
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავი დაიძვრინოს. ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, რომ გაკვირვებული ვართ. თურმე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი არაფერს წარმოადგენდა, არც ადეიშვილი, არც ვანო მერაბიშვილი. არ გამიკვირდება, სააკაშვილს მითიურ პერსონაჟად თუ გამოაცხადებენ და იტყვიან, ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს, მითიური პერსონაჟი არისო, - ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამას ხომ ყველა უყურებს და საკონსტიტუციოს მოსამართლეებიც ისმენენ. დეპუტატი აცხადებს, რომ როგორ შეიძლება, მათი ნათქვამი მოსამართლემ სერიოზულად აღიქვას.
„ყველაზე ცუდი ისაა, რომ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ. ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. წითლიძემ საგამოძიებო კომისიის რაღაც ჩვენება აიჩემა და თქვა, დამაჯერებელი არ არისო. სასამართლოს მიერ დადასტურებული ათობით სისხლის სამართლის განაჩენი რომ დევს, იმას რას უშვება და რას ამბობ? გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგი წერდა, რომ გამაოგნებელი იყო როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ და გამოძიებაში შეთქმულებას აწარმოებდნენ. ამათმა პრეზიდენტი არაფერ შუაში იყოო. არადა, სტრასბურგის უამრავ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომ ეს იყო სისტემატური დანაშაული. ეს არ არის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნახსენები. გინდათ, ამ ყველაფერს ამნეზია დაარქვით და რაც გინდათ, ის. ფაქტია, რომ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, არც შეიძლება, ჰქონდეთ. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, დაგვენახა, სინანულია. ასე მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ზედმეტი მომივიდა, შემეშალა, ეთქვათ. მსგავს ვერაფერს დაინახავთ და მოისმენთ. ეს ეს ხალხი თუ პოლიტიკაში დარჩა, ამას გაიმეორებენ. ადამიანს, რომელსაც თავისი დანაშაული არ ესმის, ის ამას აუცილებლად გაიმეორებს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.