თამთა ჩაჩანიძე
13.11.2026

დუბლინში, სადაც პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო და ევროპელ ლიდერებთან ერთად ერთობლივ ფოტოზეც გამოჩნდა, საქართველომ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ერთიან პოზიციას ადასტურებს.

სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა იმ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია და ქვეყნის ევროპული კურსის საკითხი პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ევროპელ ლიდერებთან ერთად გადაღებული საერთო ფოტო გარკვეულწილად ეწინააღმდეგება იმ გზავნილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევრონიუსის ჟურნალისტისგან მოვისმინეთ და აჩვენებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ მონაწილეობს ევროპულ პოლიტიკურ ფორმატებში. მეორე ნაწილის აზრით კი, მსგავსი ვიზიტები და შეხვედრები დასავლეთის დამოკიდებულების ცვლილებაზე არ მიუთითებს, რადგან ევროპა საქართველოსთან ურთიერთობების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებას ცდილობს, „ქართული ოცნება" კი ამ შესაძლებლობას საკუთარი ამომრჩევლის დასარწმუნებლად იყენებს, რომ ევროპასთან კავშირი ბოლომდე გაწყვეტილი არ არის.

რა ხდებოდა დუბლინში

ირაკლი კობახიძემ დუბლინში 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღო მონაწილეობა. 11 ნოემბერს კობახიძე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დისკუსიაზე - „საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში". მან ისაუბრა საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე, ევროპაში მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებასა და მათი გაუმჯობესების სურვილზე. კობახიძის განცხადებით, საქართველო და სამხრეთ კავკასია ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სამიტის ფარგლებში, კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

12 ნოემბერს კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო და მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა", სადაც ძირითადი თემები იყო - ევროპის უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომი, ჰიბრიდული საფრთხეები, ევროპის თავდაცვა და რეგიონული სტაბილურობა. სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა და ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს.

40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ხელმომწერი სახელმწიფოები ასევე ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მათ ერთგულებას უკრაინისადმი და მათ მტკიცე გადაწყვეტილებას და რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ევროპის სტრატეგიული სტაბილურობის სამომავლო განვითარება უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

დეკლარაციას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინის, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგიაა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.

სურთ თუ არა კობახიძესთან ფოტოს გადაღება ევროპელ ლიდერებს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გადაღებულ საერთო ფოტოს აზიარებს, რომელზეც ევროპელ ლიდერებთან ერთად ირაკლი კობახიძეც არის. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ფოტო სწორედ „ევრონიუსის" ვებგვერდიდანაა, იმ მედიასაშუალებიდან, რომლის ჟურნალისტმაც რამდენიმე დღის წინ კობახიძეს უთხრა, რომ ევროპის ბევრ ლიდერს მასთან ფოტოს გადაღება არ სურს.

  • ზაალ ანჯაფარიძე „საინტერესოა ახლა რას იტყვის („ევრონიუსის" ჟურნალისტი)"

„ეს ფოტო სწორედ „ევრონიუსის" საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ ევრონიუსი-ს (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურთო. საინტერესოა ეხლა რას იტყვის...."- წერს აჯაფარიძე.

„რეზონანსთან" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა და დასავლელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების ცვლილებაზე არ მიუთითებს. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს, საქართველოსთან ურთიერთობები მინიმალურ დონეზე მაინც შეინარჩუნოს, „ქართული ოცნება" კი მსგავს ვიზიტებს ამომრჩევლისთვის დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნების დემონსტრირებისთვის იყენებს.

„ქართული ოცნების" პოლიტიკა მათთვის რომ მიუღებელია ეს ყველგან და ყველაფერში ჩანს, ის, რომ მას ასეთ სამიტებზე იწვევენ, აქვს შეხვედრები და ა.შ. სულაც არ ნიშნავს, რომ ურთიერთობებში რაღაც გარღვევაა და დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების მიმართ რაღაც დადებითისკენ შეიცვალა. კალასის განცხადებით, მინისტერიალი იანვარში შეიკრიბება და იქ უფრო ღრმა და საფუძვლიანი განხილვა იქნება იმისა, თუ რა პროცესები მიდის საქართველოში და შემდგომ ალბათ ზომებზეც იქნება ლაპარაკი.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „დასავლეთი ცდილობს, რომ ხიდები ბოლომდე არ დაწვას და რაღაც მინიმალურზე დაბალ ნიშნულზე საქართველოსთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. „ქართული ოცნება" კი ცდილობს პირველ რიგში თავისი ამომრჩეველი დარწმუნოს, რომ ევროპასთან კავშირი მთლად გაწყვეტილი არაა"

„მანამდე კი, რა თქმა უნდა, დასავლეთი ცდილობს, რომ ხიდები ბოლომდე არ დაწვას და რაღაც მინიმალურზე დაბალ ნიშნულზე საქართველოსთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. „ქართულ ოცნებას" კი არ შეუძლია საკუთარი მიზნების შესახებ ღიად განაცხადოს და მუდმივად ცდილობს, რომ რაღაც ღირებულებებზე ილაპარაკოს. „ოცნება" ევროპულ ღირებულებებზე ლაპარაკობს და ევროპელებმა ეს ღირებულებები არ იციან - რაღაც აბსურდული ლოგიკაა, მაგრამ გათვლა აქვს ასეთი, რომ იქნებ რაღაც შეიცვალოს და იქნებ რაღაცა მაინც პროპაგანდამ გამოიყენოს იმისთვის, რომ პირველ რიგში თავისი ამომრჩეველი დარწმუნოს. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველმა იფიქროს, რომ ევროპასთან კავშირი მთლად გაწყვეტილი არაა - ამის დემონსტრირება ხდება.

„ამიტომ წყობს „ოცნებას" ეს ვიზიტები, თორემ არ მგონია, რომ კობახიძეს ასეთ გარემოში ვიზიტი ძალიან უხაროდეს, რაც იქ მას ხვდება. როცა მეტ-ნაკლებად ყველა თავს გარიდებს და უხერხული მდგომარეობაა... არ მგონია ასეთ გარემოში ვიზიტი უხაროდეს, თუმცა მას სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს",- განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×