თამარ ოყუჯავა
12.11.2026

კავკასიური ეთიკა და რეგიონული სოლიდარობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კავკასიელი ხალხების იდენტობისა და ურთიერთპატივისცემის მთავარ საყრდენად მიიჩნეოდა, თანამედროვე რეალობაში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რა დარჩა ტრადიციული კავკასიური ღირებულებებისგან.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, კავკასიური ეთიკა, რომელიც საბჭოთა პერიოდში რუსეთისგან თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი იყო, იმპერიის დაშლისა და შიდაკავკასიური ომების ფონზე გაქრა. მისი თქმით, ტრადიციული კავკასიური ღირებულებები და ურთიერთპატივისცემა დღეს აღარ მოქმედებს და წინა პლანზე ვიწრო, პირადული ინტერესები გადმოდის.

„კავკასიელ ხალხებში ქართველების მიმართ სიმპათიები ყოველთვის არსებობდა. როცა რუსეთში მიწევდა საბჭოთა კავშირის დროს ყოფნა, პირადად შევსწრებივარ, თუ ვიღაც კავკასიელი გამოჩნდებოდა, პირველი კითხვა იყო - ქართველი ხომ არ ხარ? ანუ ქართველობა უპირატესობად ითვლებოდა. სხვათა შორის, არა მარტო ქართველების მიმართ, არამედ ზოგადად კავკასიელები ერთმანეთს პატივს სცემდნენ და არსებობდა რაღაც კავკასიური ეთიკის კოდექსი. თუმცა ისიც ფაქტია, ეს სიმპათიები საქართველოს მიმართ გაქრა აფხაზეთში ომის შემდეგ.

„კავკასიური დამოკიდებულება, მგონი, უფრო მეტად იმპერიის დროს იქნა შემუშავებული, რადგან ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი იყო. ჩვენ ვიყავით ქართველები, და ქართველების გარდა ვიყავით კავკასიელები; ვიღაცები იყვნენ სომხები, და ისინიც სომხების გარდა იყვნენ კავკასიელები. ანუ კავკასიელობა იყო რუსეთისგან თავის დაცვის მექანიზმი. მას შემდეგ, რაც მოიშალა ჯერ რუსეთის იმპერია, შემდეგ კი საბჭოთა იმპერია, იდენტობის ეს სარტყელი აღარ იყო აუცილებელი. მით უმეტეს, შიდაკავკასიურმა ომებმა მოახდინა ამ კავკასიური ღირებულებებისა და იდენტობების ეროზია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კავკასიური ეთიკის ნორმები აღარ არის ანგარიშგასაწევი და რაღაც პირადული წინ გამოდის", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგის თქმით, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში კავკასიელების მიმართ ისედაც არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ისინი ირაციონალური და კონფლიქტური ხალხია, თუმცა რეგიონის რეპუტაციას ყველაზე მეტად მაინც მასშტაბური ომები აზიანებს.

„კავკასიელების დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთში. ბევრისთვის კავკასიელები ველური ხალხია, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, ჩხუბობენ და მსგავსი. მათი ხედვით, ირაციონალურები არიან კავკასიელები: ძალიან მეგობრობენ და უცებ შეიძლება ერთმანეთს ეჩხუბონ. დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვთ აღმოსავლეთ ევროპაშიც. სომხურ-აზერბაიჯანული, რუსულ-ქართული თუ სხვა ომები, რაც კავკასიაში ხშირია, უფრო მეტად აზიანებს რეგიონის რეპუტაციას, ვიდრე ცალკეული შემთხვევები."

აბუ-დაბის ინციდენტი

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სწორედ ამ ღირებულებითი კრიზისისა და ეთიკური ნორმების მოშლის დასტურია აბუ-დაბიში, სასტუმრო „იას ჰილტონის" ფოიეში მომხდარი დაპირისპირება. მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც დვალიშვილი 14 ნოემბერს დაგეგმილი რაფ-ის ჭიდაობის ტურნირის წინ ინტერვიუს წერდა. ფართოდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა ქართველ მებრძოლს ზურგიდან მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც უსმანმა მას სახეში ხელი გაარტყა და ჩხუბი დაიწყო.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „გუშინ რაც მოხდა აბუ-დაბიში, ამის მტკიცებულებაა - ეს არ არის გამონაკლისი. ეს არანაირად არ ჯდება არა მარტო კავკასიურ ეთიკაში, რომელიც უკვე მოცვეთილია, არამედ საერთოდ ადამიანებს შორის ურთიერთობებში."

დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა მისი 21 წლის მეგობარი, ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილიც. მოგვიანებით მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სისხლიანი სახით ვიდეო გამოაქვეყნა, თავდამსხმელებს „გველები" და „მხდალები" უწოდა და განაცხადა, რომ სანამ დაცვას ის ეჭირა, ნურმაგომედოვის გარემოცვა წაქცეულებს წიხლებს ურტყამდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ორივე მხარე პოლიციამ დაკითხა.

„მსგავსი ქმედება კავკასიური ეთიკით ყოვლად გამორიცხული უნდა იყოს. სხვათა შორის, სისხლის აღების წესს, რაც თავისთავად მიუღებელია, თავისი კულტურული ფენომენი გააჩნდა. სასამართლოები არ არსებობდა და ამიტომ ხალხი ამ მეთოდს მიმართავდა. მაგრამ დღეს უკვე სხვა რეალობაა. გუშინ რაც მოხდა აბუ-დაბიში, ამის მტკიცებულებაა - ეს არ არის გამონაკლისი. ეს არანაირად არ ჯდება არა მარტო კავკასიურ ეთიკაში, რომელიც უკვე მოცვეთილია, არამედ საერთოდ ადამიანებს შორის ურთიერთობებში. ეს არ არის არც მისაღები და არც ამის ახსნა შეიძლება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგის დაკვირვებით, ჩრდილოკავკასიურ ტელეგრამ-არხებში მომხდარის მიმართ აზრი ორად გაიყო: ნაწილი ფაქტს ცალსახად გმობს, ნაწილი კი ცდილობს ინციდენტი იმით გაამართლოს, რომ კონფლიქტი აქამდე არ უნდა მისულიყო.

„რაც წავიკითხე ტელეგრამ-არხებში, ზოგადი კონცეფცია არის ის, რომ ეს არ უნდა დაშვებულიყო, მაგრამ რაღაც მიზეზებმა გამოიწვია. ვისაც უნდა გაამართლოს, პირდაპირ არ ამბობს, რომ ეს კარგია, მაგრამ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. მოსალოდნელია, თვითონ ამ სპორტის ფედერაციისთვისაც იყოს ეს ინციდენტი დამაფიქრებელი."

მომხდარს მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ქართველმა მებრძოლებმა და გულშემატკივრებმა მომხდარი არასპორტულ და ლაჩრულ საქციელად შეაფასეს.

„არსებული ინფორმაციით, უსმანი დააკავეს იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან იყო. და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ხროვა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უბრალოდ უღიმღამო ადამიანები იყავით, ახლა კი ყველანაირი ეჭვი გააქარწყლეთ. ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა არ არის სიტყვები, რომლებსაც ქადაგებ - ეს არის ღირებულებები, რომლებითაც ცხოვრობ და თქვენ მათგან არცერთი არ გამოგივლენიათ", - ამ პოსტით გამოეხმაურა მომხდარს ილია თოფურია.

ინციდენტს ირონიული პოსტით უპასუხა ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმაც. მან თავისი ცნობილი ავტობუსზე თავდასხმის ფოტო დაამუშავა, საკუთარი სახე ილია თოფურიას სახით ჩაანაცვლა და ამ ფორმით გამოეხმაურა დაღესტნელ მებრძოლებთან დაკავშირებულ მორიგ სკანდალს.

დაღესტნელების საქციელი დაგმეს სხვა ცნობილმა მებრძოლებმა, მათ შორის შონ სტრიკლენდმა, ალექს ჰერნანდესმა და შონ ომალიმ. უსმანს და მის ამალას მხოლოდ მათივე თანამემამულე ისლამ მახაჩევი გამოექომაგა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×