ნატალია ჯვარიძე
12.11.2026

პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვნებათაღელვა მოჰყვა მიტროპოლიტ იობის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლების შესაძლებლობების ამოწურვაზე ისაუბრა. ამ პოზიციამ საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მხრიდან შეფასებები გამოიწვია - მმართველმა გუნდმა ის „რეალობას აცდენილად" მიიჩნია, ხოლო ოპოზიციურმა სპექტრმა კრიტიკული პოზიცია სრულად მოიწონა.

10 ნოემბერს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა". მეუფე ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ", და რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.

შეფასებები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკის გამო, მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება და ამბობს, რომ „საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი".

„აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე", - განაცხადა დეკანოზმა.

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი წერს, „ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება საღვთო მადლს".

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს სათამაშო ბიზნესისა და ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების გამო არსებულ პრობლემას, რომელმაც ახალგაზრდა თაობაში უმძიმესი შედეგები გამოიწვია. მეუფე ილარიონი დემოგრაფიულ და საემიგრაციო პოლიტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის განცხადებაზე ამბობს: „გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასეთ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამისთვის იყენებს ამბიონს, მით უმეტეს, როდესაც ეს განცხადებები არის რეალობას აცდენილი".

  • მეუფე იობის თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.

„საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად დედა ეკლესიის მიმართ და შესაბამისად, თუ რაიმე საკითხი არსებობს, ან რაიმე შეკითხვები არსებობს, ყოველთვის ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში ვართ მიჩვეულები საუბარს და ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაეცეს ძალიან ამომწურავი პასუხი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, სანამ ასეთი მცდარი პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება, უპრიანი იქნება, რომ ჯერ მოხდეს კონსულტაციები საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა მაჭავარიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მიტროპოლიტი იობი ენმ-ის მხარდამჭერი არ არის.

„არ არის „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, იგი სულ აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა ახლა მას ძალიან კარგი განცხადება გაუკეთებია. „ქართული ოცნების" პროპაგანდისტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მეუფემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, არარელევანტურია. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელი და შემდგომი წლები, სადაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას სამღვდელოების, საპატრიარქოს მხარდაჭერა ჰქონდა. ეს გასაგებია, რატომ და რის გამო ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორც ერი ხედავს, ამ ხელისუფლების ავაზაკობას, ამ ხელისუფლების რუსეთის ნარატივებით მმართველობას, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების ღალატს - ამას ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა."

ლევან ხაბეიშვილი კი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ მეუფე იობს ეთანხმება და ბიძინა ივანიშვილი ქართველ ერს „ამცირებს და აპატარავებს".

„ივანიშვილი გვამცირებს, გვაპატარავებს! პირდაპირი მნიშვნელობით გვაცოტავებს. მუდმივად გვიმეორებენ, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ... არავინ არ ვართ, რუკაზე არ ვჩანვართ, ცოტანი ვართ და ასე შემდეგ! რეალურად, უდიდესი ერი ვართ და ჩვენი დონის, დროის, ისტორიით თითზე ჩამოსათვლელი თუ დაიკვეხნის. არც ცოტანი ვართ! არანაირი 3 მილიონი და მცირე არ ვართ!" - წერს ხაბეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×