„საერთო ჯამში, პროდასავლურმა პარტიებმა კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ და თუ პირად ამბიციებს დაძლევენ, ბუნებრივია შესაძლებელი იქნება. შეიძლება პარტიების ძირითადმა ნაწილმა პირადი ამბიციები გადადოს. იმედია, დანარჩენი ნაწილიც ამ ნიშიდან გამოვა.
„ქართული ოცნება" შეეცდება, პარტიებს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს, მაგალითად მიტინგების და დემონსტრაციების ორგანიზება, ან ტელეგადაცემებში მისვლა, თუმცა მაინც მგონია, რომ მაინც მზად არიან ბრძოლისთვის."
ჩიტაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც გარკვეული გარდამტეხი მომენტი დგებოდა, პარტიები პირად ამბიციებს გვერდზე გადადებდნენ და ერთად დგებოდნენ და ახლაც ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ პარტიები იგივეს შეეცდებიან.
„პარტიული ნაჭუჭებიდან გამოვიდეთ"
„ჯერ საქართველოს" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსთან"განაცხადა, რომ „ჩვენ ახლა ისეთ ნეგატიურ ფენომენთან გვაქვს საქმე, რომელიც იქნება დაუნდობელი ყველას მიმართ".
„ქართულ ოცნებას" ევალება მეტი გუნდურობა, მეტი თანამონაწილეობა, ერთმანეთის მეტად დაფასება და პატივისცემა. ასე მგონია, რომ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები დღესაც მოლოდინში არიან, ეს ვითარება რომ გადაივლის, ისინი დარჩებიან სამშვიდობოს და შესაბამისად, მოსუფთავებული ველის ფონზე შეძლებენ უფრო მეტად საკუთარი დივიდენდების მიღებას. ეს არის აბსოლუტურად მცდარი პოზიცია, ჩვენ ახლა ისეთ ნეგატიურ ფენომენთან გვაქვს საქმე, რომელიც იქნება დაუნდობელი ყველას მიმართ მიუხედავად იმისა, ტრადიციული პარტიაა თუ ახლად შემოსული. თამასა გაცილებით უფრო მეტია და გადის იმაზე, რომ დადუმდეს ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობა, მოიშალოს ჩვენი ნებისმიერი განაცხადის პერსპექტიულობა. სწორედ ასეთი თამასა განაპირობებს იმას, რომ პარტიული ნაჭუჭებიდან გამოვიდეთ და გავიაზროთ, რომ ან ერთად ვიმარჯვებთ, ან ყველანი ერთად ვმარცხდებით."
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების" სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს იქნება „ღია წაქეზება, რომ ყველაფერი მოსულა, ყველაფერი დასაშვებია".
„საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დადებითად უპასუხოს ასეთი დასაბუთებულობის სარჩელს, ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია ნებისმიერ დონეზე სამართლებრივი ნორმების გათელვისა, დაწყებული მარტივი საგამოძიებო წარმოებით, გაგრძელებული სამოქალაქო სამართალწარმოებით, გაგრძელებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებით. ეს იქნება ღია წაქეზება, რომ ყველაფერი მოსულა ყველაფერი დასაშვებია. საკითხის დამორჩილება პოლიტიკური საჭიროებისადმი, ეს არის აბსოლუტურად ახალი, ნორმალიზებული ვითარება. გვაგუებენ, რომ ყოველი ასეთი ანომალია გარკვეული დროის შემდეგ ნორმალურ მოვლენად დამკვიდრდეს, ამ პროცესს ბოლო არ უჩანს", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.