რეზონანსი
13.11.2026

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.

თუმცა სხდომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოსამართლეს შუამდგომლობის დაყენების თხოვნით მიმართეს. მათი შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებას ეხება.

„მოთხოვნა ეფუძნება სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე“, - განაცხადა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, კითხვა-პასუხის ეტაპი სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×